ინტერვიუები

16:05 | 3.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ გვარდიოლა: “მხოლოდ ერთი ტრანსფერის განხორციელებაღა დაგვრჩა”

სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო გუნდის, “ბარსელონას” წინასასეზონო მზადება გადამწყვეტ სტადიაში შედის. 8 აგვისტოს კამპ ნოუელები კატალონიის თასის ნახევარფინალს ითამაშებენ, 14-ში კი მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის სუპერთასზე კიდევ ერთი “ელ კლასიკოს” მომსწრენი (განმეორებით მატჩი კატალონიის დედაქალაქში 17 აგვისტოს ჩატარდება) შევიქნებით. ამ პრინციპული ორთაბრძოლების წინ, AS-ის კორესპონდენტის კითხვებს “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პასუხობს.


- “ბარსელონას” ამერიკის შეერთებულ შტატებშიც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ელოდით დასავლეთ ნახევარსფეროშიც რომ ამდენი ქომაგი დაგხვდებოდათ?
- “ბარსას” პლანეტის ნებისმიერ წერტილში ქომაგობენ, რაც, ცხადია, ძალიან გვახარებს. სადაც კი ჩავდივართ, ყველგან კლუბის მაისურებში გამოწყობილი უამრავი ადამიანი გვხვდება. ეს ბიჭებს დამატებით სტიმულს აძლევს. ვაშინგტონში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ვითამაშეთ და ამ შეხვედრის წინ ჩვენთან კობი ბრაინატი მოვიდა. ლოს ანჯელესის “ლეიკერსის” ვარსკვლავმა გვითხრა, რომ ჩვენი ფანია. მოხარული ვარ, “ბარსას” მომხრეთა რიგებს უპირველესი საკალათბურთო ვარსკვლავიც რომ შეუერთდა.
- როგორ მიდის მზადებ ესპანეთის სუპერთასისთვის? პრინციპულ მოწინააღმდეგესთან, მადრიდის “რეალთან” დასაპირისპირებლად მზად ხართ?
- ჯერჯერობით მზადების პროცესში ვართ. ხელისშემშლელ მიზეზად მოჭარბებულ ტრავმებს დავასახელებდი, თუმცა, სუპერთასისთვის, სავარაუდოდ, ყველანი მწყობრში ჩადგომას მოასწრებენ. სადღეისოდ ძნელი სათქმელია, ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით თუ არა მადრიდელებთან დაპირისპირებას. როდესაც ძირითადი შემადგენლობა მთლიანად შეიკრიბება, უფრო კონკრეტულად შემეძლება საუბარი.
- როდის იკრიბება გუნდი მთლიანი შემადგენლობით?
- 8 აგვისტოს ყველანი ერთად ვიქნებით, მადრიდში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე კი გადავწყვეტთ, რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ სუპერთასის პირველ შეხვედრაში. არ გამოვრიცხავ 14 აგვისტოს მატჩში მონაწილეობა მიიღოს ლეო მესიმ, აგრეთვე, დანი ალვეშმა, ხავიერ მასკერანომ და გაბრიელ მილიტომ.
- მადრიდის “რეალთან” შეხვედრისას მწვრთნელთა ფსიქოლოგიური ომიც მიდის. მზად ხართ ჟოზე მოურინიოსთან დასაპირისპირებლად?
- ფსიქოლოგიური ომი ხმამაღლაა ნათქვამი. “ბარსელონა” და “რეალი” პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან და ჩვენი მეტოქეობით გულშემატკივრები და მთლიანად ფეხბურთი მოგებული რჩება. ჩვენც და კასტილიელებსაც საკუთარი ძლიერი მხარები გვაქვს. რომელი გუნდიც თავის საუკეთესო თვისებებს სრულად წარმოაჩენს, გამარჯვებულიც ის რჩება ხოლმე. მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც ერთმანეთის ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები კარგად ვიცით. “ბარსელონა” ყოველმხრივ შეეცდება, საკუთარი კოზირები სრულად გამოავლინოს და გამოიყენოს. ჩვენ მამაცები, ტექნიკურები და სწრაფები ვართ. ამის დემონსტრირებას სუპერთასზეც შევეცდებით.
- ხავისა და კარლეს პუიოლის ტრავმები საგონებელში არ გაგდებთ?
- ორივე მათგანის აღდგენითი პროცესი დასასრულს მიუხლოვდა. ჩვენი საკვანძო ფეხბურთელები მალე მწყობრში იქნებიან.
- გულშემატკივრები მათ წინასასეზონო მატჩებში იხილავენ?
- ხავისა და პიკეს აუცილებლად ვათამაშებ. შესაძლოა, მათ “გვადალახარას” წინააღმდეგაც (ამ მექსიკურ გუნდთან “ბარსელონა” ჩვენი დროით ხვალ გამთენიისას ითამაშებს-რედ) იასპარეზონ, პუიოლს რაც შეეხება, მისთვის მინდორზე სათამაშოდ გასვლა ჯერჯერობით ნაადრევია.
- წინასასეზონო ტურნეს მიმდინარეობით კმაყოფილი ხართ?
- ნაკლებად. სამწუხაროდ ტესტ-მატჩებში ტრავმები თავიდან ვერ ავიცილეთ – სორიანო და აფელაი დაგვემტვრნენ.
- “ბარსელონას” ჩილელ ახალწვეულ ალექსის სანჩესზე რას გვეტყოდით?
- მან “ბარსას” დიდი სამსახური უნდა გაუწიოს. თუ ასე არ მოხდა, საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. სანჩესს ევროპაში თამაშის გამოცდილება არ აქვს და ჩვენი ხოველმხრივი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.  
- “ბარსელონას” შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია თუ კიდევ აპირებთ ტრანსფერების განხორციელებას?
- ამჟამინდელი შემადგენლობით უკმაყოფილო არ ვარ. მხოლოდ ერთი ტრანსფერის განხორციელებაღა დაგვრჩა. ყველანი ხვდებით, რომელ ფეხბურთელსაც ვგულისხმობ. თუკი სესკ ფაბრეგასთან დაკავშირებით გარიგება არ შედგა, რამდენიმე მოთამაშეს Juvenil-დან ვუხმობ.
- 8 აგვისტოს კატალონიის თასის ნახევარფინალში ტარაგონას “ჟირონასთან” მოგიწევთ თამაში. რამდენად სერიოზულად უდგებით ამ ტურნირს?
- კატალონია ჩვენი სამშობლოა და როგორ შეიძლება, მისი თასის ნახევარფინალს უპასუხისმგებლოდ მივუდგეთ. 8 აგვისტოს საღამოს ტარაგონას Nou Estadi-ზე სათამაშოდ გასული ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელი დიდი მონდომებით იპაექრებს.

 

გოჩა კაჭარავა

0.122556