2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მონაგარი ამ უქმეებზე, უნგრეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით ხუციშვილმა (74 კგ) სეზონის უმთავრესი შეჯიბრი წაუგებლად ჩაამთავრეს და ბუდაპეშტის საჭიდაო დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. ლაშა ტალახაძეს (50 კგ)კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ნუგზარ სხირელის გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 49 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან აზერბაიჯანს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. ცნობისთვის, აზერბაიჯანელებს არც ერთ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი არ მოუგიათ.
ხინჩეგაშვილმა საჩემპიონო გზაზე 5 გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, ფავორიტებად მიჩნეულ ყველა კონკურენტს უშუალოდ სძლია. კენჭისყრამ პირდაპირ მეორე წრეში განთესა, სადაც უნგრელ იოზეფ მოლნარს საკმაოდ იოლად აჯობა. ირანელ ბეჰნამ ეშაგ ეჰსანპურს, უკრაინელ იგორ ხავალჯისა და რუს რასულ მაშეზოვს ორ-ორ სეტში მოუმთავრა საქმე. ფინალში კი სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანელი ტოგრულ ასგაროვი დაამარცხა. შეგახსენებთ, ერთი თვის წინ ბულგარულ სამოკოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე დავით ხინჩეგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ასგაროვთან წააგო. ბუდაპეშტში კი ნაცნობ მეტოქეს რევანში აუღო.
დავით ხუციშვილმა (74 კგ) ევროპირველობაც წაუგებლად ჩაამთავრა და მსოფლიოს პირველობაზეც ყველა მეტოქე დაჩაგრა. ფინალამდე კოსტარიკელი ჰერიბერტო სანდი კასტილიო, ჩინელი ლეი ვანგი, ირანელი რიზა აფზალიპაემამი და რუსი არსენ შალაევი ჩამოიცილა. ფინალში კი თურქ სონერ დემირტაშს სძლია.
ლაშა ტალახაძემ (50 კგ) ევროპულ ბრინჯაოს მსოფლიოს ვერცხლი მიამატა. ჩემპიონატში იგი მეორე წრიდან ჩაერთო და ამერიკელი ნიკ რობერტსის ძლევით უმალ მეოთხედფინალში გავიდა. შემდეგ მონღოლ ტუგს ბატიარგალს აჯობა. ნახევარფინალში კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მოლდოველი ანატოლი ბურუიანი დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი მსუბუქწონოსანი რუს ზიკრულა დადაევთან ვეღარას გახდა. ცნობისთვის ტალახაძემ ნაკრებში წლეულს დაიმკვიდრა ადგილი და სადებიუტი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მედლებით აღნიშნა.
კიდევ ერთმა დებიუტანტმა, თენგიზ ჩოჩიშვილმა (60 კგ) სამოკოვში მოპოვებულ ვერცხლს ამჯერად ბრინჯაო შემატა. ძირითად ბადეში კანადელ სკოტ ენტონი ჯოზეფ შილერთან და უკრაინელ სტანისლავ რეუცკისთან გამარჯვებების შემდეგ, მეოთხედფინალში, მომავალმა ჩემპიონმა, რუსმა გაჯი აბდულაევმა შეაჩერა. რეპეშაჟში გადართულმა ჯერ მონღოლ ხას-ერდენე ბიამბადორჟს აჯობა, კვარცხლბეკზე ასვლა კი ჩინელ კატაი იერლანბიკთან მოგებით გაინაღდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, მძიმეწონოსანმა გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) ბუდაპეშტში ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში, თურქ ტაჰა აკგულთან წაგებით დაკარგა. რეპეშაჟში გადართულმა ჯერ იაპონელ ტომოიუკი ოკას აჯობა, “ბრინჯაოს ფინალში” კი ამერიკელ ჯერემი ჯონსონს მოუგო.
სამეულს მიღმა მხოლოდ 3 ქართველი დარჩა. დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და თორნიკე ხიდეშელმა (96 კგ) მსოფლიოს პირველობაზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. მარსაგიშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი აზერბაიჯანელი ილია ხამიკოევი აღმოჩნდა, ხოლო ხიდეშელი ირანელმა არფან მორადალი ამირმა გამოთიშა ბრძოლას.
დავით ტლაშაძე (66 კგ) ძირითად ბადეს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა, მომავალ ჩემპიონთან, რუს ალან გოგაევთან წაგებით. დამამშვიდებელ ეტაპზე კი ინდოელ პარვეენ რანას ვეღარ გასცდა და საბოლოოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.
2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას ჯერ არ დაუსახელებია. ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოცაა და მისცემენ თუ არა თბილისის სპორტის სასახლეს მომავალი სეზონის უმთავრეს ახალგაზრდულ შეჯიბრს, სავარაუდოდ ორ-სამ თვეში გადაწყდება.
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი.
ბუდაპეშტი. 24-25 ივლისი
50 კგ
1 ზიკრულა დადაევი (რუსეთი)
2 ლაშა ტალახაძე (საქართველო)
3 ანატოლი ბურუიანი (მოლდოვა)
3 ნიჯატ მურადოვი (აზერბაიჯანი)
55 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
3 აბდელჰაკიმ იბრაჰიმ ფარაგი (ეგვიპტე)
3 რასულ მაშეზოვი (რუსეთი)
60 კგ
1 გაჯი აბდულაევი (რუსეთი)
2 უმიდ მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 თენგიზ ჩოჩიშვილი (საქართველო)
3 იასუჰირო სუძუკი (იაპონია)
66 კგ
1 ალან გოგაევი (რუსეთი)
2 კოტარო ტანაკა (იაპონია)
3 ანტონ აფანასიეუ (ბელარუსი)
3 მოჰამად ალი იუსეფი კამანგარი (ირანი)
74 კგ
1 დავით ხუციშვილი (საქართველო)
2 სონერ დემიტრაში (თურქეთი)
3 არსენ შალაევი (რუსეთი)
3 იბრაჰიმ იუსიფოვი (აზერბაიჯანი)
84 კგ
1 ანდრეი ვალიევი (რუსეთი)
2 იბრაჰიმ ბოლუკბასი (თურქეთი)
3 სუბხონიონ ტოშპულაროვი (უზბეკეთი)
3 კრის მაიკლ პერი (აშშ)
96 კგ
1 შამილ ახმედოვი (რუსეთი)
2 ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი)
3 ფათიჰ იასარლი (თურქეთი)
3 არფან მორადალი ამირი (ირანი)
120 კგ
1 მურადინ კუშკოვი (უკრაინა)
2 ტაჰა აკგული (თურქეთი)
3 გიორგი საკანდელიძე (საქართველო)
3 რიჩარდ ზერშიჩი (უნგრეთი)
გუნდური ჩათვლა
1. რუსეთი - 70
2. აზერბაიჯანი - 50
3. საქართველო - 49
4. თურქეთი - 42
5. ირანი - 33
6. აშშ - 26
7. იაპონია - 24
8. უკრაინა - 23
9. უნგრეთი - 20
10. უზბეკეთი - 15
ოთარ მაღლაკელიძე