ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2514) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე 2013-14 წლების გრან-პრის სერიის გათამაშების III ეტაპი ინდოელ ჰარიკა დრონავალისთან (2475) მარცხით გახსნა, დღეს კი პირველი გამარჯვება იზეიმა.
ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის (2293) მქონე და მასპინძლის სტატუსით მიწვეულ ნაფისა მუმინოვას დაუპირისპირდა და 43-ე სვლაზე მეტოქეს დანებება აიძულა.
20 სექტემბერს ბელა შავებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი შეჯიბრის ერთ-ერთი ფავორიტი – ჩინელი ქსუე ჟაო (2579) იქნება. ამ უკანასკნელმა მე-2 ტურში შავი ფიგურებით რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი (2495) დაამარცხა და 2 ქულით ინდოელ ჰამპი კონერუსთან ერთად გალიდერდა.
შეგახსენებთ, რომ ხოტენაშვილმა შვეიცარიულ ჟენევაში გამართული გრან-პრის პირველი ეტაპი მოიგო, სომხური დილიჟანში ჩატარებულ მეორე ეტაპზე კი ბოლო – მე-12 ადგილი დაიკავა.
გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი ოთხ ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და ქულით აღინიშნება.
თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, თანხები და ქულები კი ასე ნაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+120 ქულა +40 ბონუსი); II – 8 250 (+110 +20); III – 6 750 (+100+10); IV – 5 750 (+90); V – 5 000 (+80); VI – 4 500 (+70); VII – 4 250 (+60); VIII – 4 000 (+50); IX – 3 250 (+40); X – 3 000 (+30); XI – 2 750 (+20); XII – 2 500 (+10);
ორი ეტაპის შემდეგ ამგვარი სიტუაციაა: ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა, ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190, ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) - 170, ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160, ანა უშენინა (უკრაინა) – 155, ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი) – 80, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) – 75, კატერინა ლაჰნო (უკრაინა) – 60, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 60, ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა) – 60, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) – 60, ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 45, ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 45, ოლგა გირია (რუსეთი) – 40, ელინა დანიელიანი (სომხეთი) - 30, ქსუე ჟაო (ჩინეთი) – 0, ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) – 0, გულისხან გახბაიევა (ყაზახეთი) – 0 ქულა.