მორიგ “ელ კლასიკოში” დამარცხება მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს. ჯერ ერთი, კატალონიურ გრანდთან წაგება კასტილიელთათვის ყოველთვის გულდასაწყვეტია, ამასთან, “სანტიაგო ბერნაბეუზე” პრინციპულ მოწინააღმდეგესთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების დათმობამ მადრიდელთა საჩემპიონო შანსი მინიმუმამდე შეამცირა. მადრიდელთა ქომაგები მომხდარის ახსნას კლუბის ხელმძღვანელებისა და გუნდის მწვრთნელებისგან ითხოვენ. გულშემატკივართა ინტერესის დასაკმაყოფილებლად პოპულარულმა გამოცემა AS-მა “რეალის” არგენტინელ გენერალურ დირექტორ ხორხე ვალდანოს მიმართა და რეპორტიორისა და ფუნქციონერის დიალოგისას გაირკვა, მადრიდელებს ჩემპიონობის მოპოვების იმედი ჯერ კიდევ გადაწურული რომ არ აქვთ.
- როგორ გგონიათ, პრიმერა დივიზიონი წაგებულია?
- არავითარ შემთხვევაში.
- “ელ კლასიკოში” მარცხის შემდეგ, ამაზე უკვე ღიად “რეალის” ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც კი საუბრობენ...
- გულშემატკივრის ხასიათი და ამა თუ იმ მოვლენის შეფასება ცვალებადია. მოკლედ მოგახსენებთ კლუბის ოფიციალურ პოზიციას. არც ხელმძღვანელები, არც გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები საჩემპიონო რბოლას დასრულებულად არ ვთვლით და დარჩენილ მატჩებში ძალის მაქსიმალური მობილიზებით ბრძოლას ვაპირებთ. ფინიშამდე 7 ტურია დარჩენილი და ყოველმხრივ შევეცდებით, ამ მატჩებში 21 ქულა ავიღოთ. მადრიდის “რეალს” ვადაზე ადრე დანებების უფლება არ გვაქვს. ბოლომდე ბრძოლას გუნდის ტრადიცია და დღევანდელობა გვავალდებულებს. რა უფლება გვაქვს, გულშემატკივარს იმედი გავუცრუოთ და კაპიტულაცია ვადაზე ადრე გამოვაცხადოთ.
- უნდა ვაღიაროთ, რომ სადღეისოდ პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” თქვენს გუნდზე უფრო სოლიდურად გამოიყურება. ლა ლიგას დასკვნით ეტაპზე კატალონიელებს “რეალზე” უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვთ და კამპ ნოუელები ის გუნდი არაა, რომელიც მიღწეულს დათმობს...
- იმის მიუხედავად, ტიტულს მოვიგებთ თუ არა, “რეალი” ვალდებულია ყველა დარჩენილ შეხვედრას ისე მიუდგეს, როგორც ფინალურს. თუკი შვიდივე მატჩი მოვიგეთ, ჯამში 98 ქულა დაგვიგროვდება, რითაც პრიმერა დივიზიონის აბსოლუტურ რეკორდს დავამყარებთ. ამიტომაც 16 მაისამდე მაქსიმალური კონცენტრაციით ვიასპარეზებთ, ჩემი მხრიდან კი გუნდის ათეულ მილიონობით ერთგულ ქომაგს ვპირდები, რომ ბიჭები თავიანთი შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად არაფერს დაიშურებენ. ამასთან, გულის სიღმეში იმედს ვიტოვებთ, “ბარსელონა” მინიმუმ ორ მატჩში რომ წაიფორხილებს.
- დავუბრუნდეთ “ელ კლასიკოს”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი პუბლიკა “რეალისგან” გაცილებით უკეთეს თამაშს ელოდა, პელეგრინის გუნდმა კი არადამაჯერებლად იასპარეზა. რატომ?
- ჯერჯერობით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. შესაძლოა, ბიჭებმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს. პირველ წრეში, “კამპ ნოუზე” “რეალი” გაცილებით უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა.
- სეზონის დასრულების შემდეგ მანუელ პელეგრინის დათხოვნას აპირებთ?
- კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ენდობა და მხარდაჭერას უცხადებს.
- მომავალი ზაფხულიდან “სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალი ვარსკვლავების გამოჩენა თუ იგეგმება?
- დღეს ამ თემაზე საუბრის შესაფერისი მომენტი არაა. საამისოდ მოსაფიქრებელი დრო სეზონის დასრულების შემდეგ საკმარისად გვექნება, განხორციელებული ტრანსფერების თაობაზე კი თქვენი, ჟურნალისტების მეშვეობით გულშემატკივარი ოპერატიულად შეიტყობს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ