ჩემპიონთა ლიგის თასის მოქმედი მფლობელი “ბარსელონა” დღეს ჩეხეთის ქალაქ პლზენში იქაურ “ვიქტორიას” შეხვდება და მოგების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდებს. კატალონელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუშინ საღამოს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და დაადასტურა, რომ სადღეისოდ, პაექრობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
- როგორი განწყობით ხვდებით პლზენის “ვიქტორიასთან” ჩასატარებელ შეხვედრას?
- ნებისმიერი საჩემპიონთალიგო მატჩი მნიშვნელოვანია, ჩვენ მორიგ შეხვედრას კი პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. მოგების შემთხვევაში მერვედფინალში გასვლას ვინაღდებთ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მომავალი წლის თებერვლამდე ყოველგვარი დაძაბულობის გარეში ვითამაშებთ. “მილანთან” სტუმრად გასამართ პაექრობაში სანერვიულო და საფიქრალი ბევრი არაფერი გვექნება. არაა გამორიცხული, “სან სიროზე” ჩასატარებელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის უახლოესი რეზერვის რამდენიმე წევრი გამოვცადო და უმთავრესი კონცენტრაციით ესპანური პრიმერა დივიზიონის მატჩებზე ვითამაშოთ.
- მომავალ მოწინააღმდეგეს რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს?
- პლზენელებს გამოცდილი, ძლიერი და სწრაფი გუნდი ჰყავთ. ისინი საიმედოდ თამაშობენ დაცვაში და ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ “ვიქტორიას” უკანა ხაზის დაძლევაა. ვფიქრობ, ჩვენი ფორვარდები დაკისრებულ ამოცანას თავს კარგად გაართმევენ. “კამპ ნოუზე” ჩვენი დაპირისპირებისას ჩეხებმა სოლიდურად იასპარეზეს, ამჯარად კი მიზნის მიღწევაში ის მომენტი დაგვეხმარება, რომ მეტოქეს უკვე ვიცნობთ და გარკვეულ გეგმასაც შევიმუშავებთ, მისი წინააღმდეგობის დასაძლევად.
- სამშაბათს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში მეორასე შეხვედრას ჩაატარებთ. რამდენად მნიშვნელოვან ზღურბლს მიაღწიეთ?
- ჯერ კიდევ მოთამაშეობისას ვიცოდი, მწვრთნელი რომ გამოვიდოდი, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, ამდენი ხნის განმავლობაში “ბარსას” გაწვრთნას რომ მომანდობდნენ. ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი იდეალურად არ გამომივიდა, მაგრამ საამაყოდ ისიც მეყოფა, დიდ კლუბს რომ ვუდგავარ სათავეში და მასთან ერთად ბევრი ტიტულის მოხვეჭაც მოვასწარი. ყველაზე სასიამოვნო კი “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ერთად მუშაობაა. ისინი ოსტატობას ლამის ყოველდღიურად ხვეწენ და მათთან ურთიერთობისას, როგორც მწვრთნელი, მეც ვიზრდები. თუკი სადამრიგებლო მოღვაწეობისას რამეს მივაღწიე, “ბარსას” მოთამაშეების დამსახურებაა.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხავი პლზენელებს ვერ დაუპირისპირდება...
- ჯერჯერობით, ეს საკითხი ღიად რჩება. ხავის უარესი დაზიანებითაც უთამაშია. თუმცა, იგი გადაღლილი მეჩვენება და შესაძლოა, დასვენების საშუალება მივცე. საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის დაწყებამდე სამიოდე საათით ადრე მივიღებ.
- პლზენს ერთბაშად 3 მეკარით, ვალდესით, პინტოთი და ოიერით ესტუმრეთ...
- ვალდესისა და პინტოს სათამაშო ფორმა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ამიერიდან ყველა საევროთასო მატჩზე 3 გოლკიპერით გავემგზავრებით. ასე უფრო დაზღვეულად ვიგრძნობთ თავს.
- ესპანურ პრიმერა დივიზიონში თქვენი უმთავრესი მოწინააღმდეგე მადრიდის “რეალი” გალიდერდა. კატალონური და კასტილიური გრანდების შეხვედრებისას მწვრთნელთა ფსიქოლოგიური ომიც მიდის. მზად ხართ ჟოზე მოურინიოსთან დასაპირისპირებლად?
- ფსიქოლოგიური ომი ხმამაღლაა ნათქვამი. “ბარსელონა” და “რეალი” პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან და ჩვენი მეტოქეობით გულშემატკივრები და მთლიანად ფეხბურთი მოგებული რჩება. ჩვენც და კასტილიელებსაც საკუთარი ძლიერი მხარები გვაქვს. რომელი გუნდიც თავის საუკეთესო თვისებებს სრულად წარმოაჩენს, გამარჯვებულიც ის რჩება ხოლმე. მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც ერთმანეთის ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები კარგად ვიცით. “ბარსელონა” ყოველმხრივ შეეცდება, საკუთარი კოზირები სრულად გამოავლინოს და გამოიყენოს. ჩვენ მამაცები, ტექნიკურები და სწრაფები ვართ.
- ფეხბურთელობისა და მწვრთნელობისას ოცნებათა უმრავლესობა აიხდინეთ. სამომავლოდ კიდევ რა გაქვთ ჩაფიქრებული?
- მწვრთნელის პროფესია იმგვარია, რომ პოსტიდან გადადგომისთვის ყოველდღე მზად უნდა იყო. მითუმეტეს, როცა სათავეში ისეთ გუნდს უდგახარ, როგორიც “ბარსელონაა”. სხვა მხრივ კი, შემოქმედებითად ვმუშაობ და არჩევანის საშუალებაც ყოველთვის მაქვს. არასდროს გავაფორმებ ხანგრძლივ კონტრაქტს. ამ შემთხვევაში დამრიგებლობის ჟინი უფრო გამინელდება.
გოჩა კაჭარავა