ჭადრაკი

21:55 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძემ აუტსაიდერს მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

5 ივნისს მე-9 ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ნინო ხურციძე ბოლო, მე-12 ადგილზე მყოფ ლიკა კობეშავიძეს ეთამაშებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ხურციძემ საკმაოდ იოლად შეძლო აუტსაიდერის დამარცხება და ლიდერობა შეინარჩუნა.

II-IV ადგილებზე მყოფი მოჭადრაკეებიდან მაია ლომინეიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო მელია, რომელიც სოფო გვეტაძეს ეთამაშებოდა, ყაიმს დასჯერდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლა გაირთულა. ბაციაშვილმა, შავებით, საკმაოდ იოლად მოუგო მე-5 ადგილზე მყოფ ინგა ხურცილავას. რაც შეეხება ლომინეიშვილს, მართალია, იგი ერთ-ერთ აუტსაიდერ ანა კუჭავასგან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

დიდ ინტერესს იწვევდა 4,5-4,5 ქულის მქონე სოფო გურამიშვილისა და მაკა ფურცელაძის შეხვედრა. ფურცელაძემ ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო და ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პირველ ხუთეულში მოხვედრის შანსიც საკმაოდ გაირთულა, არადა, თავიდან იგი ლიდერთა შორის იმყოფებოდა.

აღნიშნული ტურის მე-6 პარტიაში თეთრებით მოთამაშე მერი არაბიძემ სოფო ხუხაშვილს მოუგო.

სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ:

I - ხურციძე - 7,0 ქულა

II-III - ბაციაშვილი, ლომინეიშვილი - 6,5-6,5 ქულა

IV - მელია - 6,0 ქულა

V - გურამიშვილი - 5,5 ქულა

VI – ხურცილავა - 5,0

VII-IX - ფურცელაძე, გვეტაძე, ხუხაშვილი - 4,5-4,5 ქულა

X – არაბიძე - 3,0 ქულა

XI – კუჭავა - 1,0 ქულა

XII – კობეშავიძე - 0,5 ქულა

 

მეათე ტურის შეხვედრები:

ბაციაშვილი - ლომინეიშვილი

ხურცილავა - ხურციძე   

ხუხაშვილი - მელია  

კობეშავიძე - გურამიშვილი

ფურცელაძე - არაბიძე

გვეტაძე - კუჭავა  

0.10894