ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დასრულდა მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირი, რომლის გამარჯვებული არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში 31 წლის ფრანგი ჟულიენ ბენეტო დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:3.
შეხვედრა 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში დელ პოტრომ 3 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მეტოქემ საპასუხოდ ორჯერ შეძლო არგენტინელის ჩაწოდების აღება. ხუან მარტინის ანგარიშზე 13 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო ბენეტომ 14 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშვა.
24 წლის ხუან მარტინმა კარიერაში მეთოთხმეტე ტიტული მოიპოვა. როტერდამში გამარჯვებამ მას 305000 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა მოუტანა.