ფეხბურთი

15:35 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი: "ქეცბაიას ღვაწლი უნდა დავუფასოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი კვლავ უკლუბოდაა. ის ამჟამად თბილისის “ლოკომოტივთან” ერთად ვარჯიშობს და ახალი კლუბის ძიებაშია. "მსოფლიო სპორტთან" საუბრისას ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული კლუბებიდან შეთავაზება არ ჰქონია. ეროვნული გუნდის ყოფილ კაპიტანს ირლანდიასთან კვირას გამართული მატჩის შეფასება ვთხოვეთ. 

ზურაბ ხიზანიშვილი: გარედან სიტუაციის შეფასება ადვილია, ნაკრების წევრი ვიყავი და ვიცი რა ძნელია გახვიდე მოედანზე და წარმატებას ვერ მიაღწიო. ირლანდია სუსტად გამოიყურებოდა, ჩვენებმა უფრო კარგად ითამაშეს. დაცვითი ტაქტიკა ავირჩიეთ, რაღაც მომენტში გამართლებული იყო, რაღაც მომენტში _ არა. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტი იყო.

- ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დაიღალა... რას იტყვით, მოვიდა ნაკრებიდან მისი წასვლის?

- ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ნაკრებში მწვრთნელების ხშირი ცვლის, სპორტული თვალსაზრისით არაა გამართლებული. ქეცბაიას საკმარისი დრო ჰქონდა, აღვნიშნავ,  რომ მან იცის წარმატების ფასი და მოგების ჟინი ნამდვილად არ აკლია. ამდენი წარუმატებელი თამაშის შემდეგ, კაციც რომ არ იყო, კლდეც ჩამოინგრეოდა. არ ვიცი რას გადაწყვეტს, ყოველ შემთხვევაში ღვაწლი უნდა დავუფასოთ. ქეცბაია წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

- საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდია სტუმრად დაამარცხა, როგორ შეაფასებთ მათ თამაშს?

- თამაშისთვის არ მიყურებია და მარტო გოლი ვნახე. მიხარია მათი წარმატება. როგორც 19-წლამდელების, ასევე 21-წლამდელების სულისკვეთება დიდია და ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები, სწორედ რომ ქართულ სულისკვეთებაში ჯდებიან. მათ დიდი მომავალი აქვთ და ვიმედოვნებ, ისე განვითარდებიან, რომ ეროვნულ ნაკრების ბირთვს, მომავალში აუცილებლად შეავსებენ.

გიორგი ბალახაძე 

0.114839