ინტერვიუები

10:06 | 4.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხაუმე ფერერი: "ბარსას" ბირთვს კლუბის აღზრდილები უნდა შეადგენდნენ"

კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა კანდიდატმა, ხაუმე ფერერმა მზადყოფნა გამოთქვა გულშემატკივრების მიერ ონლაინ-რეჟიმში დასმულ კითხვებზე ეპასუხა. წარმოგიდგენთ ინტერვიუს, რომელიც შედგენილია ვებ-გვერდ “Formspring”-იდან აღებული კითხვა-პასუხით.

- რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ყველა, ვინც კი არჩევნებზე კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა, 2003 წელს კლუბის სათავეში მოსული ლაპორტას გუნდის წევრი იყო? იქმნება შთაბეჭდილება, რომ დირექტორთა საბჭოში ადგილის მოპოვება საჭიროა შემდეგში პრეზიდენტობისთვის.
- მართალია, კანდიდატების უმრავლესობა 2003 წელს ხუნტას წევრები იყვნენ. ჩემის აზრით, მთავარი ის კი არაა, საიდან მოდიან კანდიდატები, არამედ ის, რომ ხალხს დიდი არჩევანი ექნება.
- როგორც “ბარსელონას” კლუბის წევრს, ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია ვის მივცე ხმა. არ მსურს სპორტული დირექტორის პოსტზე კვლავ ვიხილო ჩიკი ბეგირისტაინი და ესაა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი...
- ჩვენი გეგმა მოიცავს კლუბის იმ სპორტული მოდელის გამყარებას, რომელმაც გუნდს ერთი წლის განმავლობაში 6 ტიტული მოუტანა. ჩემი აზრით, ტექნიკურმა დეპარტამენტმა და ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მათ წარმატებების მიღწევა კვლავ შეუძლიათ. ასე რომ, ტექნიკურ დეპარტამენტში ცვლილებები საჭირო არაა.
- ზოგიერთი ადამინი თვლის, რომ მოქმედი დირექტორთა საბჭოდან ორი კანდიდატის წამოყენება წინასწარ დაგეგმილი პროცესია. შეგიძლიათ მოგვცეთ პირობა, რომ არჩევნებამდე საკუთარ კანდიდატურას გოდალის სასარგებლოდ არ მოხსნით?
- შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საკუთარ კამპანიას და სპორტულ პროექტს თავად ვხელმძღვანელობ. თუმცა, ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ ის ხალხი, რომლებსაც ჩვენთან ერთად მუშაობა მოუნდებათ.
- პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რომელი ფეხბურთელების შეძენას ისურვებდით?
­- ვფიქრობ, ჯერ საჭიროა ზოგადად პროექტზე საუბარი და არა კონ-კრეტულ გვარებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრანსფერებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებენ მწვრთნელი და სპორტული დირექტორი.
- ითანამშრომლებთ სანდრო როსელთან?
- ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომლის დროსაც ყველა კანდიდატმა უნდა მოამზადოს თავისი პროგრამა და იგი ხალხს წარუდგინოს.
- როგორც უმრავლესობას, თქვენც გსურთ მთავარ მწვრთნელად გვარდიოლას დარჩენა, მაგრამ თუ იგი წავა, ვის მიიჩნევთ სათანადო შემცვლელად?
- ცოტა ხნის წინ, გვარდიოლასგან შესანიშნავი სიახლე გავიგეთ. ჩვენთვის მის მიერ ნათქვამ სიტყვას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ნათელია, რომ იგი ნომერ პირველი არჩევანია.
- თვლით, რომ მრავალმილიონიანი შენაძენები (კაკა, კრიშტიანუ რონალდუ, იბრაჰიმოვიჩი) აუცილებელია თანამედროვე ფეხბურთში, თუ “ბარსელონა” კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამგვარ ტრანსფერებს?
- გვჯერა, რომ გუნდის ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ კლუბის სკოლის აღზრდილები, რომლებიც ფეხბურთელებად ჩვენს ახალგაზრდულ გუნდებში ჩამოყალიბდნენ. უცხოელი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან იქნებიან მოწვეულნი, უნდა იყვნენ უმაღლესი კლასის მოთამაშეები და მათ უნდა შეეძლოთ გუნდის საერთო დონის ამაღლება.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.122364