“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ხავი ერნანდესი, ამჟამად, მადატეპერეში, მშობლების სახლში ატარებს შვებულებას და SPORT.es-ის კორესპონდენტი კატალონელთა “ექვსიანს” მოცალეობის ჟამს გაესაუბრა.
- ფანტასტიკური სეზონი გქონდათ, რაც გულიანად დასვენების საშუალებას გაძლევთ...
- გეთანხმებით, თუმცა, ესპანეთის თასის ფინალში დამარცხებამ გული დაგვწყვიტა. სეზონი ქვეყნის სუპერთასის მოგებით დავიწყეთ და ბრწყინვალე მატჩით დავასრულეთ. ჩემი აზრით, ლონდონის “უემბლიზე” “ბარსელონამ” თავისი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო თამაში აჩვენა. მინდორზე ყოფნისას, ასეთი კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ. მთლიანობაშიც, ამგვარი წარმატებული სეზონი არასდროს მქონია.
- მადრიდის “რეალი” ამდენი ხნით “მეორე პლანზე” ყოფნას შეეგუება? როგორ გგონიათ, რას მოგიმზადებთ ჟოზე მოურინიო?
- პორტუგალიელს პოლემიკა უყვარს და ჰგონია, რომ მის გამონათქვამებს წონასწორობიდან გამოვყავართ. არადა, საწინააღმდეგო ეფექტს იღებს – მისი სიტყვები “ბარსას” თამაშ აძლიერებს.
- ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა ლეო მესიმაც, რომელსაც გულშემატკივართა უმრავლესობა “ბარსელონას” ტრიუმფების უმთავრეს შემოქმედად მიიჩნევს...
- სიტყვები არ მყოფნის ლეოს თამაშის აღსაწერად. ჩემი აზრით, მესი პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და მას ალფრედო დი სტეფანოზე, პელესა და მარადონაზე წინ ვაყენებ. ლეო ნებისმიერ მატჩში საუკეთესოა. ყველა ჩვენთაგანი მას უნდა გავუფრთხილდეთ, რათა კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებაში დაგვეხმაროს.
- პეპ გვარდიოლას კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი ხელმოწერილი არ აქვს. არ გეშინიათ, რომ ერთ დღესაც იგი “კამპ ნოუს” დატოვებს?
- პეპი ძალიან ჭკვიანია. მან მშვენივრად იცის, რომ ოთხ-ხუთწლიანი ხელშეკრულება რომ გააფორმოს, “დამშვიდდება” და გარკვეულწილად, ახალ-ახალი ტურნირების მოგების სტიმულს დაკარგავს. მისი სტრატეგია სავსებით სწორია. გვარდიოლა თითოწლიან კონტრაქტებს აფორმებს და ახალ შეთანხმებას “გამოიმუშავებს”. ჩემი აზრით, გონიერი და პრაქტიკული მიდგომაა.
- თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, გვარდიოლამ განაცხადა, შესაძლოა, მალე წავიდეო...
- ეს მეც გავიგე. პეპი მთავარმწვრთნელობას გულისხმობდა.
- თუკი ასე მოხდა, რომელ პოსტზე ისურვებდით გვარდიოლას? პრეზიდენტად?
- პეპს ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფს შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს ჩვენ გუნდს.
- მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მაისური უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გთხოვათ. ლონდონური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან ანალოგიური თხოვნით არ მოგმართათ?
- არა. “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფინალის წინ, მაისურს ჩემ მეგობარ ჟუსტრის დავპირდი. პლატინიმ კი წარმატება მომილოცა და მითხრა, რომ მინდორზე ფანტასტიკურად გამოვიყურებოდი. მიშელი კასტილიურ ენაზე დამელაპარაკა, თუმცა, ეს ენა არც ჩემთვისაა მშობლიური და არც პლატინისთვის. უმჯობესი იქნებოდა, ინგლისურად მოემართა.
- შარშანდელი სეზონის დაწყების წინ, დაჯერებით აცხადებდით, რომ სესკ ფაბრეგასი “კამპ ნოუზე” გადმოვიდოდა. შარშან შეცდით, რას იტყვით ამჯერად?
- შარშან სესკი აცხადებდა, რომ “არსენალს” დატოვებდა და კატალონიაში დაბრუნდებოდა. წელსაც ახალი არაფერია – ფაბრეგასს “ბარსაში” თამაში სურს. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ფულია. არსენ ვენგერი სესკის სანაცვლოდ დიდძალ თანხას ითხოვს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სადღეისოდ, “ბარსელონას” ეკონომიკური ასპექტით არ ულხინს.
- საუბრობენ ჯუზეპე როსის ტრანსფერზეც...
- იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია.
- როსის პირადად იცნობთ?
- არა, მაგრამ კაპდევილამ ჯუზეპე ძალიან კარგად დამიხასიათა. იტალიელის ფეხბურთელობას რაც შეეხება, უძლიერესი და ზუსტი დარტყმა აქვს, ახალგაზრდაა და წინ ბრწყინვალე კარიერა ელის.
- თქვენ რიგებში პირველი სეზონი ჩაატარა დავიდ ვილიამ...
- “ელ გუახესთან” ახლობლური ურთიერთობა მაქვს. მას ნამდვილი “ოქროს გული” აქვს. ვილია თავმდაბალი, შრომისმოყვარე, ეგოიზმისგან დაცლილი ფეხბურთელია. მას “ბარსელონასთან” ადაპტირებისთვის დრო არც კი დასჭირვებია. იყო პერიოდი, როცა მას გოლის გატანა უჭირდა. ფორვარდისთვის ეს მძიმე რამაა. ამიტომაც, როცა დავიდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვან დერ სარს აუღებელი დაურტყა, საკუთარ წარმატებაზე მეტად გამიხარდა.
- გასულ სეზონში, ყველაზე მეტად “რეალის” დამარცხება გაგიჭირდათ?
- არა, “ვილიარეალის”, “კამპ ნოუზე”. მადრიდელებს რაც შეეხება, ცხადია, მათი ძლევა იოლი არ იყო, მითუმეტეს, “რეალს” ფეხბურთის თამაში არ სურდა. ანალოგიური სტილით გვეთამაშა “ვალენსიაც”. ამგვარი განწყობით მოასპარეზე გუნდის წინააღმდეგ თამაში ძნელიცაა და არასასიამოვნოც. ჩემი აზრით, “ბარსელონას” სათამაშო სტილთან ყველა ახლოს “ვილიარეალია”. კასორლას, ბრუნოს, ბორხა ვალეროს, ნილმარს, როსისა და მათ პარტნიორებს ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.
- სეზონის პირველ შეხვედრას ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” ჩაატარებთ...
- უკვე მოუთმენლად ველი მოურინიოს გუნდთან მორიგ დაპირისპირებას. გარწმუნებთ, მადრიდელებთან სათამაშოდ, მინდორზე დიდი ანდენალინით გავალთ.
გოჩა კაჭარავა