ინტერვიუები

16:36 | 29.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ ერნანდესი: “სეზონის ყველაზე რთული მატჩი ჩავატარეთ”

როდესაც 2010 წლის გაზაფხულზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” მექსიკური “გვადალახარასგან” 7 მილიონ გირვანქად 22 წლის ფორვარდი ხავიერ ერნანდესი შეიძინა, ძნელი წარმოსადგენი იყო, “ჩიჩარიტოდ” წოდებული ნიჭიერი შემტევი “ოლდ ტრაფორდზე” გამოსვლის პირველსავე წელს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ერთ-ერთ წამყვანი ფიგურა რომ გახდებოდა. ინგლისურ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ხავიერს ყოველთვიური ჯამაგირის სახით ოცი ათასი გირვანქა დაენიშნა, თუმცა, თანდათან მექსიკელმა თამაშს უკლო და ცოტა ხნის წინ ისიც დაიწერა, “მანჩესტერი” ერნანდესს რადამელ ფალკაოში რომ გაცვლიდა. ამასთან ოლდ ტრაფორდელები მადრიდის “ატლეტიკოს” თანხის სოლიდურ რაოდენობასაც დაუმატებენ. ამასობაში, გუშინ “ჩიჩარიტომ” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა “იუნაიტედს” – ხავიერი ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” 65-ე წუთზე გამოჩნდა და ათიოდე წუთის შემდეგ “ჩელსის” გადამწყვეტი გოლი გაუტანა. ამ მოგების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი “ლონდონელ არისტოკრატებს” ერთადერთ ქულითღა ჩამორჩება. მექსიკელ ფორვარდს Sky Sports გაესაუბრა.

- რა შეფასებას მისცემთ ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” ჩატარებულ პრინციპულ შეხვედრას?
- თამამად შემიძლია მოგახსენოთ, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე რთული მატჩი გავმართეთ. განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს გაგვიჭირდა. “ჩელსიმ” ნამდვილი შტურმი მოგვიწყო და ბედმა გავიღიმა, როდესაც შესვენებაზე 2:1-ს ვიგებდით. ასეთ ორთაბრძოლებში უმნიშვნელოვანესი მტკიცე ხასიათის გამომჟღავნებაა. მეორე ნახევრის დასაწყისში “ჩელსიმ” ანგარიში გააყაიმა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, “სტემფორდ ბრიჯზე” სერიოზული მიზნის მისაღწევად რომ გავედით სათამაშოდ. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ “ჩელსიმ” ჩვენზე დაწოლა კიდევ უფრო გააძლიერა, ლონდონელებს ტრიბუნებიც აქტიურადაც უჭერდნენ მხარს, მაგრამ შემდეგ მოწინააღმდეგის 2 ფეხბურთელი გააძევეს, რამაც სულის ამოსუნთქვის და გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მოგვცა.
- რამდენად დამსახურებულად მიგაჩნიათ პრემიერლიგის ლიდერთან მოპოვებული 3 ქულა – “ჩელსის” 2 მოთამაშე გაუძევეს, თქვენ მიერ გატანილ გოლზე კი თანამსაჯს, წესითა და რიგით, ოფსაიდი უნდა დაეფიქსირებინა...
- ნაკლებად ვნაღლობ იმაზე, ვინ რას ამბობს. მთავარია, მოვიგეთ და აქტივში მეტად მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ. წინასამატჩოდ, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით. გეთანხმებით, გულშემატკივართა ნაწილი მატჩის შედეგს უსამართლოდ მიიჩნევს, მაგრამ საკმარისად არიან ისეთი ქომაგებიც, რომლებიც “იუნაიტედის” მოგებას დამსახურებულად თვლიან. “სტემფორდ ბრიჯიდან” 3 ქულის წამოღება ურთულესი საქმეა და ბედნიერი ვარ, ეს რომ შევძელით. მატჩის საბოლოო შედეგმა ყველანი ძალიან გაგვახარა.
- თავად თუ თვლით, რომ გოლის ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობაში იყავით?
- მყისიერად ლაინსმენს გავხედე და როდესაც მან ალამი არ აწია, ცხადია, არ შევჩერებულვარ. როდესაც თამაშში ბოლომდე ხარ ჩართული, მხოლოდ ორთაბრძოლაზე და კარგად თამაშზე ფიქრობ. ფეხბურთელი მსაჯის ფუნქციებში ვერ ჩაერევა. გადამწყვეტ მომენტებში არბიტრის მაგივრად ფიქრი რომ დავიწყოთ, თამაში საგრძნობლად გაფუჭდება. ჩემთვის მთავარი ისაა, მოგების მომტანი ბურთი რომ გავუტანე ჩეხს. გავიმეორებ, მსაჯების ფუნქციებში შეჭრა მოთამაშეებს არავინ გვეკითხება.
- ეს ასეა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას იმდენი რამ მოხდა, მაინც გკითხავთ – ფერნანდო ტორესის გაძევებას სამართლიანად მიიჩნევთ?
- კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, არბიტრების გადაწყვეტილების კომენტირება ჩემი საქმე არაა. ტორესს, ჯონი ევანსთან ორთაბრძოლამდე, ტომ კლევერლის წინააღმდეგ უხეშობისთვის ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა და ჩემი აზრით, ევანსთან დაპირისპირების დროს მცირე კონტაქტი იყო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რისთვისაც ესპანელი ფორვარდი მინდორზე გაშხლართულიყო. ტორესი ბურთზე ვერ ასწრებდა და ეშმაკობას მიმართა. დანარჩენი, მსაჯის პრეროგატივაა...


გოჩა კაჭარავა

0.125471