სტატიები

16:03 | 6.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხარკოვის კარიბჭე

ევროპის ჩემპიონატისთვის უკრაინაში უსაფრთხოების ზომები რომ გამკაცრებულია, ხარკოვის აეროპორტიდანვე იგრძნობა. ადგილზე ჩასულმა, ვიდრე ქვეყანაში შესვლის ნებას დამრთავდნენ, საფუძვლიანი შემოწმება გავიარე. კერძოდ, როცა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პასპორტი წარვადგინე და აღმოჩნდა, რომ უკრაინაში პირველად ვიმყოფებოდი, აეროპორტის დაცვის თანამშრომლებმა იქვე მდგომ მამაკაცს უხმეს, რომელიც სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი. მან ვიზიტის მიზნის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. როდესაც შეიტყო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მით უმეტეს, უეფადან აკრედიტებული, სადღაც გადარეკა და ამის შემდეგ, პრობლემა აღარ შემქმნია.

ხარკოვში ჩასული ვერ იტყვი, რომ ქალაქში ევროპის ჩემპიონატის მოახლოება იგრძნობა და არც აეროპორტი ყოფილა ტურისტებით სავსე. იგივე დამიდასტურა ტაქსისტმაც, რომელმაც დანიშნულების ადგილზე მიმიყვანა. სხვათა შორის, სიარული შემოვლითი გზებით მოგვიწია, რადგან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ზოგიერთი ქუჩა გადაკეტილია და ტაქსისტმაც საცობებს თავი აარიდა.

ნათქვამია, აეროპორტი ქვეყნის კარიბჭეა და მისი გაცნობა სწორედ აქედან იწყებაო. ევროპის ჩემპიონატი ქვეყნის ინფრასტრუქტრურის განვითარებას ხელს რომ უწყობს, ამის ნათელი მაგალითი აეროპორტი “ხარკოვია”. ევროპის პირველობისთვის ხარკოვში ახალი ტერმინალი ააშენეს, რომლის ფართობი 20000 კვადრატული მეტრია და საათში 2550 მგზავრის მიღება შეუძლია. თვიმფრინავიდან ჩამოსულს, თვალში ევროპირველობის ბანერთან ერთად გხვდება წარწერა: “FC METALIST WELCOME”. “მეტალისტი” ხარკოველთა სათაყვანებელი გუნდია და ეს წარწერაც ბუნებრივია. აეროპორტში ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა და მუშებიც თავის მოვალეობას ხარკოვში ჩემი ჩასვლის მომენტშიც ასრულებდნენ. ადგილობრივების თქმით, შედარებაც არაა, როგორ გამოიყურებოდა აეროპორტი მანამდე და როგორ გამოიყურება ამჟამად.

აქვე გეტყვით, რომ ძველი ტერმინალიც გარემონტებულია და ვიპ-სტუმრების მისაღებადაა გამზადებული – საათში 250 კაცის მასპინძლობა შეუძლია. გარდა ამისა, დროებით კიდევ ერთი ტერმინალია აგებული, რომელსაც საათში 1000 ადამიანს ატარებს. ევრო-2012-ის შემდეგ, მას ტვირთების მიმღებ ტერმინალად გადააკეთებენ. ერთი სიტყვით, თუ აეროპორტის თანამშრომლებს დავუჯერებთ, “ხარკოვი” ევროპის ჩემპიონატის სტუმრების მისაღებად მზადაა და რამდენიმე საათის განმავლობაში აეროპორტის მომსახურებით ერთბაშად 25000 ადამიანს შეუძლია ისარგებლოს – ეს 100-120 თვითმფრინავია. აეროპორტზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ერთად ევრო-2020-ის მასპინძლობა სურს და ამისთვის ხარკოვის მაგალითს თუ ავიღებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასაკეთებელი საქმე ცოტა ნამდვილად არ იქნება.

რაც შეეხება ქალაქს, ჯერჯერობით რაც ვნახე, ვერ ვიტყვი, რომ ევროპული ტიპისაა. მისი შემხედვარე, ტიპური საბჭოთა ქალაქი გაგახსენდება. სხვათა შორის, გზები იდეალურ მდგომარეობაში ნამდვილად არაა, ყოველ შემთხვევაში, ქალაქის ცენტრს მიღმა. მაგალითად, ტრავმაის გზებზე ისეთივე ორმოებია, როგორიც თბილისშიც ბლომად გვინახავს რამდენიმე წლის წინ, ვიდრე ტრავმაი მოძრაობდა. ხარკოვში ჰაერის ტემპერატურა პლუს 25 გრადუსია და როდესაც ჩავფრინდი, შხაპუნა წვიმამაც დაუშვა.


 

ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან
 

0.127417