ჭიდაობა

23:09 | 8.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხუციშვილის “ოქროს დიდი პრიზი”

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით ხუციშვილი (74 კგ) “ოქროს დიდი პრიზის” ფინალური ტურნირის ჩემპიონი გახდა. სამდღიანი აზერბაიჯანული სუპერტურნირის პირველ დღეს მედლები თავისუფალი სტილის შვიდივე წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრები ხალიჩაზე სამი შემადგენლობით გავიდა და საბოლოოდ 6 მედალი მოიპოვა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველთაგან მხოლოდ ხუციშვილი ავიდა და ოქროს მედალთან ერთად საპრიზო ფონდიდან 10 ათასი დოლარი მიიღო. გიორგი ედიშერაშვილს (55 კგ), შალვა მუზიაშვილს (66 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (96 კგ) ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებები დააკლდათ და 5-5 ათასი იკამარეს. დავით ქერაშვილი (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ და 2-2 ათასს დაეუფლნენ.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 82 ქულა დააგროვა და მხოლოდ 97-ქულიან აზერბაიჯანს ჩამორჩა. ცნობისთვის, მასპინძლებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილზე თურქეთი გავიდა, 61 ქულით.
ხვალ “ოქროს დიდ პრიზს” ქალები გაითამაშებენ, ზეგ კი ხალიჩა ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ და სხვებთან ერთად საქმეში 20-მდე ქართველი სპორტსმენიც ჩაერთვება.
 
ოთარ მაღლაკელიძე
0.132761