კალათბურთი

17:49 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ მოსამზადებელი ციკლი მარცხით გახსნა

რეპეშას გუნდი მაკედონიელებთან რევანშის აღებას ზაგრებში ეცდება

როგორც იცით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში პირველ საკონტროლო მატჩს დღეს იტალიის წინააღდეგ ჩაატარებს. ცხადია, უქმად არც ევრობასკეტზე ქართველთა მეტოქეები არიან. ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა საწყისი მოსამზადებელი შეხვედრა სლავონსკი ბროდში მაკედონიასთან ჩაატარა და 74:78 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ იასმინ რეპეშას შეგირდებმა გაცილებით ყოჩაღად დაიწყეს და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით იგებდნენ, თუმცა, მე-2 ტაიმში საქმე ცუდად წაუვიდათ. გადამწყვეტი დასკვნითი ათწუთეული გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 23:18 მოიგეს და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს.

ერთ-ერთი ლიდერის პერო ანტიჩის არყოფნაში, მაკედონიელებს ვოიდან სტოიანოვსკიმ (18 ქულა) და ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ბო მაკკალებმა (16) ულიდერეს, ხორვატთაგან კი საუკეთესონი ანტე ტომიჩი და ბოიან ბოგდანოვიჩი იყვნენ 15-15 ქულით.

საინტერესოა, რომ რეპეშამ თამაშის განმავლობაში მხოლოდ 9 კალათბურთელი დატვირთა, ეს კი, იქიდან გამომდინარე, რომ მატჩი მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა, მოულოდნელი გახლდათ. დღეს, ხორვატები მაკედონიას უკვე ზაგრებში დაუპირისპირდებიან და რევანშის აღებას ეცდებიან.

ცნობისთვის, სლოვენიაში გამგზავრებამდე ხორვატებს კიდევ 13 მატჩი ელით, რომელთა განრიგს ქვემოთ შემოგთავაზებთ, აქ კი დავძენთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფში ხორვატიას და საქართველოს მეტოქეებად ესპანეთის, სლოვენიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ეყოლებათ. ქართულ-ხორვატული დაპირისპირება ქალაქ ცელიეში პირველი ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, 5 სექტემბერს შედგება.

 

ხორვატია – მაკედონია 74:78 (18:15, 24:22, 14:18, 18:23)

ხორვატია: ტომიჩი (15 ქ. 6 მ. 4 პ.), ანდრიჩი (4 ქ.), ბოგდანოვიჩი (15 ქ. 7 მ. 4 პ.), რუდეზი (3 ქ.), ტომასი (6 ქ.), უკიჩი (10 ქ.), მარკოტა (10 ქ.), დელაში (2 ქ.), სარიჩი (9 ქ.).

 

ხორვატების დარჩენილი მოსამზადებელი გეგმა

7 აგვისტო: ხორვატია – მაკედონია

9-11 აგვისტო: ტურნირი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში (საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, საბერძნეთი)

9 აგვისტო: ხორვატია – საბერძნეთი

10 აგვისტო: ხორვატია – საფრანგეთი

11 აგვისტო: ხორვატია – გერმანია

12-21 აგვისტო: შეკრება დუბროვნიკში

15 აგვისტო: ხორვატია – ჩერნოგორია

16 აგვისტო: ხორვატია – ჩერნოგორია

18 აგვისტო: ხორვატია – ლატვია

19 აგვისტო: ხორვატია – ლატვია

19-21 აგვისტო: დასვენება

23-25 აგვისტო: ტურნირი თურქეთის ქალაქ სტამბულში (თურქეთი, ხორვატია, ბელგია, სერბეთი)

26 აგვისტო-2 სექტემბერი: შეკრება ცრიკვენიცში

2 სექტემბერი: გამგზავრება სლოვენიაში

 

ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები

5 აგვისტო

ლიტვა – ბელგია 86:61

 

6 აგვისტო

გერმანია – საფრანგეთი 84:89

ლიტვა – ბელგია 66:53

0.224821