ინტერვიუები

10:24 | 23.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ხელმოტეხილი ჩემპიონი

ზაალ კვაჭატაძე ის მოკრივეა, რომელმაც საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ორივე ხელი მოიტეხა და მსაჯმა რვამდეც დაუთვალა, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვიტა და 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის ბიჭმა, 9:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რამაზ ფალიანი, მასზე უკვე ამყარებს იმედებს და ლონდონის ოლიმპიადისთვის ამზადებს.
“მსოფლიო სპორტი” კვაჭატაძეს ახალქალაქში დასრულებული საქართველოს თასის გათამაშების შემდეგ გაესაუბრა.
- ამ წონაში სულ 12-მა კაცმა მოიყარა თავი და ბრძოლებიც 1/4-ფინალიდან დაიწყო. უპირველესად, გორელ მოკრივესთან მომიწია ბრძოლა და ის შეხვედრა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოვიგე, 1/2-ფინალში კი ადგილობრივ სპორტსმენს შევხვდი და ის, დაახლოებით 30 წამში, ტექნიკური ნოკაუტით დავამარცხე. ამის შემდეგ ახალქალაქელი გულშემატკივარის სიმპატიაც მოვიპოვე და ფინალში გავედი. გადამწყვეტი ბრძოლის მეორე რაუნდში ხელი მოვიტეხე, იმდენად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომ მსაჯმა რვამდე დამითვალა, მაგრამ ჩხუბი განვაგრძე. მერე მეორე ხელიც მოვიტეხე, მაგრამ არ დავნებდი და ფინალური ბრძოლა 9:1 მოვიგე.
- ხელმოტეხილმა ჩხუბი როგორ შეძელი?
- გახურებული ვიყავი, გამარჯვება მინდოდა და ტკივილს გავუძელი. საბედნიეროდ, ჩემთვის სასურველი შედეგის შანარჩუნება მოვახერხე.
- ალბათ, ჩემპიონობა განსაკუთრებული გრძნობაა...
- ჯერ 19 წლის ვარ, ეს მიღწევა დიდი არაფერია. ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია და ძალღონეს არ დავიშურებ, რათა ტიტულები კიდევ მრავლად მოვიგო.
- უახლოეს გეგმებში რა შედის?
- ექიმები მაიმედებენ, რომ ერთ თვეში ხელები მომირჩება. იანვრის ბოლოს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბაკურიანში მივდივართ მოსამზადებლად, რის შემდეგაც, ოთხი ტურნირი გველის. მომავალი წლის მაისში კი, ევროპის ჩემპიონატია და მის მოგებას ვეცდები.
- რამდენად კარგად იყო ორგანიზებული ტურნირი?
- ახალქალაქში ახალი დარბაზი გაიხსნა და საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა პეტრე ცისკარიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ახალკაცმა დიდი სამუშაო გასწიეს.
- ბაკურიანში რა სახის ვარჯიშები გექნებათ?
- 10 დღე ფიზიკურად მოვემზადებით, მერე კი საერთაშორისო ტურნირებში მივიღებთ მონაწილეობას და ტექნიკურ ილეთებს იქ დავხვეწთ.
- შენს წონით კატეგორიაში, ძლიერი სპორტსმენები რომელ ქვეყანას ჰყავს?
- გასულ წელს, მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი გახდა. აქამდე, რუს სპორტსმენებსაც კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ ახლა მათაც ახალი მოკრივე გამოუჩნდათ და მისი შესაძლებლობები არ ვიცი. ევროპის ჩემპიონატამდე, პოტენციურ კონკურენტებს ტურნირებზე დავაკვირდები. ვფიქრობ, კარგად ვარ მომზადებული და სამომავლოდ, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებასაც ვგეგმავ. მით უმეტეს, შესაძლოა, ერთი სალიცენზიო ტურნირი თბილისში ჩატარდეს.
- კრივში როგორ აღმოჩნდი?
- თავიდან ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ მარტო იმას ამჩნევდნენ, ვინც გოლს გაიტანდა, კრივში კი ინდივიდუალურად გიკრავენ ტაშს.
- როგორ ფიქრობ, შენი წარმატება რისი დამსახურებაა?
- ვარჯიშის. ისეთი მომზადებული ვიყავი, ეჭვიც არ მეპარებოდა გამარჯვებას რომ მივაღწევდი. შანსი არაა, ვარჯიში არ დაგიფასდეს.
- რითი აჯობე მოწინააღმდეგეებს?
- ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მზად და ტექნიკურადაც. ახლა ერთადერთი პრობლემა მაქვს, გამოცდილება უნდა მივიღო და დიდი წარმატებების მიღწევაც არ გამიჭირდება.
- უკვე ნაკრების  წევრი ხარ. შენს მომზადებაში ვის მიუძღვის როლი?
- ვარჯიში ფიზული ალექფეროვთან დავიწყე და ახლაც მასთან ვვარჯიშობ. კვირაში სამი დღე ნაკრების მწვრთნელი რამაზ ფალიანი მავარჯიშებს. რამაზის ახალი ვარჯიშები აქვს და ფიზმომზადებაში დიდად დაგვეხმარა.
- კრივის გარდა, რითი ერთობი?
- ნადირობით და თევზაობით.
- შენი ყველაზე დიდი ნანადირევი რა არის?
- დათვი.

ზურა ქსოვრელი

 

0.1169