1995 წლის შემდეგ, რაც “ინტერის” პრეზიდენტის პოსტზე მასიმო მორატი მივიდა, მილანური კლუბის შავ-ლურჯი ფორმა ორასზე მეტმა ფეხბურთელმა მოირგო, გუნდმა რამდენჯერმე შეცვალა მთავარი მწვრთნელი, უცვლელი მხოლოდ ერთი ადამიანი რჩებოდა - ხავიერ ძანეტი. მორატის მსგავსად, “ინტერში” არგენტინელიც 15 წლის წინათ მივიდა და დღემდე, იგი ერთგულად ემსახურება ლომბარდიულ გრანდს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბაიერნთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივარი, კლუბის ტრიუმფთან ერთად, ყველაზე მეტად ძანეტის წარმატებამ გაახარა. ამ გამარჯვების შემდეგ, 36 წლის სამხრეთამერიკელ უნივერსალს “ნერაძურის” ფორმით მოგებული ტიტულების სრული კომპლექტი მოუგროვდა. სიმბოლურია, რომ 22 მაისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი ძანეტისთვის “ინტერის” შემადგენლობაში ჩატარებული მე-700 შეხვედრა იყო.
- ხავიერ, თქვენ უკვე მრავალი წელია ფეხბურთში ხართ. ლიგის ფინალის მოგების შემდეგ, აქამდე განუცდელი ემოცია დაგეუფლათ?
- რა თქმა უნდა, თითოეული გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ ამჯერად, მართლაც განსაკუთრებულ ემოციებს ვგრძნობ. ამის სიტყვებით გადმოცემა მართლა არ შემიძლია.
- მატჩის წინ თუ გჯეროდათ, რომ “ინტერი” ჰეთ-თრიკს შეასრულებდა?
- სიმართლე გითხრათ, ამის იმედი მართლაც მქონდა. შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ ეს ტიტული გვაკლდა. ახლა კი თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მიზანს მივაღწიეთ და ეს “ინტერის” სეზონი იყო.
- როცა საფინალო სასტვენი გაისმა და მიხვდით, რომ “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რის ან ვის შესახებ გაიფიქრეთ?
- თავში ყველაფერი ერთიანად დატრიალდა. ვფიქრობდი ოჯახზე, მეუღლეზე, ახლობლებზე და რა თქმა უნდა, ჩვენს პრეზიდენტზე, მასიმო მორატიზე, რომელმაც ამ მოგებით ყველაზე დიდი ოცნება აისრულა.
- კმაყოფილი ხართ იმით, რომ მადრიდულ წარმატებამდე საკმაოდ დიდი გზის გავლა მოგიწიათ?
- რა თქმა უნდა. სერიოზული წარმატება ისე არ მოდის, ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. პირადად მეც, საკუთარ კლასს ყოველწლიურად ვხვეწდი და სულ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელად ვყალიბდებოდი. ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ჩვენ მაინც მივაღწიეთ მიზანს და ევროპაში საუკეთესო კლუბის სტატუსი მოვიპოვეთ. ამისთვის ნამდვილად ღირს თავგანწირვა.
- რამდენად დაგწყვიტათ გული მარადონამ, რომელმაც თქვენ არგენტინის ნაკრების სამუნდიალო შემადგენლობაში არ შეგიყვანათ.
- ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ, თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ. მარადონამ კი ჩათვალა, რომ არგენტინის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში 136 მატჩი მაქვს ჩატარებული, ჩემთვის უკვე განვლილი ეტაპია.
- “ინტერის” წარმატებაში მოურინიომ უდიდესი როლი ითამაშა. ახლა კი, ის გუნდიდან მიდის...
- ჩვენდა სამწუხაროდ, ასეა. ჟოზემ წასვლა გადაწყვიტა, რამაც მეც და გუნდის დანარჩენი წევრებსაც გული დაგვწყვიტა. თუმცა, ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია და იძულებული ვართ, რეალობას შევეგუოთ.
- გრძნობდით, რომ ლიგის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, მოურინიო წასვლას გადაწყვეტდა?
- ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჟოზეს გადაწყვეტილებას, რომელიც თვლის, რომ მისთვის ასე აჯობებს. მოკლედ, “ინტერი” დიდ მწვრთნელსა და ადამიანს ემშვიდობება.
ლუკა ანდრიაძე