ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დღეს 57 და 61 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაითამაშებენ მედლებს. საქართველოს სახელით კი საქმეში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და ბექა ლომთაძე (61 კგ) ჩაერთვებიან.
57 კილოგრამში სულ 15 მონაწილე შეიკრიბა. ევროპისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ხინჩეგაშვილი ევროპირველობას ბულგარელ ვანგელოვთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში გერმანელ ვოლფერსა და ფრანგ ელ უარაქს შორის მოგებულს დაეჭიდება. ქართველი მსუბუქწონოსნის ბადეში მოხვდნენ რუსეთის ნაკრების წევრი რუსტამ ამპარი და ევროპისა და მსოფლიოს თურქი პრიზიორი სეზერ აკგული.
61 კილოგრამის სატურნირო ბადეშიც 15 სპორტსმენი გადანაწილდა. ბექა ლომთაძეს მერვედფინალში მეტოქედ სომეხი სანოიანი ერგო. ამ წყვილიდან გასული აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევსა და გერმანელ ალექსანდერ სემისოროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.