როგორც იტალიური მოდების ჟურნალის – “გრაციას“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, აპენინელ ქალთა შორის, სპორტსმენებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით “მილანის “ინტერის“ არგენტინელი კაპიტანი – ხავიერ ძანეტი სარგებლობს.
ცოლიანი ხავიერი სასურველ მამაკაცად ჟურნალის მიერ გამოკითხული იტალიელი მანდილოსნების 40%-მა სცნო. ისიც სათქმელია, რომ სპორტსმენებიდან ყველაზე სასურველი მამაკაცების სამეულში მხოლოდ ფეხბურთელები შევიდნენ. მე-2 ადგილი ტურინის “იუვენტუსის“ ცოცხალმა ლეგენდამ – ალესანდრო დელ პიერომ დაიკავა. მესამეზე კი, ”რომას” უბერებელი კაპიტანი – ფრანჩესკო ტოტი გავიდა.
აშკარაა, რომ იტალიელი ქალები, სასურველი სპორტსმენის არჩევის დროს, მხოლოდ მათი გარეგნული მშვენებით არ ხელმძღვანელობდნენ და ამაში დიდი როლი ცნობადობამ და პოპულარობამაც იქონია.
მსგავსი ტიპის გამოკითხვებს ჟურნალი ”გრაცია” ყოველ წელს ატარებს და ქალების არჩევანი, როგორც წესი, ადვილად პროგნოზირებადია. მაგალითად, შარშან იტალიელმა მანდილოსნებმა, სპორტსმენებიდან ყველაზე სასურველ მამაკაცად, ხსენებული ალექს დელ პიერო დაასახელეს, შარშანწინ კი, - პაოლო მალდინი.