საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ახალი სკანდალი აგორდა. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. ინციდენტი დღეს საღამოს, ფალავანთა კლუბში, კურტანიძის კაბინეტში მოხდა.
როგორც თემურ ყაზარაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ფედერაციის პრეზიდენტმა შეიტყო რა, რომ მას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, სცემა იგი.
“მოგეხსენებათ, ლუკა კურტანიძემ ფედერაციის სათავეში მოსვლისთანავე რამდენიმე წარმატებული მწვრთნელი გაათავისუფლა. მისი გადაწყვეტილება პრეზიდიუმის წევრებს უნდა დაემტკიცებინათ, მაგრამ სხდომაზე ეს საკითხი საერთოდ არ გაუტანიათ. ბრძანებაზე ხელი იყო მოსაწერი, რაც მე უნდა გამეკეთებინა, რადგან ფედერაციის სხვა მაღალჩინოსნებს ჯერ ოფიციალურად ამისი უფლებამოსილება არ ჰქონდათ. პრეზიდენტმა დღეს მკითხა, რატომ არ მოაწერე ხელიო, რაზეც ვუპასუხე, რომ პრეზიდიუმის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილება უკანონო იყო და ხელს არ მოვაწერდი. ამაზე აღშფოთდა, საერთოდ დაიკარგე აქედან, დარბაზში შემოსული აღარ დაგინახოო. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მაკმარა და ხელიც დამარტყა. წაქცეულს კი წიხლიც ჩამარტყა” – განაცხადა თემურ ყაზარაშვილმა.
ლუკა კურტანიძეს ცემაში ბრალს კიდევ ერთი ვეტერანი მოჭიდავე, რაინდი აბრამიშვილიც სდებს, რომელიც ფალავანთა კლუბში ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ მივიდა. აბრამიშვილის განცხადებით, მას კურტანიძემ მხოლოდ იმის გამო დაუწყო ცემა, რომ ჰკითხა, რა მოხდა მასსა და ყაზარაშვილს შორის.
მოგვიანებით, მომხდარზე მოკლე კომენტარი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმაც გააკეთა. ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა, ოღონდ ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა და ოპონენტებს სკანდალის პროვოცირებაში დასდო ბრალი.
ოთარ მაღლაკელიძე