არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ბავშვობაში “ორი ბატონის”, ფეხბურთისა და ჩოგბურთის სამსახურში იყო. 14 წლის “დელპო” საბოლოოდ კორტისკენ გადაიხარა და ჩოგბურთში ბევრ წარმატებასაც (თუნდაც აშშ-ის ღია პირველობის მოგება ავიღოთ) მიაღწია, მაგრამ ვისაც დელ პოტროს ფეხბურთის თამაში უნახავს, ამბობს, რომ მისი სახით არგენტინამ მაღალი კლასის მოთამაშე დაკარგა.
- ფეხბურთელობისას რომელ კლუბსა და პოზიციაზე ასპარეზობდით?
- “ინდეპენდიენტეს” ღირსებას ვიცავდი. ჩვენი გუნდი რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ყოველთვის პირველობისთვის იბრძოდა. ყოველთვის ღირსეულ კონკურენციას ვუწევდით “ბოკა ხუნიორსის”, “ნიუელს ოლდ ბოისის”, “კოლონის”, “რასინგის” თანატოლებს. ფეხბურთით ვცხოვრობდით და პროფესიულ კარიერაზე მეც ვოცნებობდი, თუმცა, 14 წლის ასაკში საბოლოო არჩევანი მაინც ჩოგბურთზე გავაკეთე.
- ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?
- ძალიან, ძალიან გამიჭირდა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩემი საფეხბურთო და საჩოგბურთო მწვრთნელები. ჩემი “დათმობა” არცერთ მათგანს არ სურდა. Mეც თითქოს ფეხბურთისკენ ვიხრებოდი, მაგრამ... ბრაზილიაში 12 წლამდელთა შორის საჩოგბურთო ტურნირი ტარდებოდა. იმ დროისთვის არგენტინის ფარგლებს გარეთ გასული არ ვყოფილვარ და არც თვითმფრინავში ვმჯდარვარ. ოჯახის წევრებს მტკიცედ ვუთხარი, რომ ჩოგბურთის სათამაშოდ ბრაზილიაში უნდა წავსულიყავი. ეს შეჯიბრება დამაჯერებლად მოვიგე და სპეციალისტთა და გულშემატკივართა ყურადღება დავიმსახურე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 3-4 თვის განმავლობაში მხოლოდ კორტზე გავდიოდი, თუმცა, ფეხბურთი მაინც ვერ ამოვიგდე გულიდან, ჩოგანი გვერდზე გადავდე და კვლავ მინდორს დავუბრუნდი. ასე გაგრძელდა, ვიდრე 14 წელი არ შემისრულდა. იმ დროისთვის საფეხბურთო ენთუზიაზმი თანდათან გამიქრა და საბოლოოდ ჩოგბურთისკენ გადავიხარე. მას შემდეგ სპორტის ამ სახეობის ერთგული ვარ, თუმცა, ფეხბურთიც ძალიან მიყვარს.
- როგორ გგონიათ, თქვენგან კარგი ფეხბურთელი გამოვიდოდა?
- ბავშვობაში მართლაც კარგად ვთამაშობდი და გულშემატკივრები კლაუდიო მარანგონის (გასული საუკუნის 80-იანი წლების “ინდეპენდიენტესა” და “ბოკა ხუნიორსის” მოთამაშე) მამსგავსებდნენ. შემდეგ სიმაღლეში მკვეთრი მატება დავიწყე და ამპლუა შემიცვალეს, წინ წამწიეს. ფეხბურთის თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ჩოგბურთის წვრთნის დაწყებამდე საათით ადრე და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვცდილობდი ფეხბურთი მეთამაშა. ჩემმა ინდეპენდიენტელმა მეგობრებმა არგენტინო A-ში (რიგით მესამე დივიზიონი) ითამაშეს. მიჭირს იმის თქმა, რას მივაღწევდი “ბოკაში” ან რომელიმე სხვა დიდ გუნდში მეთამაშა.
- რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, “ბოკა ხუნიორსს” ქომაგობთ. რითაა განპირობებული თქვენეული არჩევანი?
- ჩვენ ოჯახში “ბოკას” ქომაგობის ტრადიციას საფუძველი ბაბუამ ჩაუყარა. თავი ბედნიერ გულშემატკივრად მიმაჩნია, რადგან “ბოკას” წარმატებულ ერას მოვესწარი, ამ გუნდის ბევრ ფეხბურთელს პირადად ვიცნობ და კლუბის რამდენიმე ლეგენდის მეგობარიც გავხდი.