ბოლო დღეებში, ძიუდოს ფედერაციაში ატეხილმა და მერე ძლივს ჩაწყნარებულმა ხმაურმა, გუშინ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გადმოინაცვლა, სადაც ფედერაციის აღმასკომი მიმდინარე სეზონის შესაჯამებლად შეიკრიბა.
სხდომას ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე უძღვებოდა. აღმასკომს ესწრებოდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია გალდავა.
სხდომაზე ხმაური თავიდანვე ატყდა, როცა ჭიდაობის ფედერაციის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ რომან რურუამ პროტესტის ნიშნად სხდომაც დატოვა და როგორც გაირკვა, თანამდებობაც.
რურუა ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივანს, მალხაზ ჯორბენაძეს მოსკოვიდან გამოგზავნილი მოსაწვევის დამალვაში ადანაშაულებდა, სადაც მისთვის საგანგებო ჯილდო უნდა გადაეცათ მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ქართულმა დელეგაციამ, რურუას ეს ჯილდო სამშობლოში ჩამოიტანა, მაგრამ ვეტერანმა სპორტსმენმა მის მიღებაზე უარი განაცხადა, სხდომა დატოვა და გარეთ გამოსულმა გვარიანად ხმაურიანი განცხადებებიც აკეთა.
რომან რურუა: “ქართული ჭიდაობა იღუპება! რა ვქნა, რა გავაკეთო?! გამომიძებნონ ფუნქცია, დამავალონ რამე! ამას გავიძახი რამდენი ხანია, მაგრამ ვინ მაქცევს ყურადღებას?! მოდი და ჩვენს გვერდით დადექიო. გამაგებინეთ ვინმემ, რას ნიშნავს ეს “ჩვენს გვერდით დადექი”, მთელი საქართველო ამას რომ გაიძახის?! ვითომ, გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ამასობაში, დაიქცა ქვეყანა. მე ვერ მივაღწიე აქ მართვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომ ჩემი ადგილი ვიპოვო ჭიდაობაში და რაღაცა გავაკეთო. ფაქტიურად, უსაქმოდ ვარ და რა მინდა საერთოდ ამ ფედერაციაში?! ამას დაემატა ისიც, რომ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ მიმიწვია მოსკოვში ჯილდოს მისაღებად. მთელი თვე იდო ეს მოწვევა ფედერაციაში და კაციშვილმა არ გამაგებინა. დიახ, დამიმალა ბატონმა გენერალურმა მდივანმა! მარა, მარტო გენერალური მდივანი რას დამალავდა, თუ მას ზემოდან არ მიუთითეს?! ჩამომიტანეს ახლა აქ ეს ჯილდო, რომელიც მსოფლიოში სულ რვა სპორტსმენს აქვს და მათ შორის, მეც. ხელს არ მოვკიდებ მაგ დაფას თუ რაცაა. წაიღონ და იმ დარბაზში ჩამოკიდონ, სადაც ჩვენ გავიზარდეთ ჩემპიონებად. იქნებ, აღარ დაანგრიოს და არ გაყიდოს ის დარბაზი უგულავამ! მაგრამ გაყიდეს უკვე, “ცენტრ პოინტმა” იყიდა. ახლა მეუბნებიან, იყიდე უკან შენო. სად მაქვს მე მაგდენი ათასები?! აღარ შეიძლება ამდენის მოთმენა. ჰოდა, ავდექი და რაც სათქმელი მქონდა, მოავხსენე მაგ აღმასკომს. უნდა შეიცვალოს ხელმძღვანელობა, შეიცვალოს მიდგომები. მათხოვრადაა ქცეული ყველა ფედერაცია და ყველა სახელმწიფოს შეჰყურებს ხელებში, რას გადმოგვიგდებენ. ფედერაცია უნდა იყოს დამოუკიდებელი ფინანსურადაც და თავისი გადაწყვეტილებების მიღებაშიც. წავედი მე, ჩემო ბატონო, ამათი არც ჭიდაობა მინდა და არც არაფერი. იმდენი ვიჭიდავე, აგერ მაქვს, ყელამდე!”- ამ სიტყვებით დატოვა რურუამ ფედერაციის შენობა.
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ კი, ასე უპასუხა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბრალდებებს: “ბატონმა რომანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თავად ვერ დაესწრო მოსკოვში ამ ჯილდოს გადაცემის ცერემონიალს. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, პირადად მე, ბევრი ვეცადე დავკავშირებოდი მას, რომ ამ მიწვევის შესახებ შეგვეტყობინებინა. არაერთხელ დავრეკე, მაგრამ ჩემს ნომერს არ პასუხობდა. მერე, მთლიანად გადმოვერთე ჩემპიონატისწინა სამზადისზე, რადგან ნაკრებებიც მისახედი იყო და უამრავი ტექნიკური წვრილმანი და პრობლემა, რაც ჩემს მოვალეობებში შედის.
თითქმის ერთი წელია, რაც მან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ჭიდაობის ფედერაციასთან. რამდენჯერაც დავურეკე, რა გინდათ ჩემგან, თავი დამანებეთო, ასე მიპასუხა. შეიძლება, ჩემი შეცდომაცაა და ამას ხმამაღლა ვამბობ, რომ სხვებისთვისაც უნდა დამევალებინა მასთან დაკავშირება, მაგრამ სწორად გამიგეთ, როცა ნაკრები გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, ფედერაციაში ათასი საქმეა და მთელი ყურადღება აქეთკენაა მიმართული. თორემ, რა სისულელეა, ვინ დაუმალავდა ამ ამბავს?!
არადა, ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საკმაოდ აქტიურად ჩაება ფედერაციის საქმიანობაში. თუმცა მერე, აშკარა ჩარევები დაიწყო მწვრთნელების საქმეში, რაც მის მოვალეობებში ნამდვილად არ შედიოდა. ჩვენზე გაბუტვას და გაბრაზებას, ჯობდა, ფედერაციის წესდებას გაცნობოდა და გაეგო, უშუალოდ რა შედიოდა მის მოვალეობებში, რომ მერე არ ეთქვა, ამ ფედერაციაში ჩემი თავი ვერ ვიპოვეო.”
ამის შემდეგ, სხდომა კვლავ დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა და ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრები გუნდების ბოლოდროინდელ გამოსვლებსა და შედეგებზე ისაუბრა. კახა გეწაძემ, მოჭიდავეების ასპარეზობას მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა და ახსნა-განმარტებებისთვის ტრიბუნასთან ჯერ ბერძენ-რომაელთა მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია, ხოლო შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა თავკაცი ზაზა თურმანიძე მიიწვია.
ბეგი დარჩიას ნაკრები, მოსკოვიდან უმედლოდ დაბრუნდა. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ ამ საკითხის გარშემო მწვავე დისკუსია გაიმართებოდა და ასეც მოხდა. საბოლოო ჯამში, გუშინდელ სხდომაზე, ყველაზე მეტი დრო, სწორედ, “კლასიკოსთა” გუნდში შექმნილ მდგომარეობას დაეთმო. ჟურნალისტების მიერ ბოლო დროს არაერთხელ გაჟღერებულ თემას “სპორტსმენთა არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე საწვრთნელი პროცესების მიმართ”, როგორც იქნა, მხარი მწვრთნელებმა და ფედერაციის ხელმძღვანელებმაც აუბეს და ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ. გაჟღერდა რამაზ ნოზაძის გვარიც, რომელიც, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენია, თუმცა, სატელევიზიო შოუებში უფრო ხშირად ჩანს, ვიდრე სავარჯიშო დარბაზში. არადა, გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, თუ რა დონის სპორტსმენია ნოზაძე და რა მიღწევები უკავშირდება მის სახელს. კახა გეწაძის თქმით, მან და ნოზაძის პირადმა მწვრთნელმა პირობა მიიღეს სპორტსმენისგან, რომ ის მთელი დატვირთვით ივარჯიშებს და მომავალ წელს, უმაღლეს შედეგებს აჩვენებს. გავიმეორებ, რომ მომძლავრებულ უდისციპლინობაზე და რეჟიმის დარღვევებზე ქართულ სპორტულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, მაგრამ მაშინ ჩვენი პოზიციები, ლამის, მტრის პოზიციებად შერაცხეს და თავიანთი საქმისთვისვე საზიანოდ, ხელი დააფარეს მათ, ვისმა არასპორტულმა საქციელებმაც სავალალო და სამარცხვინო შედეგებამდე მიიყვანა სპორტის ეს სახეობა. კარგ მთქმელს რომ კარგი გამგონი უნდა, ეგ ამბავი მოგეხსენებათ. ცუდი ის არის, რომ მცირედი კრიტიკის შემთხვევაშიც კი, ყველა თავისებურად გებუტება: კომენტარს აღარ გაძლევენ, გირეკავენ, ან შეხვედრისას გსაყვედურობენ და ა.შ. ჩვენი მოვალეობა კი, მხოლოდ წარმატებების შესახებ ყიჟინა და დროშების ფრიალი არაა და ამაზე მნიშვნელოვანი, ზოგჯერ, იმ შეცდომებზე მითითებაა, რომელთა გამოსწორებაც, უპირველესად, სპორტისა და სპორტსმენების ინტერესებში უნდა შედიოდეს. ამასობაში, თემას და აღმასკომს გვარიანად გადავუხვიეთ, მაგრამ არ იტყვი და მერე, იქით დაგდებენ ბრალს, არ წერთ, ჩემო ბატონო, ხმამაღლა არაფერს ამბობთ, ვიღაც-ვიღაცეებს ინდობთო. ჩვენ ჩვენი ვთქვით და გნებავთ, ხმამაღალ ნათქვამად მიიღეთ და გნებავთ - მშვიდ ტონალობაში.
მივყვეთ კვლავ აღმასკომს. ბეგი დარჩიას თავისი გამოსვლა ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა, რომ დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მოჭიდავემ, ბადრი ხასაიამ, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას და რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა აქტიური სპორტიდან წასვლის თაობაზე, სიტყვა ითხოვა. ხასაიას თქმით, “კლასიკოსთა” ბოლო შეკრება არასწორად იყო დაგეგმილი და მოჭიდავეებს თავისი წონის სპარინგ-პარტნიორები არ ჰყავდათ. მაშინ, როცა შეიძლებოდა, სამი შეკრებიდან ერთ-ერთი საზღვარგარეთ, კერძოდ, ბელარუსში გაკეთებულიყო, სადაც მოჭიდავეებს უამრავი სპარინგ-პარტნიორი ეყოლებოდათ. ხასაიამ მწვრთნელის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გააკეთა აქცენტი და მოჭიდავეები ბოლომდე დაიცვა - მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთო. როცა დარბაზში დაინტერესდნენ, თუ რა უნდოდა ხასაიას იმ შეკრებაზე, სადაც წესით, არ უნდა ყოფილიყო, მან უპასუხა, ბიჭების თხოვნით ჩავედიო (!). ამ გამოსვლას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა, თუმცა, ბეგი დარჩია თავის ყოფილ შეგირდთან დისკუსიაში არ შევიდა.
ხმაური ამით არ დამთავრებულა. მომდევნო კამათი ცნობილ სპორტსმენს, ლუკა კურტანიძესა და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ დავით გობეჯიშვილს შორის გაიმართა და კინაღამ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გობეჯიშვილს აღმასკომის სხდომაზე ზოგიერთი საკითხის მიმართ დაწვრილმანება არ მოეწონა; კურტანიძე კი, მისთვის საინტერესო კითხვებზე ითხოვდა ამომწურავ პასუხს. ეს ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა და მოგვიანებით, გობეჯიშვილმა მედიასთან მოიბოდიშა, ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან ნერვებს ვერ ვთოკავთო. კურტანიძემ კი, ამათთან (ფედერაციასთან) ლაპარაკს აზრი არ აქვსო და უკომენტაროდ დატოვა აღმასკომი და ფედერაციის შენობა.
ბეგი დარჩიას შემდეგ, “თავისუფლების” მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. ზაზა თურმანიძის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალი კმაყოფილების საფუძველს ვერ იძლევა, თუმცა ის, რომ ამ მედლებიდან ერთი, ახალგაზრდა ლევან ბერიანიძემ მოიპოვა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნამდვილად სასიხარულოაო.
დასკვნითი სიტყვა ფედერაციის პრეზიდენტმა წარმოთქვა და აღმასკომს შესთავაზა, მწვრთნელებისთვის მიეცათ კიდევ ერთი შანსი მომავალ ევროპის ჩემპიონატამდე, რასაც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, ფედერაციას ახალი მწვრთნელების მოძებნა მოუწევს. გეწაძემ, ასევე, კომენტარი გააკეთა რომან რურუას და ლუკა კურტანიძის ინციდენტებთან დაკავშირებითაც.
კახა გეწაძე: “ბატონი რურუა ჩემი ინიციატივით მოვიდა ფედერაციაში და თავის გადაწყვეტილებებში ის აბსოლუტურად თავისუფალია, თუკი გადაწყვიტა, რომ აქ აღარ უნდა იმუშაოს. ბოლო პერიოდში, ის განაწყენებული იყო და არ უნდოდა, რომ ფედერაციასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა; არ პასუხობდა გენერალური მდივნის სატელეფონო ზარებს. დღეს კი, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა. ეს იყო უბრალო პროვოკაცია, მეტი არაფერი. რაც შეეხება კურტანიძეს, პოლიტიკურ ოპოზიციონერობასთან ერთად, ის უკვე ფედერაციის ოპოზიციაც გახდა და ეს ტრიბუნა მისთვისაც საინტერესოდ გამოსაყენებელი აღმოჩნდა. მაგრამ კარგია, რომ ოპოზიცია ფედერაციაშიც გვყავს, რადგან ეს მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს და უფრო ფხიზლად ვიქნებით.
ნაკრებების მწვრთნელებს მივეცით კატეგორიული და მკაცრი გაფრთხილება და გამოსასწორებელი ვადები, რასაც, ვფიქრობ, კარგად გაიაზრებენ და ნაყოფიერად გამოიყენებენ.”
გამოსასწორებელი კი, მართლაც ძალიან ბევრია. ამ ხმაურიანი აღმასკომის შედეგები, უახლოეს შეჯიბრებებსა და ტურნირებზე გამოჩნდება. აქვე შეგახსენებთ, რომ რურუას წასვლის შემდეგ, ვაკანტურია ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც.
ეკა ელოშვილი