მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს საღამოს მადრიდის “ვისენტე კალდერონისკენ” იქნება მიპყრობილი, სადაც ერთმანეთს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ლიდერები “ატლეტიკო” და “ბარსელონა” შეხვდებიან. პრინციპული დაპირისპირების წინ კატალონელთა არგენტინელი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ლეო მესი პირველივე წუთებიდან შეუტევს კასტილიელებს, თუ თანამემამულეს თავიდან სათადარიგოთა სკამზე დასვამს.
- გულშემატკივართა სოლიდური ნაწილის აზრით, შაბათს მადრიდის “ვისენტე კალდერონზე” გამართული მატჩის შემდეგ დიდწილად გაირკვევა რომელი გუნდი შეინარჩუნებს ჩემპიონობის უკეთეს შანსს. თავად თუ თვლით, რომ “ატლეტიკოსთან” დაპირისპირება პირველობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება?
- არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. წინ ნახევარი სეზონი გველის და ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. ამის მიუხედავად, “ატლეტიკოსთან” მატჩი მეტად პრინციპულია, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ასპექტით.
- მომავალ მოწინააღმდეგეზე რა აზრის ხართ?
- “ატლეტიკო” არა მარტო ესპანეთის, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ურთულესი პაექრობს გველის. სეზონის დასაწყისში მადრიდელებთან ესპანეთის სუპერთასზე 2 შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. მას შემდეგ მოყოლებული “ბარსელონამ” როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით საგრძნობლად უმატა თამაშს. “ატლეტიკოს” რაც შეეხება, დიეგო სიმეონეს გუნდი კვლავინდებურად სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს.
- რა დასკვნა გამოიტანეთ სუპერთასზე ჩატარებული მატჩებიდან?
- “ატლეტიკოს” თამაშს ყურადღებით ვაკვირდები. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა ავიცილოთ ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული კუთხურები. უნდა ვერიდოთ ჩვენ ნახევარზე წესის დარღვევასაც. სუპერთასის პაექრობებისგან განსხვავებით, მადრიდელთა კარის სიახლოვეს უფრო მეტად ეფექტური თამაში გვმართებს. ბოლო შეხვედრებში დავამტკიცეთ, კარგ ფორმაში რომ ვართ და ამგვარი სტილით გამოსვლა მომავალი 5 თვის განმავლობაშიც უნდა შევძლოთ. უპირველესად ბურთის სწრაფი გათამაშების მეშვეობით შემტევ, აგრესიულ ასპარეზობას ვგულისხმობ.
- ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში იქნება?
- ლეო კარგ ფორმაშია, რაც სათასო შეხვედრაში დაამტკიცა. თუმცა, ერთიცაა – მესი კარგა ხნის განმავლობაში არ თამაშობდა და ჯერჯერობით მიჭირს თქმა, შეძლებს კი 90 წუთის განმავლობაში სრული დატვირთვით ასპარეზობას ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. ლეოს კარგა ხნის განმავლობაში ვესაუბრე და მან დამიდასტურა, საჭიროების შემთხვევაში სასტარტოში გამოსვლისთვის მზად რომაა.
- “ბარსას” ყველა ფეხბურთელი მზადაა “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ?
- შაბათის მატჩისთვის 22 ფეხბურთელი ემზადება. მათ შორისაა აფელაიც, რომელსაც ექიმები ჯერჯერობით თამაშის ნებას არ რთავენ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მოთამაშეები ბრწყინვალე ფორმაში არიან, ამიტომაც სასტარტო შემადგენლობის შერჩევა გამიჭირდება. ყველაფერს შაბათს შუადღისას გადავწყვიტავ.