თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში, “ქაისერისფორმა”, სადაც ზურაბ ხიზანიშვილი გამოდის, საკუთარ მოედანზე რობერტო კარლოსის მიერ გაწვრთნილს “სივასსფორს” 1:0 აჯობა.
ქართველმა მცველმა “ქაისერის” შეუცვლელად უკაპიტნა, ხოლო მასპინძლებში ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე სეფა ილმაზმა გაიტანა.
თურქეთის ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო “ქასიმფაშასთვის”, რომელსაც შოთა არველაძე თავკაცობს. სეზონის სტარტზე სტამბოლელებმა “ქარაბიუქთან” სტუმრად 0:2 წააგეს.
უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში ლუცკის “ვოლინმა” შინ ლვოვის “კარპატის” ვერ მოუგო.
თემურ ფარცვანია ლუცკელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “კარპატის” რიგებში ევგენი ბოხაშვილი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ამბროსი ჩაჩუა სათადარიგოებში ჯდომით შემოიფარგლა. “ვოლინი” 5 ქულით 16 გუნდში მეთორმეტეა, ხოლო “კარპატი” 4 ქულით – მეთოთხმეტე.
ფინეთის იუკონენლიგის 21-ე ტურში, “კოოტეეპეემ” “ოულუს” სტუმრად 1:0 მოუგო. გამარჯვებულთა შორის გიორგი ოსიტაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. “კოოტეეპეეს” 37 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-3 ადგილზეა.
“კაიაანი” გასვლაზე სიკ-თან 0:1 წააგო. სტუმართა შორის კახა სამსონია თავიდან ბოლომდე გაისარჯა. “კაიაანი” 11 ქულით ბოლო ადგილზეა.