ინტერვიუები

10:21 | 3.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხავი: "ესპანეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი ფერნანდო ტორესია"

“ბარსელონას” ვიცე-კაპიტანმა ხავი ერნანდესმა მეტად საყურადღებო ინტერვიუ მისცა ბარსელონაში გამომავალ გაზეთ SPORT-ს. ჩვენც ყოველგვარი შესავლის გარეშე კატალონელი შუახაზელისა და მასმედიელის დიალოგის თარგმანს შემოგთავაზებთ.
- ამას წინათ განაცხადეთ, რომ სესკ ფაბრეგასი მალე “ბარსელონაში” გადავა. დარწმუნებული ხართ ამაში?
- დიახ და ყველანიც დარწმუნდებით, როცა ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი სესკი ჩვენს კლუბთან ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს. ჯერ კიდევ 2 წლის წინ განვაცხადე, ფაბრეგასი ადრე თუ გვიან კარიერას “კამპ ნოუზე” რომ გააგრძელებდა, დღეს კი საამისო დრო დადგა. ამის უპირველესი წინაპირობა კი ისაა, რომ შინ დაბრუნება თავად ფეხბურთელის სურვილია. როცა მოთამაშეს რომელიმე კლუბში გადასვლა სწადია, მის სპორტულ კარიერაში ეს აუცილებლად მოხდება. სესკი აუცილებლად ითამაშებს “ბარსელონას” მაისურით.
- ჟოზე მოურინიოს “რეალში” მისვლას რა კომენტარს მისცემდით?
- შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ამბავმა გამახარა. პორტუგალიელის მადრიდში მისვლა ბარსელონელთათვის დამატებით მოტივაციად გადაიქცევა. ცხადია, “რეალი” სერიოზული კონკურენტი იქნება პირველობისთვის ბრძოლაში, მაგრამ უწინაც ასე არ იყო? 2 წელია კასტილიელებს ვაწბილებთ. გაიხსენეთ, როგორი ტრანსფერები გაჩარხა “რეალმა” გასულ ზაფხულს, მაგრამ ჩვენს უმთავრეს ოპონენტს ვერც ახალმა 7 ვარსკვლავმა უშველა. იმედია, მომდევნო სეზონშიც ასე იქნება და პრიმერას გვარდიოლას გუნდი მოიგებს და არა მოურინიოსი.
- პორტუგალიელი სპეციალისტი თამამი, საკმაოდ ხშირად პროვოკაციული გამოთქმებით ცდილობს მოწინააღმდეგეზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენას. ეს ამბავი არ გაშინებთ? ხომ არ გამოგიყვანთ წონასწორობიდან მოურინიოს გამონათქვამები?
- მისი “ჩხვლეტების” არ გვეშინია. კარგად ვიცნობ პორტუგალიელის ფსიქოლოგიას. მოურინიოს დაძაბულ ატმოსფეროში მოსწონს საქმიანობა და ასეთ დროს, სიტუაციას სათავისოდ იყენებს ხოლმე. ამასთან, არ ვიქნები ობიექტური თუ არ ვაღიარებ – ჟოზე მოურინიო ფეხბურთის ბრწყინვალე მცოდნე და მაღალი რანგის მწვრთნელია. მისი სახით “რეალმა” უმნიშვნელოვანესი შენაძენი გააკეთა.
- არც თქვენ ყოფილხართ გულხელდაკრეფილი. “ბარსელონამ”  ხომ დავიდ ვილია დაიმატა...
- ვილიამ შედეგიანობას რომ უკლოს, მაინც ბრწყინვალე ფეხბურთელად დარჩება. იმედია, “კამპ ნოუზე” იგი უფრო მეტ გოლს გაიტანს, ვიდრე “მესტალიაზე” გამოსვლისას ახერხებდა.
- დავიდი ახალი კლუბის თაობაზე თუ დაინტერესდა თქვენთან საუბრისას?
- დიახ, თუმცა, უფრო მეტ კითხვას პეპ გვარდიოლას თაობაზე მისვამდა. მე მას პირდაპირ განვუცხადე, რომ “ბარსას” მთავარ მწვრთნელთან ერთობლივი მუშაობა მას უდიდეს კმაყოფილებას მოუტანს. რაც მთავარია, ვილია სათამაშო კლასს კიდევ უფრო აიმაღლებს.
- რა ბედი ეწევა იბრაჰიმოვიჩს?
- ვერ გეტყვით. იბრას ერთადერთი რჩევა შემიძლია მივცე – თავი ბედნიერ ადამიანად და ფეხბურთელად ჩათვალოს. თუკი მას ასე არ მიაჩნია, უმჯობესია სხვა კლუბი ეძებოს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ზლატანს “ბარსადან” წასვლის სურვილი არავისთან გამოუთქვამს.
- ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, არ გაგიკვირდეთ “ბარსელონამ” ხავი ერნანდესი ტრანსფერზე რომ დააყენოსო...
- ამ სისულელის კომენტარი საჭირო არაა, მხოლოდ ერთს მოგახსენებთ – “ბარსელონასთა” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული.
- 7 წლის წინ პირადად ჩვენთვის გაქვთ ნათქვამი, შესაძლოა, “კამპ ნოუდან” დამითხოვონო...
- გაიხსენეთ, რომელ პერიოდზეა საუბარი. ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში ვერაფერს ვიგებდით, მე კი 23 წლისა გახლდით. იმხანად ჩემი “ბარსადან” წასვლის ამბავი მართლაც რეალური ჩანდა, ისევე, როგორც ვალდესსა და პუიოლთან განშორება.
- ლაპორტასთან მუდმივი კონტაქტი გაქვთ?
- ჩემი აზრით, იგი იდეალური საკლუბო პრეზიდენტია. მისგან ძალიან დავალებული ვარ. ლაპორტა მოთამაშეებს ყოველთვის კარგად გვექცეოდა და ჩვენს ინტერესს იცავდა.
- ამბობენ, ლაპორტას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ხავი ერნანდესთან აქვსო...
- დიახ, ასეა და ამით ვამაყობ. ლაპორტასთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, რაც უპირველესად მისი დამსახურებაა. მახსოვს, ერთხელ ცალკე გამიხმო და მითხრა, ხავი, შენ საუკეთესო ხარო. ცოტათი შემრცხვა კიდეც, ვიფიქრე ხომ არ აჭარბებს-თქო, მაგრამ, ვფიქრობ, ლაპორტასთვის საიმისო საბაბი არასდროს მიმიცია, ჩემთვის საყვედური ეთქვას ან თამაშით დარჩენილიყო უკმაყოფილო. თუკი მას საუკეთესო ფეხბურთელად მივაჩნივარ, მე ლაპორტას საუკეთესო პრეზიდენტად ვთვლი.
- მომდევნო სეზონში პირ¬ველობის შენარჩუნება კიდევ უფრო უნდა გაგიჭირდეთ...
- პრიმერას მოგება არასდროს ყოფილა იოლი. შარშანაც იგივეს გვიყიჟინებდნენ, შარშანწინაც... სადღეისოდ “ბარსელონაში” ბრწყინვალე ფეხბურთელთა კოჰორტაა შეკრებილი, რომელთაც არაფერი გვაკლია, მუდამ პირველობის ამბიციის ჩათვლით. რაც მთავარია, სათავეში პეპ გვარდიოლა გვიდგას, რომელსაც “ბარსელონას” გუნდური მექანიზმის მუშაობის საკვანძო ნაწილად ვთვლი. ობიექტურად, ასეცაა. პეპი ძალიან გვჭირდება და ღმერთ შევთხოვ, “ბარსელონაში” კიდევ დიდი ხნით იმუშაოს. იმედია, საამისო სურვილი ჩვენს მთავარ მწვრთნელს არ გაუნელდება.
- კარსმომდგარი მუნდიალის წინ, სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. სამუშაო პროცესში დელ ბოსკე და გვარდიოლა ერთმანეთს გვანან?
- დიახ. ორივეს უზომოდ უყვარს ფეხბურთი, თავისი საქმე იციან და მოკრძალებული ადამიანები არიან. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთელთა საერთო საქმისადმი დარაზმვა შეუძლიათ. დელ ბოსკესა და გვარდიოლას ორატორული ნიჭითაც შეუძლიათ მოთამაშეებისთვის სანაკრებო თუ საკლუბო პატრიოტიზმის შთაგონება.
- ესპანეთს მუნდიალის მოგება ხელეწიფება?
- საამისოდ ყველა წინაპირობაა. ცხადია, ტურნირის ერთადერთი ფავორიტი “ფურია როხა” არაა, მაგრამ ევრო2008-ზე გამოსვლამ და მოპოვებულმა წარმატებამ გამოცდილებაც შეგვძინა და მორალური მდგრადობაც. ეს კი უმნიშვნელოვანესი რამაა – მსოფლიოს ჩემპიონატზე ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება გახდეს.
- მუნდიალზე ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი გაიბრწყინებს?
- ლეო მესი. ვფიქრობ, ეს “მისი” ჩემპიონატი იქნება. თუმცა, პარტნიორთა სათანადო მხარდაჭერის გარეშე ისეთი საფეხბურთო გენიოსიც კი ვერაფერს გახდება, როგორიც მესია.
- ესპანეთის ნაკრებს თუ ჰყავს “თავისი მესი”?
- ფერნანდო ტორესი. “ელ ნინიო” “ფურია როხას” გამორჩეული მოთამაშეა. ისე კი, ვილიასაც შეუძლია კონკრეტული მატჩის ბედის განსაზღვრა.
- მომდევნო მუნდიალის მსვლელობისას 34 წლისა იქ¬ნებით, ამიტომ, წესით და რიგით, საუკეთესო თვისებების გამოვლენას სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე უნდა ეცადოთ...
- ასეც იქნება, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე ასპარეზობაც მწადია. მომავალ ტურნირს რაც შეეხება, ვფიქრობ, ფორმის პიკს მივაღწიე. 2002-ის მუნდიალზე არ მითამაშია, ევროპის გასულ პირველობას ტრავმისგან ახალი მორჩენილი შევხვდი, წლევანდელ ჩემპიონატს განსაკუთრებული იმედით ვხვდები.
- მართალია, თითქოს ნაკრების წევრებს ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელებში შესვლა აგიკრძალეს?
- გითხრათ სიმართლე, facebook-ისა და twitter-ის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ინტერნეტში ახალ ამბებს ვეცნობი ხოლმე. არ გაგიკვირდეთ და “ბარსას” თაობაზეც ბევრ სიახლეს კომპიუტერის მეშვეობით ვიგებ.

გოჩა კაჭარავა

0.117458