ინტერვიუები

17:42 | 1.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხუან რომან რიკელმე: “იმდენ ხანს ვითამაშებ, რამდენსაც შევძლებ”

არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ხუან რომან რიკელმემ, რომელიც ამჟამად სამშობლოში “ბოკა ხუნიორსში” გამოდის, გამოცემა Ole-ს  ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
- ხუან, უპირველესად რას აქცევთ ყურადღებას, როდესაც თამაშს ტრიბუნიდან ან ტელევიზორით უყურებთ?
- ფეხბურთს ძალიან ხშირად ვუყურებ. თვალს ვადევნებ მატჩებს, რომელშიც სახელგანთქმული მოთამაშეების გარდა, ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები მონაწილეობენ. სხვისი თამაშის ყურების დროს, რაღაც ახალს ვსწავლობ.  
- მსოფლიო ფეხბურთში არსებობს ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლიათ გაგაოცოთ?
- მაგალითად, ლიონელ მესის, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერის გაოცება შეუძლია. მესის წარმოუდგენლად ბევრი გოლი გააქვს და იგივეს აკეთებს რონალდუც, ხოლო ინიესტას თამაში მის გუნდს უბრალოდ აკეთილშობილებს. მათ სხვებისგან შემდეგი თვისებები გამოარჩევს – ამ ფეხბურთელების თამაშს შეგიძლიათ ხშირად უყუროთ, მაგრამ ვერასოდეს მიხვდებით, ეს ბიჭები ყოველ მომდევნო ეპიზოდში რას გააკეთებენ. ისინი გაცილებით ადრე წყვეტენ რა მოუხერხონ ბურთს, ვიდრე თქვენ ამის შესახებ გაიფიქრებთ. ისინი უნიკუმები არიან.
- ინიესტას თანდაყოლილი ნიჭი აქვს თუ შეძენილი ოსტატობა?
- ფეხბურთში შეიძლება ბევრი რამ ისწავლო – ბურთის კონტროლი, ორივე ფეხით დარტყმა, მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი მაინც პოტენციალია. ინიესტა ფიზიკურად ძლიერი არაა, სწრაფად ვერ დარბის, მაგრამ ხედავს და ესმის ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ამჩნევენ.
- როდესაც მოედანზე უბურთოდ ხართ რაზე ფიქრობთ?
- ამ დროს, ჩემი გუნდის მცველებისა და იმ ნახევარმცველების მჯერა, რომლებიც დაცვით ფუნქციებს ასრულებენ. ვცდილობ, ვითარება წინასწარ განვსაზღვრო იმ მომენტისთვის, როდესაც ბურთი ჩვენ გუნდს ექნება და შესაბამისად, ამისთვის პარტნიორებიც მოვამზადო.   
- თქვენი გუნდის მიერ ჩატარებულ თამაშებს უყურებთ?
- ძალიან იშვიათად. მე ისედაც მახსოვს ყველაფერი, რაც თამაშის მსვლელობისას ხდება. ჩატარებული მატჩის შემდეგ, ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან განვლილი შეხვედრის თითოეულ ეპიზოდზე ვფიქრობ.
- ძალიან ხშირად თამაშის მსვლელობისას სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება გაქვთ აღბეჭდილი. ეს რაზე მიუთითებს?
- მინდორზე საკმაოდ მშვიდი ვარ და უბრალოდ, კარგი ფეხბურთის თამაშს ვცდილობ. ზოგჯერ, როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, ყვირილი და ხელების შლა მიწევს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ დროს გაბოროტებული ვარ, სიმართლეს არ შეესაბამება. საბედნიეროდ, გუნდში “ჩუმჩუმელები” არ გვყავს, რაც ამა თუ იმ საკითხის სწრაფად გადაწყვეტის საშუალებას გვაძლევს. რაც უფრო მეტი ურთიერთობა გაქვს მოედანზე პარტნიორებთან, მის ფარგლებს გარეთ გაცილებით ნაკლები პრობლემები იქმნება. ჩემი მეგობრები იცინიან, როდესაც მკაცრი გამომეტყველება მაქვს, რადგან იციან, რომ ბოროტი არ ვარ და უბრალოდ, ღირსეულ დონეზე თამაში მსურს.
- გაღიზიანებთ, როდესაც თქვენზე უფროსი ასაკის ხალხი გაკრიტიკებთ?
- არა, რადგან მიჩვეული ვარ, რომ მამაჩემს ყოველთვის მიაჩნია, რომ უკეთ შემეძლო თამაში, ვიდრე ვითამაშე. ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიცოდი, რომ ის გაცილებით მეტს მომთხოვდა, ვიდრე ვაკეთებდი. მისი მადლობელი ვარ, რომ მრავალი წლის მერე სრულყოფილებისკენ ვისწრაფვი.
- როდესმე ვინმესთვის მაისურის გაცვლა გითხოვიათ? თუ არიან ისეთი მოთამაშეები, ვისთანაც მაისურის გაცვლა გსურთ? არსებობენ ისეთები, ვისაც არასოდეს გაუცვლიდით?
- არგენტინის ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩის მაისურს ყოველთვის ვინახავ. ზოგჯერ, რომელიმე შეხვედრის წინ მეგობრები მთხოვენ, რომ ამა თუ იმ მოთამაშეს მაისური გამოვართვა. ყველაზე მეტად ის მახარებს, როდესაც ჯერ კიდევ მატჩის მსვლელობისას მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელი მითანხმდება, რომ თამაშის შემდეგ მაისური გავუცვალო.   
- ამ საფეხბურთო რიტუალთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული თუ გახსენდებათ?
- მახსოვს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზინედინ ზიდანის მიერ ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ, მისი მაისური სწორედ მე შემხვდა. ამჟამად, ჩემი შვილისთვის აუგუსტინისთვის ის დიდ ფასეულობას წარმოადგენს.
- თავად სხვა მოთამაშეებისთვის მაისური გითხოვიათ?
- ზოგჯერ მაისურებს ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვ ხოლმე. მაგალითად, რივერო ერვიტას ვთხოვე მოეცა მაისური, რომლითაც “ბოკაში” პირველი გოლი გაიტანა. “რასინგთან” მატჩის შესვენების დროს გასახდელში ვიჯექი, მატეს ვსვამდი და ბიჭების საუბარს ვუსმენდი. ამ დროს რივერო მოვიდა და თავისი მაისური გადმომცა.
- კარიერის დასრულებას “ბოკა ხუნიორსში” გეგმავთ?
- დიახ. კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივე და თამაშის დრო კიდევ მაქვს.
- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თამაში 40 წლამდე გსურთ...
- იმდენ ხანს ვითამაშებ, რამდენსაც შევძლებ. თითოეულ მოვლენას კეთილი დასასრული უნდა ჰქონდეს. ახლა ვგრძნობ, რომ საკუთარი გუნდის დახმარება შემიძლია. ამის შესახებ ყოველთვის მარტივად ვფიქრობდი – როგორც კი, ვარჯიშებისა და თამაშების რიტმს ვეღარ გავუძლებ, მაშინ, სახლიდან სავარჯიშოდ ან სათამაშოდ აღარ გავალ.  
- კარიერის დასრულების შემდეგ, დაბრუნდებით იქ, სადაც გაიზარდეთ?
- დიახ, ვაპირებ იქ დავბრუნდე, სადაც დღემდე ჩემი მეგობრები და ძმები ცხოვრობენ. ჩვენ ერთად ვთამაშობთ ფეხბურთს და შემდეგ, ხორცისგან რაიმე კერძს ვამზადებთ.
- თქვენ კარგი ორატორი ხართ თუ საუცხოო მსმენელი?
- მახსოვს, 16 წლის რომ ვიყავი, ჩემი მეგობრები ხმის ჩახლეჩამდე ფეხბურთზე საუბრობდნენ, ხოლო ამ მდროს მე მათ ვუსმენდი. დასკვნა თავად გააკეთეთ.
- ალბათ, ამ დროს თავად ოცნებობდით მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას?
- იმ დროს, ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატი რაღაც წარმოუდგენელი მოვლენა იყო. ვისაც შეეძლო, ყველა მხარს მიჭერდა. “ვილიარეალის” მოთამაშეები და პრეზიდენტი გერმანიაში არგენტინის ნაკრების თამაშების სანახავად ჩამოდიოდნენ და შემდეგ ესპანეთში ბრუნდებოდნენ. კლუბის პრეზიდენტი გერმანიაში ჩარტერულ რეისებს აწყობდა.
 - მალე ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება...
- რაც არ უნდა მოხდეს, მსოფლიოს ჩემპიონატს დავესწრები. გუნდის შემადგენლობაში თუ მაყურებლის რანგში, ბრაზილიაში მაინც ვიქნები. ჩემ შვილს ამ დღესასწაულზე მოხვედრა ძალიან სურს. როდესაც ვკითხე, თუ სად სურდა, რომ შვებულება გაგვეტარებინა, მაშინვე მიპასუხა – ბრაზილიაშიო. თუ სათანადო დონეზე ვითამაშებ, იქ გამგზავრება ფეხბურთელის რანგში ძალიან კარგი იქნება. სათამაშო ფორმის ვერშენარჩუნების შემთხვევაში, მოვლენებს თვალს ტრიბუნებიდან მივადევნებ.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.115677