სხვა

14:58 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროპის ხელბურთის  ფედერაციამ მსოფლიოს 2015 წლის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გამართა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე განაცხადი საქართველოს ხელბურთის ფედერაციასაც ჰქონდა გაგზავნილი და შესაბამისად საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობაც გაირკვა.

ქართველ ხელბურთელებს მსოფლიოს პირველობაზე მოსახვედრად, რომლის ფინალურ რაუნდსაც ყატარი უმასპინძლებს, რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. ევროპის ხელბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრებები რეიტინგის მიხედვით ჰყავს დაყოფილი. დასაწყისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს დაბალი რეიტინგის მქონე გუნდები თამაშობენ, რომელთა შორის საქართველოც არის.

ვენაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები კი პირველ ჯგუფში ლიტვის, თურქეთის და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჯგუფის გამარჯვებულები ფლეი ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მაღალი რეიტინგის მქონე ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. წყვილში გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გაირკვევა. გუნდები საუკეთესოს შინ და გარეთ თამაშის პრინციპით გაარკვევენ – წყვილის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ჯგუფის კალენდარი და მატჩების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში დამტკიცდება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე ხელბურთის ფედერაციასთან ერთად ეროვნული გუნდის მზადების და ამხანაგური მატჩების ჩატარების დაგეგმვაზე ამის შემდეგ იზრუნებს. 

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.106506