2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის პირველმა ტურნირზე ქართული დაპირისპირება ვიხილეთ. ბელა ხოტენაშვილმა (2505) თეთრი ფიგურებით ნანა ძაგნიძე (2545) დაამარცხა და ლიდერებში გაერია.
ხოტენაშვილმა სლოვენიელი ანა მუზიჩუკის (2585) და უკრაინელი კატერინა ლაჰნოს (2548) დარად 2 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-3 ადგილზე იმყოფება.
ბელასგან განსხვავებით, ცუდად მისდის საქმეები საქართველოს ნაკრების ლიდერ ძაგნიძეს. 3 ტურის შემდეგ, ნანას აქტივში მხოლოდ 1 ქულაა და იგი გრან-პრის 12 მონაწილეს შორის მე-11 პოზიციაზეა.
მე-4 ტურში, რომელიც 6 მაისს შედგება, ხოტენაშვილი შავი ფიგურებით რუს ტატიანა კოსინცევას (2517) ეთამაშება, ხოლო ძაგნიძე თეთრებით მონღოლ ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (2298) დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე ტურნირზე მოჭადრაკეები ერთმანეთს 11 ტურად შეეჯიბრებიან, დასვენებისთვის კი 2 დღეა გამოყოფილი: 7 და 12 მაისი.