ხერარდ პიკე თვეებსა და დღეებს ითვლის იმ დღემდე, როდესაც ოცნება აუსრულდება და მამა გახდება. ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელოს შვილი ამ ქვეყანას მომავალი წლის დასაწყისში, კონკრეტულად კი იანვრის პირველ ნახევარში უნდა მოევლინოს.
როგორც იცით, ბავშვის დედა უპოპულარულესი კოლუმბიელი მომღერალი, შაკირაა, რომელმაც ფეხმძიმობის ამბავი პირველმა გაახმაურა და ხერარდიც იძულებული გახდა, შაკირას სიტყვებისათვის კვერი დაეკრა. არადა, ასეთ თემებზე საუბარი კატალონიელ მცველს მაინცა და მაინც არ უყვარს.
ხერარდ პიკე ადრე შაკირას ტრფობასაც კი მალავდა და დიდი თავგამოდებით ირწმუნებოდა, კოლუმბიელი მომღერალი მხოლოდ ჩემი მეგობარია და მის საწოლში კოტრიალზე არც კი მიფიქრიაო. მაგრამ ყოველი დაფარული საბოლოოდ მაინც ცნობილი ხდება ხოლმე და აგერ სულ რამდენიმე თვეში პიკე უკვე მამაც გახდება.