გერმანიის ქალაქ ერფურტში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული პოლონელი მონიკა სოცკო (2470) გახდა, რომელმაც წარმატებას ბოლო ტურში სომეხი ლილიტ მკრტჩიანის (2453) დამარცხების ხარჯზე მიაღწია.
სოცკომ 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და მთავარი ჯილდოს მფლობელიც გახდა, მეორეზე კი ქართველი ბელა ხოტენაშვილი (2494) გავიდა, რომელსაც ტურნირზე უმაღლესი განთესვა გააჩნდა. ბელამ უკანასკნელ პარტიაში შავი ფიგურებით ყაიმი გერმანელ ტეტიანა მელამედთან (2364) გააფორმა და თავი 6.0 ქულას მოუყარა.
დასკვნით შეხვედრაში, მოულოდნელად რუს ანასტასია ბოდნარუკთან (2434) დამარცხდა და 5.5 ქულით მე-3 ადგილამდე დაქვეითდა ჩინელი შენ იანგი (2470).
აზიელის დარი მონაგარი ჰქონდათ ქართველ ლელა ჯავახიშვილს (2477) და გერმანელ ელიზაბეტ პეტცსაც (2464), თუმცა, მათ დამატებითი მაჩვენებლებით, მეოთხე-მეხუთე ადგილები ერგოთ. ბოლო ტურში ჯავახიშვილი და პეტცი სწორედ ერთმანეთთან დაზავდნენ.