სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

18:55 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა ტაშკენტის გრან-პრი მე-2 ადგილზე დაასრულა

ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2514) წარმატებით დაასრულა ქალთა გრან-პრის სერიის III ტურნირი, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი მასპინძლობდა. ხოტენაშვილმა 11 ტურში 7.0  ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილი დაიკავა.

უკანასკნელ ტურში ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2496) 38-ე სვლაზე სძლია და ინდოელ ჰარიკა დრონავალის (2475) გაუსწრო, რომელიც ბოლო პარტიაში შავებით ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2579) დამარცხდა.

დრონავალის 6.5 ქულა შერჩა და ადგილამდე დაქვეითდა, მე-3 პოზიციაზე კი უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2532) გავიდა, რომელმაც შავი ფიგურებით ყაზახეთის წარმომადგენელ გულისხან ნახბაიევას (2307) აჯობა და ხოტენაშვილის დარად 7.0 ქულა მოაგროვა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ტაშკენტური ეტაპის გამარჯვებული ინდოელი ჰამპი კონერუ (2607) გახდა, რომელიც დასკვნით ტურში შავებით რუს ოლგა გირიას (2439) დაუზავდა და თავი 8.0 ქულას მოუყარა.

აღსანიშნავია, რომ კონერუმ და ხოტენაშვილმა ტურნირზე ყველაზე მეტი 6-6 პარტია მოიგეს, ამასთან ჩემპიონს ერთადერთი მარცხი სწორედ ქართველმა მოჭადრაკემ აგემა.

უზბეკური გრან-პრის შედეგებით, კონერუმ 160 ქულა შეიმატა და ვინაიდან მას დილიჟანში ჩატარებული ეტაპიც მოგებული აქვს, ჯამური 320 ქულით საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ლაჰნოს დარად 120 ქულა ერგო ხოტენაშვილს, რომლისთვისაც ეს უკვე მე-3 ტურნირი იყო. ბელამ ჟენევაში ჩატარებული 2013-14 წლების პირველი ეტაპი მოიგო და 160 ქულა მიითვალა, დილიჟანში კი ბოლო ადგილზე გავიდა და მხოლოდ 10 ქულას დასჯერდა. ჯამური 290 ქულით, ხოტენაშვილი მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 320 ქულა; 2. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 290; 3. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 4. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 5. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190;

გრან-პრიზე ჩასატარებელი კიდევ სამი ეტაპია, რომლებიც უკვე მომავალ წელს შედგება. 2-14 მაისს მოჭადრაკეებს რუსული ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს, 18 ივნისიდან 2 ივლისამდე ტურნირს უკვე საქართველოს დედაქალაქი თბილისი მიიღებს, ბოლო ტურნირი კი 24 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე მონღოლეთის ქალაქ ერდენეტში შედგება.

ისიც დავძინოთ, რომ ხოტენაშვილი მისთვის ბოლო მე-4 ტურნირს თბილისში ჩაატარებს, სადაც ცხადია ნანა ძაგნიძესაც ვიხილავთ. თავის მხრივ, ძაგნიძე ძალებს ხანტი-მანსიისკშიც მოსინჯავს.

როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისთვის ნანას ჯამური მონაგარი 220 ქულაა. მან ჟენევაში რუს ტატიანა კოსინცევასთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო, ხოლო დილიჟანში სლოვენიელ ანა მუზიჩუკთან ერთად მეორე-მესამე პოზიციები გაინაწილა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.151102