თბილისის “დინამოს” მარჯვენა მცველმა დავით ხურცილავამ, რომლის ახალ გუნდში დებიუტი ოფიციალურ მატჩში, ფარერებზე “სტრეიმურთან” შედგა, კლუბის ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ სასტარტოში გამწესებას არ ელოდა.
“დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება თუ მომიწევდა, არ ველოდი. მინდორზე გასვლის წინ, მწვრთნელს განსაკუთრებული მითითებები არ მოუცია. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებების შესრულება შევძელით და შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ”, – აღნიშნა ხურცილავამ.
მაკედონიელი მარცხენა მცველი დარკო გლიშიჩი კი, რომელმაც განვლილი მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, გატანილმა გოლმა გაახარა:
“კარგად ვითამაშეთ. სასიამოვნოა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიარა. მიხარია, რომ გოლი გავიტანე. წინ ბევრად რთული შეხვედრები გველის. მომდევნო ეტაპზე ბუქარესტის “სტიაუას” დავუპირისპირდებით. “სტიაუა” კარგი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია. მომდევნო ეტაპისთვის სათანადოდ მოვემზადებით. თითოეული ჩვენგანი, მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს. ვფიქრობ, წინ ორი საინტერესო თამაში გველის”.
ბადრი კეთილაძის ფოტო