ინტერვიუები

11:09 | 16.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ მასკერანო მსოფლიოს ჩემპიონობაზე: “როგორც ღმერთი ინებებს...”

“არგენტინის ნაკრები ჯერ მასკერანოა, მერე კი სხვა დანარჩენები”, – ეს ვიღაცის კი არა, ლეგენდარული დიეგო მარადონას სიტყვებია. რა საოცარია, როცა ლეო მესი გყავს და ამას ამბობ... “ალბისელესტეს” მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა, მარადონამ პირველი, რაც გააკეთა, მასკერანოს გადასცა კაპიტნის სამკლავური. “ლივერპულის” საყრდენი ნახევარმცველი გამორჩეულია თავისი ჯიგრიანი თამაშით და დიდმა დიეგომაც მშვენივრად იცის მისი ფასი.
“მასკემ” (როგორც ეძახიან) ფიფა-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, მესის მიმართ არასამართლიან კრიტიკაზე...
-    საკმაო ხანია, რაც “ლივერპულში” თამაშობთ. მოკლედ როგორ შეაფასებდით ამ კლუბში  გატარებულ დროს?
-    ფანტასტიკური წლებია და ამაზე მოყოლა არ მომბეზრდება. ლივერპულში ჩემს ოჯახსაც პატივს სცემენ და საერთოდ, აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ლივერპული ბრწყინვალე ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად კი არა, ყოველსაათობრივადაც კი ვითარდება.
-    ყველაზე მეტად, რა მოგწონთ ლივერპულში?
-    უპირველესად, ფეხბურთის თამაშს ვაღმერთებ. ლივერპული არის საპორტო ქალაქი, სადაც შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. რომ შემეკითხონ, ლივერპულში ყველაზე ხშირად სად იქნებოდიო, პირდაპირ ვუპასუხებდი – “ბითლზის” და “ენფილდის” მუზეუმებში.
-    ინგლისი თქვენი მეორე სამშობლო გახდა. არგენტინა არ გენატრებათ?
-    5 წელია, რაც არგენტინის გარეთ ვარ და რა თქმა უნდა, მენატრება. თითქოს მივეჩვიე კიდეც, მაგრამ როგორც კი ინგლისის პრემიერლიგის მატჩების  განრიგს ჩავხედავ და თავისუფალ პერიოდს აღმოვაჩენ, ლამის, მაშინვე ვჯავშნი თვითმფრინავის ბილეთს არგენტინაში გადასაფრენად.
-    არგენტინის კლუბში გადასვლაზე არ გიფიქრიათ?
-    ვერასდროს გამოიცნობ, რა მოხდება ხვალ. თუმცა, ინგლისში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ. ვფიქრობ, სულ ცოტა 3-4 წელი შემიძლია ევროპის ძლიერ კლუბში თამაში, მერე კი, წავალ სამშობლოში და იქაც გავაგორებ ბურთს. არგენტინული ფეხბურთით დატკბობა მინდა და 4-5 წელი ვითამაშებ კიდეც “რივერ პლეიტში”. სწორედ “რივერ პლეიტის” დამსახურებაა ის, რასაც დღეს წარმოვადგენ.
-    “ლივერპულში” რამდენიმე არგენტინელი და ესპანელი ფეხბურთელია. მათგან ინგლისური ენა ყველაზე კარგად ვინ იცის?
-    რა თქმა უნდა, მწვრთნელმა... რაფა ბენიტესი წლების განმავლობაში “ლივერპულში” მუშაობს და ლაპარაკი ყველაზე ხშირად უწევს. აი, ფეხბურთელებიდან კი, ინგლისურს ყველაზე კარგად პეპე რეინა ფლობს. რეინა და მე ერთმანეთში ესპანურად ვსაუბრობთ, მაგრამ როცა მთელი გუნდი ერთადაა, ინგლისურზე გადავდივართ – თანაგუნდელებს პატივი უნდა სცე.
-    და ყველაზე ცუდად ვინ ლაპარაკობს ინგლისურად?
-    მაქსი როდრიგესი. ის რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა ჩვენთან, თუმცა ვეხმარებით.
-    ფერნანდო ტორესი კვლავ შევიდა კარგ ფორმაში. როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე რისი გაკეთება შეუძლია?
-    დიახ, ტორესმა მოუმატა და ახლა, სათანადო ფიზიკურ ფორმაშიც შედის. ის გოლებს იტანს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი კაცია. ამდენად, თუ ფორმას შეინარჩუნებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაში შეეძლება.
-    ახლა, არგენტინის ნაკრებზე. გერმანიასთან სტუმრად ამხანაგური მატჩის მოგების შემდეგ, “ალბისელესტესადმი” აზრი შეიცვალა.
-    ფეხბურთში მთავარი შედეგია. მოიგებ? საუკეთესო ხარ. წააგებ? უცუდესი ხდები. არგენტინელებს გვყავს რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომლებიც ამჟამად არანორმალურად მაგარ ფორმაში არიან. ეს ჩვენი კოზირია და მუნდიალზე უნდა გამოვიყენოთ.
-    მუნდილაზე არაფავორიტის სტატუსით წასვლა უკეთესია – ეთანხმებით ამ აზრს?
-    მთავარია, როგორ ფორმაში შეხვდება გუნდი ივნისის მატჩებს და არა ის, კრიტიკოსები ვის თვლიან ფავორიტად. ამჟამად, ესპანეთი და ბრაზილია სხვებზე უკეთ მომზადებულნი და სხვებზე ძლიერები ჩანან, თანაც, ბოლო წლებში მათ ტიტულები  მოიგეს. თუმცა გამოცდილება გვეუბნება, რომ მუნდიალს მოიგებს არა ყველაზე ლამაზად მოთამაშე გუნდი, არამედ ის, რომელიც ნებისმიერ მატჩში ბოლომდე დახარჯავს თავის შესაძლებლობებს. მაგალითი გნებავთ? 2006 წელს იტალიას სასწაული ფეხბურთი არ უთამაშია, ასე იყო 2002 წლის ბრაზილიაც, ხოლო 1998 წელს საფრანგეთმა მერვედფინალში პარაგვაის მხოლოდ “ოქროს გოლით” მოუგო. ასე რომ, დავიცადოთ და ვნახოთ...
-    როდესაც გაქებენ, უხერხულობას გრძნობთ?
-    არა, სიამაყეს ვგრძნობ. მითუმეტეს მაშინ, როცა მწვრთნელები მაქებენ. ეს ნიშნავს, რომ მე კარგი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც აღზევებაც აქვს და ჩავარდნებიც.
-    მარადონამ ნაკრების კაპიტნად დაგნიშნათ. რა იგრძენით მაშინ, როცა სამკლავური ჩაგაბარათ?
-    შემიძლია ვთქვა, რომ არსებითად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ ნაკრების კაპიტნობა რაღაც წარმოუდგენელი გრძნობაა. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ ვფიქრობ, დაკისრებულ მისიას შევასრულებ. მე უკვე ვითამაშე ერთ მუნდიალზე და ამდენად, უფრო საზრიანი და გამოცდილი გავხდი.
-    იმ ჩემპიონატიდან (2006 წელს გერმანიაში) ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ და რა გამოცდილებას წაიღებთ სამხრეთ აფრიკაში?
-    პირველ რიგში, უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თამაშის გამოცდილება შევიძინე. იმ დროს, ჯერ კიდევ სამხრეთ ამერიკაში ვთამაშობდი და ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ თამაში არ მიწევდა, ამჟამად კი, კვირაში ერთხელ მაინც ვხვდები საუკეთესოებს და უკვე დამოუკიდებლად შემიძლია მინდორზე გადაწყვეტილებების მიღება.   
-    თქვენს პოზიციაზე მოთამაშე რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
-    არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემ თამაშს ყოველთვის კლოდ მაკელელეს შემხედვარე ვაწყობდი. მხოლოდ მინდორზე მის წინააღმდეგ გამოსვლისას მივხვდი, რომ მაკელელე განსაკუთრებულია. თუმცა იყვნენ სხვებიც, რომელთა თამაშიც ძალიან მომწონდა – დიეგო სიმეონე, მატიას ალმეიდა. ბევრი ვისწავლე ლეონარდო ასტრადასგანაც.
-    ლეო მესი საფეხბურთო სამყაროს ანცვიფრებს “ბარსელონაში” თამაშით. რა უნდა გააკეთოთ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა, რომ მესიმ “ალბისელესტეშიც” ასე იბრწყინოს?
-    ყველამ უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ. სამწუხაროდ, შესარჩევ მატჩებში პირიქით მოხდა და მთელი კრიტიკა ერთ ლეო მესის ატყდებოდა. ხალხი მისგან განსაკუთრებულს ელოდება. ვფიქრობ, ჯოხის ერთ კაცზე გადატეხვა არასწორია. მე ხომ ვნახე, როგორ ითამაშა მესიმ ოლიმპიადაზე და კოპა ამერიკაზე, ამიტომაც ვიცი, რა შეუძლია მას მსოფლიოს ჩემპიონატზე.
-    ამასწინათ, მარადონამ ინტერვიუში თქვა, როგორც მე ავწიე მსოფლიო თასი 1986 წელს, ასევე ასწევს მასკერანოო. რას იტყვით?
-    ეგოისტობას არ დავიწყებ და ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ. ჩემთვის სულერთია, რომელი არგენტინელი ასწევს მსოფლიო თასს. მთავარია, ის ჩვენი გახდეს. ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება. როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება.        

მოამზადა ილია ნანობაშვილმა

0.117012