თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) ერთი თვის წინ მოპოვებულ ევროპირველობის ოქროს მედლებს დღეს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მიამატეს.
ბუქარესტული მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლები თავისუფალი სტილის მიმდევართა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ნუგზარ სხირელის გუნდის ოთხივე წევრი კვარცხლბეკზე ავიდა. მძიმეწონოსანმა თედორე ებანოიძემ ვერცხლი მოიპოვა, ხოლო დავით გალეგაშვილმა (66 კგ) ბრინჯაო იკმარა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრიელი მაქსიმილიან აუსერლეიტნერი გაანადგურა. ორ-ორ სეტში გასცდა უკრაინელ ვიტალი ჰურსკისა და ამერიკელ მარკ გრეის. ფინალში კი ყაზახ რასულ კალიევს ასევე უპრობლემოდ აჯობა. მართალია პირველ სეტში აგებდა, მაგრამ ოდნავადაც არ აღელვებულა. ასი პროცენტით დარწმუნებული ჩანდა, რომ ანგარიშს სათავისოდ შეატრიალებდა. ერთ მომენტში მწვრთნელი იქეთ დაამშვიდა. მართლაც, საჭირო მომენტში წინ გაიჭრა. მეორე სეტი კი სულაც, მშრალად მოიგო და ასაკობრივ ნაკრებში გამოსვლა ოქროს დუბლით დაასრულა.
ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობა დავით მარსაგიშვილისთვისაც ბოლო შეჯიბრება იყო ამ ასაკობრივ ჯგუფში და მანაც ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა სეზონი. ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ამჯერადაც ისე გაჩემპიონდა, არც ერთი მოწინააღმდეგისთვის სეტი არ დაუთმია. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ერთადერთი ქულა დაკარგა, მეოთხედფინალში, უზბეკ სუბხონიონ ტოშპულატოვთან. ამ ორთაბრძოლამდე ახალზელანდიელი ფაისალ ატაიე და სლოვაკი მიხაელ ბონდარი დაჩაგრა. ნახევარფინალში ბერძენ ტიმოფეი ქსენიდისს აჯობა, ხოლო გადამწყვეტი იოლი გამარჯვება რუს გიორგი რუბაევთან იზეიმა.
ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდა ჩემპიონები ახლა საქართველოს ძირითად ნაკრებს შეუერთდებიან და სექტემბერში უკვე უფროსებში იჭიდავებენ მსოფლიოს ჩემპიონატს.
თედორე ებანოიძეს, რომელიც ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების ასაკისაა, თავისზე ბევრით უფროსებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაში ხელი ირანელმა ჯაბერ ტაგი სადეგზადენუკოლაეიმ შეუშალა. ფინალის გზაზე ქართველმა მძიმეწონოსანმა უნგრელი რიჩარდ ჩერჩიცი, ყაზახი ალიბი ნურმახანბეტოვი, ამერიკელი დანიელ მილერი და უკრაინელი მურადინ კუშკოვი ჩამოიშორა.
დავით გალეგაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს ხეთიკ ცაბოლოვთან წაგებით და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოსკენ მიმავალ გზაზე მან სამი გამარჯვება მოიპოვა: ტაჯიკ სუნატულო რაშიდოვთან, ყაზახ ასლან აზიზოვთან და თურქ მუსტაფა კაიასთან.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინული ლეიბიდან სულ 5 მედალი გამოიტანა: 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. გუნდურ ჩათვლაში კი ნუგზარ სხირელის გუნდი მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩა.
ოთარ მაღლაკელიძე