ჭიდაობა

22:01 | 25.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბუდაპეშტში დღეს დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე მან 5 გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, ფავორიტებს შორის მოხსენიებულ ყველა კონკურენტს უშუალოდ სძლია.
ხინჩეგაშვილი ჩემპიონატში მე-2 წრიდან, უნგრელ ჯოზეფ მოლნართან შეხვედრით ჩაერთო და საკმაოდ იოლად იმარჯვა. ირანელ ბეჰნამ ეშაგ ეჰსანპურს, უკრაინელ იგორ ხავალჯისა და რუს რასულ მაშეზოვს ორ-ორ სეტში გაუსწორდა, ხოლო ფინალში, სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში, აზერბაიჯანელი ტოგრულ ასგაროვი დაამარცხა.
კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდა გიორგი საკანდელიძე (120 კგ). ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ბუდაპეშტში ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში, თურქ ტაჰა აკგულთან წაგებით დაკარგა, რეპეშაჟის ფინალში კი, ამერიკელ ჯერემი ჯონსონს მოუგო.
დღესვე მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ნუგზარ სხირელის შეგირდთაგან ხალიჩაზე დავით ტლაშაძე (66 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამეულს ვერ შეწვდნენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.142955