ხორვატულ ოპატიაში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 ტური მიილია, ქალთა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი კი ქართველი თამარ ხმიადაშვილი (2158) შეიქმნა. გასულ ტურში მან შავი ფიგურებით რუსი სვეტლანა მიედნიკოვა (2166) დაამარცხა და თავი 4.5 ქულას მოუყარა.
ქართველი მოჭადრაკე იმყოფება მე-2 ადგილზეც. ნინო მელაშვილმა (2126) ასევე შავებით რუს ნატალია ტიტორენკოს (2143) სძლია და 4.0 ქულა მოაგროვა.
წარმატებული დღე ჰქონდა რეიტინგის მიხედვით უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ნონა გაფრინდაშვილსაც (2312). მან შავი ფიგურებით ინგლისელ ინგრიდ ლაუტერბახს (2132) მოუგო და 3.5 ქულა გააჩნია. გაფრინდაშვილი 3.5 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 პოზიციაზეა.
17 ნოემბერი ტურნირზ დასვენების დღედ არის გამოცხადებული, 18-ში კი მე-6 ტურის პარტიები შედგება. გაფრინდაშვილი მელაშვილს ეთამაშება, ხოლო ხმიადაშვილის მეტოქე რუსი ტატიანა ბოგუმილი (2074) იქნება.
მამაკაცთა ტურნირში დაუმარცხებლად ასპარეზობს სერგო ცომაია (1859). იგი შავი ფიგურებით ამერიკელ ფაბიო ლა როტას (2258) დაუზავდა და მართალია, მხოლოდ 179-ე განთესვა (!) გააჩნია, 6 ტურის თავზე 3.5 ქულით მე-19 ადგილზეა. მომდევნო ტურში ცომაია თეთრებით შვედ მაგნუს ვალბომს (2304) ეთამაშება.