კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, ელ კლასიკოში მადრიდის “რეალთან” მოპოვებული გამარჯვებით (2:1) კმაყოფილი დარჩა.
მასპინძელთა თავკაცს განსაკუთრებით ნეიმარის გარჯა მოეწონა და იქვე დასძინა, რომ დარწმუნებულია, ბრაზილიელს უკეთ თამაში შეუძლია.
“ნეიმარმა დიდებული მატჩი ჩაატარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას ბევრად უკეთ შეუძლია თამაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც გოლს ელ კლასიკოში გაიტან, თუმცა, მას ბევრად უკეთესი თამაშებიც ჩაუტარებია. პირველ ტაიმში კარგად გავისარჯეთ, რაც მეორე ტაიმზეც აისახა. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში უბურთოდ დავრჩით, “ბარსელონას” კი, ასე თამაში ძალიან უჭირს. უწინარესად, გამარჯვება გვჭირდებოდა და სწორედ ამიტომ შევცვალე ინიესტა სონგით. ყველაფერი თავიდან რომ იწყებოდეს, ახლაც იგივეს გავაკეთებდი. რთულია დაუმარცხებლად დარჩენა, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ამის მიღწევის ძალა შესწევთ. გავიხარებდით, ეს რომ ბოლო ტურის თამაში იყოს, მაგრამ ახლა, მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი თამაში მოვიგეთ” - გადმოგვცემს მარტინოს სიტყვებს Marca.