მადრიდის “რეალის” 24 წლის ფორვარდმა ხოსე კალიეხონმა საინტერესო ინტერვიუ მისცა AS-ის ჟურნალისტებს. კასტილიელთა გრანდის აღზრდილი რეპორტიორს საკუთარ განწყობასა და სამომავლო ამოცანებზე ესაუბრა.
- სამი სეზონი ბარსელონას “ესპანიოლში” გაატარეთ. მშობლიურ კლუბს გასული წლის ზაფხულიდან დაუბრუნდით. რა განწყობა დაგეუფლად “სანტიაგო ბერნაბეუზე” კიდევ ერთხელ მოხვედრის შემდეგ?
- კმაყოფილების. “ესპანიოლში” ყოფნის პერიოდში, ყოველთვის ერთი სული მქონდა, როდის დავუბრუნდებოდი საშინაო გარემოს. როგორც კი მადრიდის “რეალმა” თავისთან მიხმო, ცხადია, ერთი წამითაც არ მიყოყმანია, კასტილიაში ისე ჩამოვედი. ფეხბურთელმა მეტი რაზე უნდა იოცნებოს – მე ხომ საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად ვვარჯიშობ და ვასპარეზობ. “რეალში” საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად, აგრეთვე დიდოსტატებისგან ბევრი ნიუანსის სასწავლად მოვედი.
- ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობით კმაყოფილი ხართ?
- პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი თავისადმი რწმენა კიდევ უფრო განმიმტკიცა. მოურინიოსთან ურთიერთობის პირველსავე დღეს ვიგრძენი, სეუ ჟოზე რომ მენდობოდა და ამან ფრთები კიდევ უფრო შემასხა. მოურინიო ლაკონურად და გასაგებად ამბობს სათქმელს, ერთგულად, პატიოსნად და მოუღლელად მუშაობს, რაც მის მიმართ ნებისმიერ ფეხბურთელს პატივისცემით განაწყობს.
- ბევრს საუბრობენ, თითქოს მოურინიო “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო სეზონს ატარებს. როგორ გგონიათ, პორტუგალიელი დამრიგებელი “სანტიაგო ბერნაბეუს” მაისში დატოვებს?
- სეუ ჟოზე “რეალში” ნაყოფიერად მუშაობს, თავს კარგადაც გრძნობს და ნაკლებად სავარაუდოა, მან სხვა გუნდის გაწვრთნა მოიწადინოს. მოურინიო მიზანმიმართულად ცდილობს “რეალთან” ერთად წარმატებების მიღწევას, აუღელვებლად უძღვება მინდობილ საქმეს, ტიტულების მოგებას ლამობს და სავარაუდოდ, მიზანსაც მიაღწევს. ვფიქრობ, სეუ ჟოზე მოწადინებულია “რეალში” დარჩენით.
- როგორ თვლით, პრიმერა დივიზიონის საამსეზონო ჩემპიონის ვინაობა უახლოეს მატჩებში გადაწყდება?
- პირველობის ოფიციალურ განაღდებამდე, ნებისმიერ შეხვედრას ისე მივუდგებით, როგორც გადამწყვეტს. წაფორხილების უფლება არ გვაქვს, ამიტომაც ყოველ მომდევნო მატჩზე ვართ მაქსიმალურად მობილიზებულები და სწორედ “ლევანტესთან” მორიგი შეხვედრაა ჩვენთვის მთავარი.
- საქმე არჩევანზე რომ მიდგეს, პრიმერა დივიზიონის მოგება გირჩევნიათ თუ ჩემპიონთა ლიგის?
- მიზნად ორივე ტურნირის მოგება გვაქვს დასახული. მადრიდის “რეალის” მიზანი ყველა შეჯიბრების მოგებაა. სამწუხაროა, წლეულს “სამეფო თასზე” გამარჯვებას რომ ვერ შევძლებთ.
- ესპანეთის თასიდან გავარდნა “რეალისთვის” დადებითი მომენტიც ხომაა – ლა ლიგასა და ევროტურნირზე შედარებით დასვენებულები ითამაშებთ...
- თასის მოგება გვსურდა და მეოთხედფინალში “ბარსელონასთან” წაგებამ გული დიდად დაგვწყვიტა. საპატიო პრიზის მოგება უფრო მეტ ენერგიას შეგვძენდა, ვიდრე ნახევარფინალსა და გადამწყვეტ მატჩში დავხარჯავდით.
- “ბარსელონას” ასპარეზობას ყურადღებით ადევნებთ თვალ-ყურს. შესაძლებელია, კატალონელებმა მომდევნო რამდენიმე შეხვედრაში ქულები დაკარგონ და “რეალს” ამოცანა გაუადვილონ?
- “რეალი” მხოლოდ საკუთარ წარმატებულ ასპარეზობაზეა ორიენტირებული და მოწინააღმდეგეების წაგებას ჩასაფრებულები არ ვართ. აკი მოგახსენეთ, ამჟამად მხოლოდ “ლევანტესთან” დაპირისპირებაზე და მორიგი 3 ქულის მოპოვებაზე ვფიქრობთ.
- თქვენი აზრით, რაა იმის მიზეზი, “ბარსელონას” სადღეისოდ 7 ქულით რომ უსწრებთ?
- ჩვენი საქულე უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ მოუღლელი შრომის დამსახურებაა. ინტენსიური წვრთნა ლაღად, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას გვაძლევს. ეს უპირატესობა საფინალო ტურებამდე უნდა შევინარჩუნოთ. ისე კი, ესპანური ლა ლიგა დღითიდღე სულ უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ავიღოთ თუნდაც “ხეტაფესთან” ბოლო ტურის მატჩი – 3 ქულა დიდი ბრძოლის შემდეგ ავიღეთ.
- “რეალში” ეგრეთ წოდებულ მეთორმეტე მოთამაშედ მოიაზრებით. ეს როლი გაკმაყოფილებთ?
- სავსებით. ვცდილობ, ნებისმიერი შანსი გამოვიყენო, რომელსაც მწვრთნელი მაძლევს. მადრიდის “რეალისთვის” ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ.
- “ფურია როხაში”?
- ესპანეთის ნაკრებში თამაში ჩემი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნებაა. თუკი “რეალში” კარგად ვიასპარეზებ, ეროვნულ გუნდშიც მიმიწვევენ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ