გერმანიის ქალაქ ერფურტში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 4 ტური მიილია, ლიდერი კი ორია – ჩინელი შენ იანგი (2470) და ქართველი ბელა ხოტენაშვილი (2494).
მე-4 ტურში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2453) დაუზავდა, ხოლო იანგმა ასევე შავებით შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტს (2394) აჯობა.
მდგომარეობა გამოასწორა ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ლელა ჯავახიშვილმა. მან შავი ფიგურებით გერმანიის სახელით მოთამაშე ქეთევან კახიანი-გერშინსკა (2361) დაჯაბნა.
ჯავახიშვილმა გერმანელ ელიზაბეტ პეტცის (2464) დარად, 2.5 ქულა მოაგროვა და მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფს.
მე-5 ტურში, რომელიც 28 აგვისტოს შედგება, ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ხოტენაშვილი ხსენებულ პეტცს გაეჯიბრება, ხოლო ჯავახიშვილი – არახამია-გრანტს. ინტერესს იწვევს იანგის და მკრტჩიანის პარტიაც.