ფეხბურთი

23:42 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტიამ და ხიზანიშვილმა გაიტანეს, გოგუა გააძევეს

აკაკი ხუბუტიამ რუსეთის I დივიზიონის ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა გოლი. "მორდოვიამ" შინ "ენისეის" 3:0 სძლია და საქართველოს ნაკრების მცველმა 63-ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ვარდნაში დარტყმით გადაგზავნა კარში, რითაც 3:0 გახდა ანგარიში. "მორდოვია" მეორე ადგილზეა. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა.  

"სკა-ენერგიამ" სტუმრად 1:5 წააგო ტულის "არსენალთან". გოგიტა გოგუა სასტარტოში იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ითამაშა - 89-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს. გოგუას თანაგუნდელმა გიორგი ნავალოვსკიმ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

დავით სირაძის "სპარტაკმა" (ნალჩიკი) შინ 1:1 ითამაშა "ალანიასთან". სირაძემ 64-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა გოლით არ გამოუჩენია თავი. სირაძის თანაგუნდელი გუჯა რუხაია განაცხადში არ იყო. კავკასიური დერბი გამოტოვეს გოჩა ხოჯავამ და ოთარ მარცვალაძემ - ისინი განაცხადს მიღმა დარჩნენ.   

"გაზოვიკმა" გასვლაზე 2:0 აჯობა "როტორს", თუმცა გამარჯვებულთაგან მხოლოდ 86-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ არზიანმა.

ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა "ქაისერისფორის" მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფრანკფურტის "აინტრახტთან" მე-20 წუთზე მიითვალა გოლი, რითაც 2:0 დააწინაურა ქაისერელები, თუმცა "აინტრახტმა" ამის შემდეგ დაიწყო თამაში და 3:2 იმარჯვა.

ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" იტალიურ "პალერმოს" 2:1 სძლია ამხანაგურში. "კობიმ" მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და ბერლინელებმა ეს ტაიმი 2:0 მოიგეს.

ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ლიტვის დაუგავპილსის "დაუგავამ" შინ 0:4 წააგო შვედურ "ელფსბორგთან". დამარცხებულთაგან გიორგი ჩიხრაძემ შეუცვლელად ითამაშა, მამუკა ღონღაძე კი შესვენებისას შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში ლიტვურმა კლუბმა 1:7 წააგო, ანუ საერთო ჯამში, 1:11 დამარცხდა.

მოლდოვის "შერიფმა", რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, საშინაო 1:1-ის შემდეგ, ჩერნოგორიის ჩემპიონს გასვლაზე შავი დღე აყარა და 5:0 მოუგო. "შერიფი" მესამე ეტაპზე ზაგრების "დინამოს" შეხვდება.

0.135513