პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულებულ ჭაბუკა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 62 ქულით რუსეთისა (69) და აზერბაიჯანის (65) გუნდების კვალად მესამე ადგილი დაიკავა.
ქართული დელეგაციისთვის უფრო ხვავრიელი ტურნირის პირველი დღე აღმოჩნდა, როდესაც ხალიჩაზე გასული ხუთი მოჭიდავიდან ოთხმა მედლის მოპოვება შეძლო. 85 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი კუკური კირცხალიამ დაისაკუთრა, ბრინჯაოები კი რამაზ ზოიძეს (42 კგ.), ედნარ შავაძესა (50 კგ.) და შმაგი ბოლქვაძეს (58 კგ.) ერგოთ.
კვირას კვარცხლებკზე მხოლოდ ლაშა გობაძე (76 კგ.) შედგა, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა რუს მუხამედ კოგოტიჟევთან დათმო, არადა პირველი პერიოდში იგი 6:0 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვაჟა კრავეიშვილს ვარშავაში კიდევ ხუთი მოჭიდავე ჰყავდა წაყვანილი, თუმცა, ბაკურ გოგოლი (46 კგ.), გიორგი ტოტიკაშვილი (54 კგ.), გიორგი თოიძე (63 კგ.), შალვა ხაჩიძე (69 კგ.) და ბაკურ კანდელაკი (100 კგ.) უმედლოდ დარჩნენ.