ინტერვიუები

15:48 | 4.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ნაკრების ვაკანტურ ადგილს უმიზნებს

მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი წლეულსაც პირველობისთვის იბრძოდა, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწია. ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სლოვენიის სახელით მოასპარეზე უკრაინელი დიდოსტატი ანა მუზიჩუკი მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა და მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ბელას შედეგები, ბოლო ორი წელია, შესამჩნევად იწევს მაღლა და ამიტომ მის მიმართ ინტერესიც განსაკუთრებულია. ხოტენაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც მოსინჯა ძალები და ვროპის ჩემპიონატზე მეოთხე დაფაზე მცირე ვერცხლის მედალიც მოიპოვა, რითაც საერთო გუნდურ წარმატებაში იდი წილი დაიდო.
ჩიბურდანიძის თასზე ქართველმა მოჭადრაკემ არც თუ საუკეთესო სტარტი აიღო და მართალია, ფინიშის სწორზე ჩვეულად ათამაშდა და ლიდერებში გაერია, საბოლოოდ, 9 ტურში 6 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა. ხოტენაშვილთან ინტერვიუ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- ბელა, სტარტზე დაუგეგმავი ქულების დაკარგვა რას უნდა მივაწეროთ?
- მოგეხსენებათ, ორი დღით ადრე თილისის მერიის თასის გათამაშება დასრულდა, სადაც მეც ვიღებდი მონაწილეობას. ტურნირზე ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო შეკრებილი და მეც რამდენიმე მაღალი კლასის ვაჟ დიდოსტატთან მომიწია ბრძოლა. შემიძლია ვთქვა, რომ მერიის თასზე წარმატებით ვიასპარეზე, მაგრამ ძალიან კი დავიღალე. როგორც ჩანს, პირველი ტურებისთვის ენერგიის აღდგენა ვერ მოვახერხე. საბედნიეროდ, მერე და მერე ქულების მოგროვება შევძელი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაღლილობის შეგრძნება გამიქრა.
- მერიის თასი ახსენე და აქვე ამ ტურნირის შესახებაც გკითხავ. საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილი ხარ?
- პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ტურნირის ორგანიზება შეძლო. ეს დიდი საჩუქარი გახლდათ, რაც ჩვენი პროფესიული ზრდისთვისაც აუცილებელია. საერთო ჩათვლაში 6.5 ქულა დავაგროვე, რაც ქალთა შორის მესამე ადგილისთვის გახდა საკმარისი. რეიტინგშიც საგრძნობლად მოვიმატე, ეს კი, ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე, მნიშვნელოვანი წინსვლაა. რამდენიმე თვის წინ 2460 მქონდა რეიტინგი, მაგრამ რიგ ტურნირებში ცუდი თამაშის გამო, ერთბაშად 50 პუნქტით ვიზარალე. მერიის თასზე ჩემი სარეიტინიგო მატება 12 ქულააა.
- მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული ხარ და წელსაც ფავორიტად ითვლებოდი. თავად თუ ფიქრობდი გამარჯვებაზე?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობდი და ამისთვისაც ჩავები ტუნირში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვება რომ ვერ ხერხდება, ესეც ვიცი და წარუმატებლობისგან ტრაგედიის შექმნას ნამდვილად არ ვაპირებ.
- ამ ერთი წლის მანძილზე იმდენად აიმაღლე რეიტინგი, რომ საქართველოს ნაკრებშიც მოხვდი. მცირე ჩავარდნამ ამ მხრივ უარყოფითად ხომ არ იმოქმედა?
- გარკვეულწილად, გავლენა რომ იქონია, ფაქტია, რადგანაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თითქმის დაკომპლექტებულია და მხოლოდ ერთი ადგილი – სათადარიგო – არის ვაკანტური. ამ ვაკანსიაზე ვაცხადებ პრეტენზიას და იმედი მაქვს, ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა.
- ნაკრების შემადგენლობა როგორია?
- მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია. ყველა მათგანმა თავისი შედეგებით დაამტკიცა, რომ ნაკრებში თამაშის ღირსნი არიან...
- საჭადრაკო ოლიმპიადამდე 4 თვეა და შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს. თუ აპირებ ტურნირებში მონაწილეობას, რათა საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარო?
- ალბათ კი, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ მაქვს. მთავარია, კარგად მოვემზადო.
- როგორც ვიცი, აქამდე მწვრთელის გარეშე ემზადებოდი. მომავალშიც ასევე აპირებ, თუ გამოგიჩნდა დამხმარე?
- სამწუხაროდ, მწვრთნელი არც ახლა მყავს და საკუთარი ძალებით გავდივარ ფონს. ალბათ, ოლიმპიადამდე ასე იქნება, ნაკრების ოფიციალურ შეკრებაზე კი ფედერაცია მოთამაშეებს ყველაფრით უზრუნველყოფს. თუმცა, ჯერ ნაკრებში მოხვედრაა საჭირო.

0.126874