ჭადრაკი

14:51 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი და ჯავახიშვილი გიბრალტარის ტურნირზე

გიბრალტარში სტარტი აიღო რიგით მე-14 უძლიერესმა საერთაშორისო ტურნირმა Tradewise Gibraltar Chess Festival, რომელშიც საქართველოს სახელით ბელა ხოტენაშვილი (2527) და ლელა ჯავახიშვილი (2430) თამაშობენ.

პარტიები 6 თებერვლის ჩათვლით, 10 ტურად შვეიცარული სისტემით ჩატარდება. სისტემა ასეთია: 100 წუთი 40 სვლაზე, 50 წუთი 20 სვლაზე, 15 წუთი პარტიის ბოლომდე+30 წუთიანი დამატებით პირველივე სვლიდან.

პირველი ადგილის გაყოფის შემთხვევაში, მონაწილეთა შორის ტაი-ბრეიქი გაიმართება, ხოლო თუ პირველი ადგილის პრეტენდენტი ოთხზე მეტია, მაშინ რეიტინგ-პერფორმანსით აირჩევა 4 საუკეთესო და გამარჯვებული მათ შორის გაირკვევა.

მასტერსის ტურნირის საერთო გამარჯვებული 20 000 ინგლისური ფუნტით დაჯილდოვდება, II პოზიციაზე გასული 14 000-ს მიიღებს, ხოლო მესამეადგილოსანი – 12 000-ს. ქალებში თანხები ასე განაწილდება: I – 15 000, II – 10 000, III – 5 000.

პირველ ტურში 46-ე რეიტინგის მქონე ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ესპანელ ენრიკე ოსუნა ვეგას (2141) სძლია, ხოლო 84-ე ნომრად განთესილმა ჯავახიშვილმა ასევე თეთრებით ნორვეგიის სახელით მოთამაშე სომეხ ერაზიკ ხაჩატურიანს (1955) მოუგო. მე-2 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავებით ითამაშებენ. ჯავახიშვილის მეტოქე სერგეი მოვსესიანი (სომხეთი, 2677) იქნება, ხოტენაშვილი კი იოვანა ვოინოვიჩს (სერბეთი, 2335) დაუპირისპირდება.

სულ ტურნირში 253 მოჭადრაკეა ჩართული, რეიტინგის მიხედვით საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2754), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2745), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2739), ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2737), პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2733), ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2715), გატა კამსკი (აშშ, 2709), ფრანსისკო პონს ვალეხო (ესპანეთი, 2707), ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2706), დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2702).

გასაკვირი არ ყოფილა, რომ საწყის ტურში ყველა მათგანმა გამარჯვება იზეიმა.

0.11322