ჭადრაკი

23:14 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძემ საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა

 

დასრულდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 16000 ლარს შეადგენდა და ეს თანხა I-V ადგილებზე გასულ სპორტსმენებზე გადანაწილდა.

პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა. ჩემპიონი ორი ნინოს - ხურციძისა და ბაციაშვილის - შეხვედრას უნდა დაესახელებინა. ბოლო ტურის წინ ხურციძეს 8 ქულა ჰქონდა და მე-2 ადგილზე მყოფ ბაციაშვილს ნახევარი ქულით უსწრებდა. აღნიშნულ მოჭადრაკეებს III-IV ადგილებზე მყოფი მაია ლომინეიშვილი და სალომე მელია თითო ქულით ჩამორჩებოდნენ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხურციძეს ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნიდა, ხოლო ბაციაშვილს ოქროს მედლის მოსაპოვებლად აუცილებლად უნდა მოეგო. ხურციძემ შეძლო სასურველი ნახევარი ქულის მოპოვება და ოქროს მედალთან ერთად, 5000 ლარი, ეროვნულ ნაკრებში, ევროპის ქალთა ინდივიდუალურ და საქართველოს 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვა.

ხურციძე პირველი ადგილის მოპოვების მთავარი პრედენდენტი იყო, მას ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა - 2428 ქულა. აღსანიშნავია, რომ ხურციძე საქართველოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა და როგორც საკუთარი, ისე მაია ლომინეიშვილის რეკორდი გააუმჯობესა (აღსანიშნავია, რომ ხურციძემ ერთხელ, 1998 წელს, საქართველოს ჩემპიონი გახდა ვაჟთა შორის).

ის ერთადერთი მოჭადრაკეა, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად განვლო.

რაც შეეხება ვიცეჩემპიონ ბაციაშვილს, ვერცხლის მედალთან ერთად, 4000 ლარი, ევროპის ქალთა ინდივიდუალურ და საქართველოს ანალოგიურ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი მაია ლომინეიშვილს და სალომე მელიას ჰქონდა. ლომინეიშვილმა წააგო სოფო გვეტაძესთან და საბოლოოდ მე-5 ადგილითა და 1500 ლარით დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მელიას, მან შეძლო ერთ-ერთი კონკურენტის მაკა ფურცელაძის დამარცხება. ამ გამარჯვებით მელიამ მე-3 ადგილი, ბრინჯაოს მედალი, 3500 ლარი და ქალთა 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვა.

I-III ადგილებზე გასული ხურციძე, ბაციაშვილი და მელია სტიპენდიაზე წარდგებიან.

ბოლოსწინა ტურში აუტსაიდერ ლიკა კობეშავიძესთან დამარცხების შემდეგ, სოფო გურამიშვილმა ამჯერად მეტი მონდომებით ითამაშა ინგა ხურცილავასთან, გაიმარჯვა და მე-4 ადგილთან ერთად 2000 ლარი მიიღო.

დანარჩენ პარტიებში მერი არაბიძემ მოუგო ლიკა კობეშავიძეს, ხოლო ანა კუჭავა და სოფო ხუხაშვილი ყაიმზე შეთახმდნენ.

70-ე ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

I – ნინო ხურციძე (8,5 ქულა)

II – ნინო ბაციაშვილი (8,0)

III – სალომე მელია (7,5)

IV – სოფო გურამიშვილი (6,5)

V – მაია ლომინეიშვილი (6,5)

VI – სოფო გვეტაძე (6,0)

VII – სოფო ხუხაშვილი (5,5)

VIII – მაკა ფურცელაძე (5,5)

IX – ინგა ხურცილავა (5,0)

X – მერი არაბიძე (4,0)

XI – ანა კუჭავა (2,0)

XII – ლიკა კობეშავიძე (1,5)

 

0.162766