ინტერვიუები

3:52 | 22.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ გვარდიოლა: "განმეორებით შეხვედრაში "ინტერს" დიდი განსაცდელი ელის"

ხოსეპ გვარდიოლას “ბარსელონას” ტრიუმფული სვლა გუშინწინ “სან სიროზე” ჟოზე მოურინიოს “ინტერმა” შეაჩერა. “ნერაძურიმ” “ბლაუგრანა” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი გაიჩინა, თუმცა, კატალონიელები ჩრდილოიტალიელებს იოლად რომ არ დაუთმობენ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მადრიდში გამგზავრების უფლებას, ძნელი საპროგნოზო არაა. 28 აპრილს, ბარსელონას “კამპ ნოუზე” კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ორთაბრძოლის მომსწრენი შევიქნებით, დღეს კი მილანურ დაპირისპირებაზე “ბარსას” მთავარი მწვრთნელის თვალსაზრისს გაგაცნობთ.
- მილანის “სან სიროზე” “ბარსელონაში” დამრიგებლად მუშაობის პერიოდში თქვენთვის რამდენიმე უარყოფითი მოვლენა პირველად მოხდა. რაც კამპნოუელებს ჩაუდექით სათავეში, გუნდი პირველად დამარცხდა 2 ბურთის სხვაობით. ამასთან, აქამდე, არ დამარცხებულხართ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში და მიმდინარე სეზონში არც იმ შემთხვევაში წაგეგოთ, მეტოქეს მატჩის დასაწყისში რომ უტანდით. მაინც რაა “ბარსას” მილანური ფიასკოს უპირველესი მიზეზი?
- ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში დამარცხების ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები არსებობს. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია გამოსვლა, თანაც, მის მინდორზე და იტალიელი ქომაგები მეტად აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის საყვარელ კლუბს. “ჩელსისთან” მოგების შემდეგ მილანელების თამაშმა მეტი თავდაჯერებულობა და მრავალფეროვნება შეიძინა. ყოველივე ეს ჩვენს საამმატჩო სისუსტეებს მაინც ვერ გაამართლებს. მარტივ სიტუაციებში ბურთს ვკარგავდით, რაც “ინტერს” სწრაფი კონტრიერიშების წარმოების საშუალებას აძლევდა. მოურინიოს გუნდი ზედმიწევნით კარგად იყენებს ამგვარ შანსს, რაც კონკრეტულად ჩვენი უკანახაზელების ზურგსუკან “ინტერის” ფორვარდების თავისუფალ ზონაში გაყვანასა და იქ მათი ზუსტი გადაცემებით მომარაგებაში გამოიხატა. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, კარგად ვერ ვითამაშეთ. გოლის გატანის შემდეგ ძნელია “ბარსელონას” გამოსვლას ფეხბურთის თამაში დაარქვა. ჩვენი ფეხბურთელების მოძრაობაში აზარტი არ ჩანდა. შეხვედრის მიწურულს ტემპის მომატებით, მოწინააღმდეგის ნახევარზე თავისუფალი ზონების შექმნა ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად იმისა, ასპარეზობის ზოგიერთ ეპიზოდში “ინტერს” რომ გაუჭირდა, მთლიანობაში მილანელები ზუსტად მისდევდნენ დასახულ წინასამატჩო გეგმას და მათ წინაშე მდგომი ამოცანა წარმატებით გადაჭრეს. ვიმეორებ, ძალიან ორგანიზებული და ძლიერი გუნდი დაგვიპირისპირდა, მაგრამ წინ განმეორებითი შეხვედრა გველის, რომელშიც საბოლოო მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ.
- მატჩის მსვლელობისას უკმაყოფილებას არ მალავდით მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თქვენი აზრით, არბიტრი ხშირად ცდებოდა?
- “ინტერის” მეორე გოლის გატანამდე მეტოქემ თამაშის წესი დაარღვია მესისთან ორთაბრძოლისას, მესამე ბურთი ჩვენს კარში კი სულაც ოფსაიდიდან გავიდა. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ “ბარსელონა” უფრო მეტჯერ დაჯარიმდა, ვიდრე “ინტერი”. ეს მხოლოდ და მხოლოდ მსაჯის მიერ წესების თავისებური ხედვის “დამსახურებაა”.
- შეხვედრის ანალიზის დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა, ერთი საკამათო გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, ყველასთვის ცხადია. ზლატან იბრაჰიმოვიჩის ერიკ აბიდალით შეცვლას ვგულისხმობთ...
- იბრა თითქმის 20 დღის განმავლობაში არ თამაშობდა, “ინტერთან” შეხვედრამდე პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში კი მხოლოდ 10 წუთით მიეცა ასპარეზობის საშუალება. იგი 2 კვირის განმავლობაში თითქმის აღარც კი ვარჯიშობდა, ამიტომაც საათზე მეტი სათამაშო დრო მისთვის არ უნდა მიმეცა. ვიცი, ბევრი გამაკრიტიკებს და იტყვის, ცენტრფორვარდის გარეშე თამაში როგორ შეიძლებაო, მაგრამ მათ შარშან “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ “ელ კლასიკოს” შევახსენებ. ცენტრალური თავდამსხმელი მაშინაც არ გვყოლია, მატჩი კი 6:2 მოვიგეთ.
- თქვენივე სიტყვებს თუ დავესესხებით, საფუძვლიანი ანალიზის დრო ჯერ არაა დამდგარი, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, წაგების ერთ-ერთი მიზეზი “ბარსელონას” მიერ სამატჩოდ ავტობუსით დაფარული გრძელი და დამღლელი მოგზაურობაა...
- რასაკვირველია გვერჩივნა, მილანში თვითმფრინავით ჩავსულიყავით. არც ისაა საკამათო, მომქანცველი გზა რომ გავიარეთ. ექიმი არ ვარ და ვერ გეტყვით, როგორ იმოქმედა ბიჭების ფიზიკურ მდგომარეობაზე სახმელეთო ტრანსპორტით მრავალსაათიანმა მგზავრობამ, მაგრამ დაღლილობა თავის მართლების საბაბად არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაქციოთ. წაგების მიზეზი უპირველესად სუსტ თამაშში უნდა ვეძებოთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ნებისმიერი სახის პრობლემა თავდადებამ უნდა გადაფაროს. ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრას “კამპ ნოუზე” შევეცდებით. “ინტერს” მოგებას ვულოცავ, მაგრამ ვაფრთხილებ, განმეორებით შეხვედრაში დიდი განსაცდელი ელის.
- რამდენად იმედიანად შეხვდებით საპასუხო შეხვედრას?
- “კამპ ნოუზე” მოწინააღმდეგეს პირველივე წუთიდან მასირებულად შევუტევთ და ყოველმხრივ შევეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას. ბიჭებს ზედმეტი მოტივაცია არ დასჭირდებათ, ისინი მინდორზე თავს დადებენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს მაყურებლის მხარდაჭერის, რომელსაც დამატებითი სტიმულის როლი არაერთხელ შეუსრულებია და ეჭვიც არ გვეპარება, ამჯერადაც ასე იქნება. “ინტერს” ბევრ თავსატეხს გავუჩენთ, ერთ “საიდუმლოს” კი ახლავე გავამხელ – მატჩის წინ მინდორს წყლით მოვრწყავთ, რათა ბურთმა გაზონზე უფრო სწრაფად ისრიალოს. ფინალში გასვლის შანსი რეალურია და მის სისრულეში მოყვანას აუცილებლად შევეცდებით.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.141878