“ბარსელონა” და ხავი უკვე დიდი ხანია განუყოფელი მცნებებია, რადგან გუნდის “ძრავის” გარეშე კატალონელთა თამაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ესპანეთის ეროვნული ნაკრების 30 წლის შემტევი ნახევარმცველი, სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ხოსეპ გვარდიოლა ყოველთვის ბოლომდე ენდობა და “ბარსას” ბოლოდროინდელ წარმატებეს თუ გავიხსენებთ, არც ცდება. კატალონიელთა მეპასეს ტრადიციულად თავი არც გასულ შაბათს “ელ კლასიკოში” შერცხვენია და უმთავრეს კონკურენტთან მადრიდში სამი ქულის აღებაში დიდი წვლილ დაიდო. სწორედ, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა ხავიმ ესპანურ გამოცემა lavanguardia-სთან.
- “ელ კლასიკოს” შემდეგ მადრიდში რატომ დარჩით?
- დოპინგ-კონტროლი უნდა გამევლო და გარდა ამისა, მწვრთნელმა ერთი დღით დაგვასვენა. მადრიდში დარჩენას არ ვგეგმავდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა მოულოდნელად მომეცა. ჩემთან ერთად ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ, ამიტომ გვარდიოლასგან ნებართვა ავიღე. საქმე ისაა, რომ ახლობლების წრეში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. დავინახე, რომ მადრიდში “ბარსას” იმაზე უფრო მეტი ადამიანი გულშემატკივრობს, ვიდრე მეგონა. ბევრი მოლოცვა მივიღე, მათ შორის “რეალის” ქომაგებისგან. ზოგიერთმა მითხრა კიდეც: “საუცხოოდ თამაშობ, გადმოდი მადრიდში”.
- ალბათ, ასეთი სიტყვების მოსმენა სასიამოვნო იყო?
- “ბარსელონას” საუცხოო პერიოდი უდგას. იდეალურ სათამაშო ფორმაში ვართ და ამით უნდა ვისარგებლოთ. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია თანაგუნდელს დაეყრდნოს. ამ ფორმაციის “ბარსელონაში” თამაში ნამდვილი სიამოვნებაა. გასულ წელს მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით. გვარდიოლა მოტივაციას გვაძლევს, რომ არ მოვდუნდეთ და არ “მივიძინოთ”. ის საკუთარ ენთუზიაზმს გადმოგვცემს. როდესაც დატუქსვაა საჭირო, არც ამას ივიწყებს, მაგრამ ყველაფერს კულტურულად აკეთებს და პატივისცემას არავის მიმართ კარგავს. ის “ბარსასთვის” იდეალური მწვრთნელია, რადგან დიდი ცოდნა აქვს, რადგან “ჩვენიანია”, რადგან ყველაფერი იცის იმ მიწის შესახებ, რომელზეც დადის. მისი გამოჩენის შემდეგ, გუნდი ნამდვილ წარმოდგენებს დგამს.
- ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც ოდესმე გყოლიათ?
- დიახ, ის საუკეთესოა და ლუის არაგონესს უტოლდება. იგი ბრწყინვალე ტაქტიკოსია, თამაშს კარგად აკონტროლებს და მეტოქის სვლებს წინასწარ ისე “კითხულობს”, როგორც სხვა არავინ. სამუშაო, რასაც იგი თავის გუნდთან ერთად სწევს, წარმოუდგენელია. გვარდიოლა ხომ მარტო არაა – ტიტო ვილანოვა გუნდის სტრატეგიის განსაზღვრაში ეხმარება, აურელიო ალტიმირა და პაკო სეირულო პასუხს ფიზმომზადებაზე აგებენ, ემილიო რიკარტი და ხუანხი ბრაუ რეაბილიტაციის სპეციალისტები არიან. ეს ნამდვილი გუნდია. ვიდეომასალა, რომელსაც ისინი მეტოქის შესახებ ამზადებენ, კონკრეტული და ზუსტია. ამასთანავე, გვარდიოლა ნამდვილი ლიდერია. თანამედროვე მწვრთნელი ფსიქოლოგი უნდა იყოს და ის სწორედ ასეთია. მას შეუძლია თქვენი ყურადღება ერთი სიტყვით მიიპყროს.
- როდესაც “ბერნაბეუზე” მატჩის წინ სათამაშო ტაქტიკას გიხსნიდათ, რაიმეთი ხომ არ გაგაკვირვათ?
- მადრიდელების წინააღმდეგ არჩეულ ტაქტიკას თავისი ახსნა აქვს. მეტოქეს სურდა, რაც შეიძლება უკნიდან გვეთამაშა და ჩვენთვის სივრცე შეეზღუდა. ამიტომ, გვარდიოლას აზრით, თუ დანი ალვეშს მარჯვენა ნახევარმცველად ათამაშებდა, ხოლო პედროს მარცხნიდან დააყენებდა, ორივე ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელები გვეყოლებოდა, რაც “რეალის” ოთხივე მცველს შეტევაში ნაკლებად ჩართვის საშუალებას მისცემდა, ხოლო ჩვენ ზონები გაგვითავისუფლდებოდა. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ. ანგარიში რომ გავხსენით, ყველაფერი შეიცვალა, რადგან ახლა ბურთი უფრო მეტად უნდა გვეკონტროლებინა და მეფლანგეების როლი ნაწილობრივ შესუსტდა. გვარდიოლამ ეს შენიშნა და შეცვლები გააკეთა. ის მოედანზე არსებულ სიტუაციას მომენტალურად “კითხულობს”. ამჟამინდელი ფეხბურთი მოზაიკაა, რომლის თითოეული შემადგენელი ნაწილი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, ხოლო გვარდიოლამ იცის ამ ნაწილებით მანიპულირება.
- თქვენს საფეხბურთო ცხოვრებაში იდეალური პერიოდი დგას?
- ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ასეთი პერიოდია. ყველამ ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და გუნდისთვის რა მსხვერპლი უნდა გავიღოთ. ჩემს გვერდით მესი, ინიესტა, პედრო, ბუსკეტსი, კეიტა და ტურე თამაშობენ. საიმედო დაცვის ხაზი გვყავს მეკარე ვალდესთან ერთად. საუკეთესო პარტნიორები მყავს და სხვა არაფერი მინდა. მოგებულმა ტიტულებმა თავდაჯერება შეგვმატა. გამარჯვებები ფეხბურთელის ცხოვრებას ცვლის, რადგან თავს პატივს მეტად სცემ, გრძნობ, რომ უფრო საჭირო ხარ და გაფასებენ.
- გრძნობთ, რომ კონკრეტულ საფეხბურთო იდეას ქადაგებთ?
- ამას თითოეული ჩვენთაგანი გრძნობს. ამ საფეხბურთო იდეას ცხოვრებაში უკვე არაერთი წელიწადია ვახორციელებთ და გამარჯვებები ორმაგ სიამოვნებას გვანიჭებს. წლების წინ საუბრობდნენ, რომ ასეთი სათამაშო სტილი მოძველებული იყო და უფრო მეტი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე უნდა გაგვეკეთებინა, ხოლო გუნდში ტანმაღალი ფეხბურთელები მიგვეწვია. საბედნიეროდ, ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ნიჭი ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს და გამარჯვება ტექნიკის ხარჯზეც შეიძლება. რაც საბოლოოდ მატჩის ბედს წყვეტს - ნიჭია. ბოლო პასი, პასი სიღრმეში, მესის თამაში - წმინდა წყლის ნიჭია და სწორედ ესაა აუცილებელი.
- ზუსტ პასებს რომ თვლიდნენ, კონკურენტი ნამდვილად არ გეყოლებოდათ...
- მართალია, პასი ჩემი კოზირია და ყოველთვის გამთამაშებელი ვიყავი, მაგრამ დიდად ვარ დამოკიდებული პარტნიორებზე, რომლებიც საქმეს გაცილებით მიადვილებენ. როდესაც ბურთს ვიღებ და არავინაა “გახსნილი”, უნდა მოვტრიალდე რათა შეტევის მიმართულება შევცვალო. თუ მესი თავისუფალია, მაშინ ბურთს მას ვაძლევ. პედროს მიერ გატანილი მეორე გოლის დროსაც ასე მოხდა - ბურთი მივიღე და მაშინვე კარგი პასი მივეცი, თუმცა ჯერ მეურვისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი. ასე იყო კიდევ ორ ეპიზოდში, როდესაც გოლი ვერ გავიტანეთ. პასი მაშინაა ხარისხიანი, როდესაც პარტნიორს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს.
- ისე სჩანს, რომ ამ ფორმაციის “ბარსელონას” შესაძლებლობები ამოუწურავია და სეზონის დასკვნით ეტაპს ძალებით სავსე ხვდებით. გასახდელშიც ასე ფიქრობთ?
- საქმე ისაა, რომ ძლიერები ვართ და ამას ვგრძნობთ. “არსენალის” წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ “რეალთან” შეხვედრა იდეალურად ჩავატარეთ. ეს დიდ მუხტს გვაძლევს, რომ საკუთარი ძალები ვირწმუნოთ. თვითკმაყოფილების გრძნობა არ უნდა დაგვეუფლოს. კარგად მაშინ გამოვიყურებით, როდესაც იმას ვაკეთებთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. თუმცა, თუ მოვდუნდებით და აღარ მოვინდომებთ, მაშინ, ჩვეულებრივ გუნდს დავემსგავსებით. ორი ტიტულის მოპოვებამდე ერთი ხელის გაწვდომაა, რაც ენერგიას გვმატებს.
- “ბერნაბეუზე” წარმატებას ზედიზედ მეოთხედ მიაღწიეთ. ამ გამარჯვებებიდან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი იყო, როდესაც ანგარიში 6:2 დაფიქსირდა, თუ როცა გოლი გაიტანეთ, ან კიდევ სხვა?
- ჩემთვის ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია. თუმცა, შარშანდელი წარმატება (6:2) მართლაც ეფექტური იყო, არა მხოლოდ შედეგის, არამედ, თამაშში ჩვენი უპირატესობის გამო. გასულ შაბათს ასეთი უპირატესობა არ გვქონია. მიუხედავად ამისა, “ბერნაბეუზე” გამარჯვება, ყოველთვის განსაკუთრებულ ემოცებს ბადებს, რომელთა ენით გადმოცემა ძნელია. ასეთ დროს გრძნობ, რომ კიდევ რაღაცის მოგება შეგიძლია.
- ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ თავდაუზოგავად შრომა უნდა გააგრძელოთ. თქვენთვის ეს საკვანძო მომენტია?
- შრომას როდესაც ვწყვეტთ, ვერაფერს ვაღწევთ. როგორც კი ერთი ფეხბურთელი აღარ დარბის, ეს მთელ გუნდს ეტყობა. მოედანზე ყველამ უნდა იმუშაოს, ნომერ პირველი ფეხბურთელის ანუ მესის თავკაცობით. სხვათაშორის, ლეომ ეს კარგად იცის და თავად აძლევს სხვებს მაგალითს.
- მან ეს მადრიდშიც დაამტკიცა, როდესაც დაცვაში ისე იმუშავა, რომ პიკემ ტაშიც კი დაუკრა..
- ის გუნდს ყოველთვის ეხმარება. იმის დანახვა თუ როგორ გაიღებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გუნდისთვის მსხვერპლს, წარმოუდგენელია. როდესაც იგი ასეთი მოტივირებულია, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ მხარი ავუბათ.
- “არსენალთან” მატჩის შემდეგ თქვით, რომ “ბარსელონას” მომავალი მესიზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში რას გულისხმობდით?
- როდესაც გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გყავს, რომელიც 22 წლისაა და უმაღლეს დონეზე თამაშობს, იმის თქმა შეგიძლია, რომ გუნდის მომავალი 60 ან 70 პროცენტით ლეოზეა დამოკიდებული. კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთმა მოთამაშემ ოცნება არ შეწყვიტოს. მსგავსი ფეხბურთელის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მას რაღაც არ მოსწონს, ადრინდელივით არ გაირჯება. ამიტომ, მასზე ზრუნვაა საჭირო, რადგან სათამაშო კიდევ ბევრი აქვს. სავსებით ნათელია, რომ ის “ბარსას” მომავალია.
- მატჩის შემდეგ, მიქსზონაში რაულს რის შესახებ ესაუბრებოდით?
- მან გამარჯვება მომილოცა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ის ფანტასტიკური ადამიანია. გასულ სეზონში, როდესაც მორიგ ტიტულს ვიგებდით, ყოველთვის მილოცავდა. ჩვენ, მომავალზე, დიად გუნდებზე, ფეხბურთზე და პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობთ ხოლმე. ცოტა ხნის წინ, მას გოგონა შეეძინა და უკვე ხუთი შვილი ჰყავს. რაული კარგად აღზრდილი პიროვნებაა და საუცხოო ოჯახი ჰყავს.
- ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დაპირისპირება მილანის “ინტერთან” გიწევთ, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდით. რას იტყვით მომავალი მატჩის თაობაზე?
- “ინტერმა” მოუმატა და ძალიან რთული 1/2-ფინალი გველის, რომელშიც ერთმანეთს თანაბარი ძალის გუნდები ხვდებიან. კლდესავით მეტოქე გვყავს. მილანელები უკანა ხაზში ძლიერები არიან და ჩვენ თამაშსაც კარგად იცნობენ. ვფიქრობ, მომავალი შეხვედრების წინ, უპირატესობა არცერთ გუნდს არ აქვს.
- ჩემპიონთა ლიგაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, თქვენთვის ფინალში ლუის ვან გაალის “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოვლენა იქნება, ვინაიდან “ბარსელონას” პირველ გუნდში კარი სწორედ ამ ადამიანმა გაგიღოთ?
- რა თქმა უნდა. ვან გაალს ძალიან ვაფასებ. ზოგჯერ გვარდიოლასთან შედარებით უპირატესობას მე მანიჭებდა, არადა, მხოლოდ 18 წლის ვიყავი. მან აქცენტი ჩემზე გააკეთა, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. ის “დიდი” ადამიანია, მიუხედავად თავს დატეხილი კრიტიკისა. უბრალოდ, მაშინ “ბარსელონას” ცუდი დრო ედგა. ვან გაალი დიადი მწვრთნელი და სტრატეგია, რომელიც კარგად გვიცნობს. თუ ვივარაუდებთ, რომ ფინალში გავალთ და “ბაიერნს” შევხვდებით, ვფიქრობ, გაგვიჭირდება, რადგან იგი მატჩებს საუცხოოდ აანალიზებს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა