ჭიდაობა

20:51 | 16.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილს ლიცენზიამდე ერთი მოგება დააკლდა, მედლამდე - ორი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის სტამბოლური მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო - ზაზა თურმანიძის გუნდის უმსუბუქესი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ექვსეულს მიღმა დარჩა და ვერც მედალი მოიპოვა და ვერც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ევროპირველობა ვენესუელელ ფერნანდო ხოსე პარედეს როხასთან ბრწყინვალე გამარჯვებით გახსნა – 7:0 7:0. ჩინელ მუდა ქის 6:0 6:0 სძლია, ხოლო ნამიბიელ ნაატალე სემ შილიმეას – 7:0 6:0.
ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან, ბულგარელ რადოსლავ მარინოვ ველიკოვთან წაგებით. ამ სამპერიოდიანი შეხვედრის პირველი პერიოდი ხინჩეგაშვილმა მოიგო - 1:0. მეორე-მესამეში კი 2:3 და 0:1 წააგო და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო. ერთი გამარჯვებაც და ლიცენზია განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ირანელ ჰასან რაჰიმთან ვეღარას გახდა და ჩემპიონატი მეშვიდე ადგილით დაასრულა.

ხვალ მედლები 60, 84 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) იჭიდავებენ. ზარქუას პირველი მეტოქე პუერტორიკოელი ფრანკლინ გომეს მატოსი იქნება. მარსაგიშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ქართველთან, ემზარ ბედინაიშვილთან შეხვედრით, გოგშელიძე კი პირველსავე წრეში ძლიერ მეტოქეს, ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ტეიმურაზ ტიგიევს დაეჭიდება და პეკინის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში უღირსი ჭიდაობის გამო რევანშის აღებას შეეცდება.

 

თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
16 სექტემბერი
55 კგ

1 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)
2 რადოსლავ მარინოვ ველიკოვი (ბულგარეთი)
3 ჰასან რაჰიმი (ირანი)
3 დაულეტ ნიაზბეკოვი (ყაზახეთი)
7 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

ოთარ მაღლაკელიძე

0.12341