ფეხბურთი

13:49 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მატა: “კონფედერაციათა თასით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვიწყებთ მზადებას”

 ლონდონის “ჩელსის” შემადგენლობაში ესპანელმა ხუან მატამ წლეულს ევროპის ლიგის თასი მოიგო, ამჟამად კი ესპანეთის ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასისთვის ემზადება. ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტთან საუბრისას მატა ბრაზილიაში ჩასატარებელი მომავალი შეჯიბრების მნიშვნელობაზე საუბრობს, აგრეთვე, მკითხველს საკუთარ ლონდონურ შთაბეჭდილებებსაც უმხელს. “ფურია როხას” წევრთან  ინტერვიუმდე კი მოგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასის მორიგი გათამაშება სტარტს 15 ივნისს აიღებს.

 - ორიოდე კვირაში კონფედერაციის თასის პირველ მატჩში ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. რა განწყობით ხვდებით ამ მნიშვნელოვანი ტურნირის სტარტს?

- მთელი სეზონის განმავლობაში ვარჯიშებზე მონდომებით ვმუშაობდი და ვფიქრობ, ბრაზილიაშიც სათანადოდ გამოვალ.

- სამხრეთ ამერიკის შეჯიბრებებზე გამოსვლა ევროპელ ფეხბურთელებს შედარებით უჭირთ...

- ბრაზილიაში აქამდე არასდროს მიასპარეზია. “ფურია როხასთვის” მომავალი კონფედერაციათა თასის გათამაშება მნიშვნელოვანი ტურნირია. 2014 წელს ხომ ამ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება და ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ბრაზილიაში საფეხბურთო მატჩების ატმოსფეროს და მომავალი მუნდიალის სტადიონების ახლოს გაცნობა. კონფედერაციათა თასით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვიწყებთ მზადებას.

- ყველაზე მეტად რას ელით მომავალი შეჯიბრებისგან?

- ვოცნებობ “მარაკანაზე” თამაშზე. ეს კი იმ შემთხევეაში მოხდება, თუკი “ფურია როხა” ფინალში გავა.

- “ჩელსის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ხართ. ეს ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების რეალურ შანსს გაძლევთ?

- “ფურია როხას” ნებისმიერი წევრი გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია. რომელი მათგანი მოხვდება კონკრეტულ მატჩში ძირითადში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობთ. ტურნირის მსვლელობისას ესპანეთი არ გენატრებათ?

- რასაკვირველია მენატრება. ინგლისში ყოფნისას ყველაზე მეტად ჩემი სახლი და ოჯახი, ვალენსია და მისი სანაპირო მაკლია. მაგრამ ლონდონშიც თავს ბედნიერად ვგრძნობ. აქ ბევრი რამ ჩემთვის მეტად საინტერესო რამ გავიგე და შევითვისე. ადამიანური და პროფესიული ასპექტით “ჩელსისში” გავიზარდე.

- რატომ გადაწყვიტეთ “ჩელსისში” კარიერის გაგრძელება?

- კლუბი მაღალი მიზნების დალაშქვრისთვის იბრძვის და ახერხებს კიდეც. მოხარული ვარ, რომ გუნდთან ერთად ბოლო 2 სეზონის განმავლობაში 2 ევროთასი მოვიგე. თანაც, ყოველთვის მაინტერესებდა ისეთ ქალაქში ცხოვრება, როგორიც ლონდონია.

- ლონდონში ყველაზე მეტად რომელი ადგილი და უბანი გხიბლავთ?

- ასეთი მართლაც ბევრი ადგილია. ძალიან მომწონს ჩელსის უბანი, ტანისამოსის საყიდლად ქემდენზე უკეთეს ადგილს ვერსად იპოვით, ნოტინგ ჰილის სტუმრობისას ყოველთვის ემოციურად დატვირთული ვარ. ლონდონი კოსმოპოლიტური მეგაპოლისია და მის ბევრ უბანში ვისურვებდი ცხოვრებას.

- როდესაც ოჯახის წევრები და მეგობრები გსტუმრობენ, გიდის ფუნქციის წარმატებით შესრულებით შეგიძლიათ?

- თავიდან მათ მხოლოდ ყველასთვის ცნობილ, ლონდონის ტიპურ ადგილებს ვუჩვენებდი, ახლა კი ლონდონში “ჩემი ადგილები” მაქვს და მათ სიამოვნებით ვაცნობ სტუმრებს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში განსაკუთრებით ისეთი ადგილები მიყვარს, სადაც მუსიკის მოსმენა და მაგიდის ჩოგბურთის თამაშის შემიძლია.

- ზემოთ ახსენეთ, რომ ლონდონში ცხოვრებისას ადამიანური ასპაექტით გაიზარდეთ. მაინც რა გასწავლათ ინგლისში საქმიანობამ?

- უფრო მეტად თამამი გავხდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მომენტში.

- ერთდროულად პროფესიულ დონეზე თამაშსა და უნივერსიტეტში სწავლაში ხელი არ გეშლებათ?

- ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი სულაც არაა. მარკეტინგი და ახალი ტექნოლოგიები მაინტერესებს და საფეხბურთო კარიერა ამაში ხელს მიწყობს. ჩემ პედაგოგებთან მუდმივი კავშირი მაქვს და ვცდილობ, სწავლაში არ ჩამოვრჩე. მართალია, სადღეისოდ უმთავრესი საქმე ფეხბურთია, თუმცა, დიპლომის აღებასაც დროულად მოვახერხებ.   

თეგებიხუან მატა
0.128845