ინტერვიუები

11:08 | 7.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხერარდ პიკე: "ბავშვობაში ფერნანდო იეროს თამაში მომწონდა"

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც მან გადადგა, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ხერარდ პიკეს შეძენა იყო. კატალონიელთა თავკაცი არჩევანში არც შემცდარა, რადგან ახალგაზრდა მცველი მალევე გუნდის უკანა ხაზის წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. არადა, “ბარსას” აკადემიის აღზრდილსა და 17 წლის ასაკში “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასულ პიკეს, ინგლისურ კლუბში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევდა და რომ არა გვარდიოლა, ვინ იცის, მისი კარიერა როგორ წარიმართებოდა. 23 წლის პიკემ უკვე არაერთი პრესტიჟული ტიტული მოიგო საკლუბო დონეზე და გასული წლის ზაფხულში, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. თუმცა, უეფას ოფიციალური ვებ-გევრდისთვის მიცემულ ინტერვიუში, პიკე არ მალავს, რომ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ემზადება.       

- საკმაოდ ახალგაზრდა ხართ, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი მოიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ახალი ჯილდოების დასაუფლებლად, სტიმულს რა გაძლევთ?
- მთავარი, სურვილია. საყვარელი საქმის კეთებით სიამოვნებას ვიღებ. ჩემს ირგვლივ, მსოფლიოში საუკეთესო, საუცხოო პარტიორები არიან. “ბარსელონა” ჩემთვის მშობლიური სახლივითაა. ფეხბურთში მოსამატებელი კიდევ მაქვს. მაგალითად, არასოდეს მიასპარეზია ევროპის ჩემპიონატზე, რომ არაფერი ვთქვათ მის მოგებაზე.
- “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოსვლის პერიოდში რა გამოცდილება მიიღეთ? “ნისლიან ალბიონზე” ასე ახალგაზრდა ასაკში გადასვლა, რამ გაიძულათ?
- ინგლისში საუცხოო გამოცდილება მივიღე, რომელიც მოგვიანებით, წლიდან წლამდე, პროგრესირებაში დამეხმარა. ძალიან გამიმართლა – “ლა მასიას” აკადემიაში მიღებული ცოდნა, ინგლისური ფეხბურთის ფასეულობებს შევუთავსე. ცოდნა, რომელიც სამშობლოში მივიღე, ინგლისში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში დამეხმარა. ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, რამდენიმე საუცხოო წელიწადი გავატარე. თუმცა ვაღიარებ, რომ მანჩესტერში ცხოვრებას ადვილად ვერ შევეგუე. მაშინ, ინგლისში გადასვლას იმიტომ დავთანხმდი, რომ წინსვლის შანსი მქონდა. “მანჩესტერ იუნაიტედში” საუცხოო სკოლა გავიარე, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ “ბარსაში” დავბრუნდებოდი.   
- “ბარსელონაში” ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ყოფნას, რით ახსნით?
- ვფიქრობ, საფირმო სათამაშო სტილით, რომელსაც “ბარსას” აკადემიის აღზრდილები პატარაობიდანვე ითვისებენ. უნდა გაითავისო, რა დევს ფსონზე, როდესაც გზას, ახალგაზრდული გუნდებიდან მთავარისკენ გადიხარ. “ბარსელონას” საკუთარი ღირებულებები და განსაკუთრებული სათამაშო სტილი აქვს, რომელსაც მოთამაშეები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან. ჩემი აზრით, მსგავსი რამ, მსოფლიოს არც ერთ კლუბში არ არის.     
- როგორია თქვენი პირველი საფეხბურთო მოგონება?
- მახსოვს, ბაბუაჩემმა, ამადორ ბერნაბეუმ პირველად როგორ მომცა საფეხბურთო ბურთი. ეს, ალბათ, ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებაა. ამასვე შეიძლება მივაკუთვნოთ პირველი ტურნირები, რომლებშიც “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვმონაწილეობდი. ჩემს პარტნიორებს შორის სესკ ფაბრეგასი იყო. ბავშვობაში ფერნანდო იეროს (მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი) თამაში მომწონდა – ის ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული საუცხოო ფეხბურთელი გახლდათ.
- ყოველდღე ხავი ერნანდესის, ანდრეს ინიესტას და ლიონელ მესის გვერდით ვარჯიშობთ. თქვენი აზრით, მათგან “ოქროს ბურთს” რომელი მოიგებს?
- მე მესის დავასახელებდი, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. თუმცა, შესაძლებლობა რომ იყოს, ჯილდოს სამივეს გავუყოფდი. მესი წარმოუდგენლად ნიჭიერია, ხოლო ხავისა და ინიესტას, როდესაც ისინი ბურთს ფლობენ, თამაშის წარმართვაში ბადალი არ ჰყავთ.
- როდესაც “ბარსელონას” თამაშს ვუყურებ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორებს, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, თვალდახუჭული შეგიძლიათ ითამაშოთ. მოედანზე ასეთ ურთიერთგაგებას, როგორ მიაღწიეთ?
- უპირველეს ყოვლისა, საქმე მუშაობაში, დისციპლინასა და განწყობაშია. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უდიდესი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ვთამაშობთ, რომელიც ღრუბლებში ფრენის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ არასოდეს ვდუნდებით და გუნდი მუდმივად ბრძო¬ლისთვისაა დამუხტული. სინამდვილეში, არავითარი განსაკუთრებული საიდუმლო არ არსებობს. წარმატების გადამწყვეტი ფაქტორები – თავდაუზოგავი შრომა და ჩვენი თავკაცია, რომელიც თავად არის “ბარსას” აღზრდილი.    
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ამჟამინდელი “ბარსა”, მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია?
- ჯერჯერობით, საქმე საკმაოდ კარგად მიდის – ორი ღირსეული სეზონი ჩავატარეთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში არა ერთი უდიდესი გუნდი ყოფილა. მათ დონეზე რომ გავიდეთ, გაკვეული გზის გავლა გვჭირდება. რამდენიმე წლის შემდეგ, საკუთარ მიღწევებს გადავხედავთ და მაშინ, შეგვიძლება გარკვეული შედარებებიც გავაკეთოთ.
- სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან, რა მოგონება დაგრჩათ?
- მუნდიალიდან ათასობით მოგონება დამრჩა. მახსოვს, შვეიცარიასთან წაგებულ მატჩში გოლი რომ ვერ გავიტანე და გუნდი წაგებას როგორ განიცდიდა. ცხადია, დაუვიწყარია, ჰოლანდიასთან ფინალურ შეხვედრაში ინიესტას გატანილი გამარჯვების გოლი.
-როგორ ფიქრობთ, თქვენს კარიერაში, 2010 წელი საუკეთესო გახდება თუ, კიდევ უფრო წარმატებული პერიოდი გელით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ყოველ სეზონში ახალ ამოცანებს ვწყვეტთ და მუდმივად მოტივირებულნი ვართ. ჩვენ გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს და ამასთანავე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. მე იმ ხალხს მივეკუთვნები, რომლეთაც სჯერათ, რომ ყველაფერი კარგი, წინ არის.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

0.080748