კალათბურთში ევროპის 2009 წლის ჩემპიონი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და პეკინის ოლიმპიადის პრიზიორი ესპანელი კალთბურთელი ხორხე გარბახოსა ამჟამად ტელეკომენტატორია. 35 წლის ესპანეთის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, თავისი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციაში მუშაობს. სლოვენიაში მიმდინარე ევროპირველობაზე გარბახოსა ესპანეთის მედია ჯგუფის საკალათბურთო ექსპერტია. FIBAEუროპე.ცომ-მა ესპანელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
_ ევროპირველობის დაწყებამდე იყო საუბარი, რომ ესპანეთის და ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს ვარსკვლავები აკლიათ და სანახაობაც ნაკლები იქნებოდა, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ პირველ რიგში ჩვენ ჩემპიონატზე გვყავს მარკ გასოლი, რუდი ფერნანდესი, სერხიო როდრიგესი, ვასილას სპანულისი, ნენად კრსტიჩი, ნიკოლას ბატუმი, ტონი პარკერი, მეორეს მხრივ, დასანანია ჩემპიონატზე დირკ ნოვიცკის, პაუ გასოლის და ანდრეი კირილენკოს არყოფნა. მაგრამ აქ არიან შესანიშნავი კალათბურთელები, რომლებიც საკუთარ ნაკრებებს გუნდურად კრავენ და კარგ კალათბურთს აჩვენებენ. მაგალითად იტალია ბარნანისა და გალინარის გარეშე თამაშობს, თუმცა მათი გუნდი მაინც ბრწყინვალედ ასპარეზობს. ვფიქრობ, რომ ევრობასკეტის თამაშებმა აქტუალურობა არ დაკარგა და ჩვენ მაღალი დონის კალათბურთის ხილვა კვლავ შეგვიძლია.
_ რას იტყვით ევრობასკეტის მატჩებზე?
_ ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებების კალათბურთელებს დაუჯერებელი ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. აქ ყველამ იცის, დაცვაში თამაში მნიშვნელოვანია. მონაწილე გუნდებს თავდასხმაში ბევრი კალათბურთელი ყავთ, რომელთაც შეუძლიათ ქულები მიითვალონ და თუ დაცვაში მაღალი დონით შეძლებ თამაშს, ტურნირის მოგების საუკეთესო შანსი გაქვს.
_ როგორია ევროპული კალათბურთის ხასიათი?
_ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ განსხვავებაზე ამერიკულ და ევროპულ კალათბურთს შორის. ამავდროულად ევროპაშიცაა განსხვავება იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატებს შორის. ჩვენ ბურთს ხშირად ვკარგავთ ხოლმე, NBA-ში კი ამ მხრივ უკეთესად ირჯებიან, ისინი თამაშიდან თამაშამდე აუმჯობესებენ ხარისხს. NBA-ის ევროპელ კალათბურთელებს კი ადვილად შეუძლიათ ევრობასკეტზე საუკეთესო თამაშები აჩვენონ.
_ ევრობასკეტ-2013 დასამახსოვრებელი იქნება?
_ წინა ჩემპიონატების მსგავსად წლევანდელი ტურნირიც დასამახსოვრებელი იქნება. პირველ რაუნდში ნაკრებებს შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გამოულენიათ. მეორე რაუნდში კი უკვე დაიწყეს 100%-ით დახარჯვა და შემდგომ ეტაპებზე უფრო სანახაობრივ და ხარისხიან კალათბურთს ვიხილავთ.
_ გავრცელებული აზრის თანახმად, ესპანეთი ტურნირის ფავორიტი არაა...
_ ნაკრების კალათბურთელები ასე ნამდვილად არ ფიქრობენ. გუნდი პატივისცემით ეპყრობა გულშემატკივრების და მედიის აზრს. ესპანეთმა იცის საკუთარი და მოწინააღმდეგე გუნდების შესაძლებლობები. როდესაც გუნდი რვა საუკეთესოში მოხვდება ამის შემდეგ იწყება ესპანეთზე საუბარი. ჩვენ რამდენიმე გამოცდილი კალათბურთელი გვაკლია, მაგრამ მათ გარეშეც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტები ვართ. ჩვენ ვიცით რა არის საჭირო მოსაგებად და აქ ტიტულის დასაცავად ჩამოვედით.
გიორგი ბალახაძე