ბელარუსის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანდრე ხაჩატურიანმა გამოცემა “პრესბოლთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის სტარტზე თანაგუნდელებთან ერთად თბილისში გამარჯვებისთვისაა განწყობილი.
- მიღებულია თქმა, რომ სამუშაოს კარგი დასაწყისი უკვე ნახევარი საქმეა. თბილისში რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?
- ჩემთვის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ გამარჯვება იქნება. საერთოდ, მთელი ნაკრები ასეა განწყობილი.
- მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ორი საგარეო მატჩით იწყებთ. ეს კარგია თუ ცუდი?
- მომავალი გვაჩვენებს. შესაძლოა, ნორმალურია, რომ სასტარტო მატჩებს სტუმრად ვითამაშებთ. როგორც იტყვიან ძალებს მოვსინჯავთ. შემდეგ სახლში უფრო გაგვიადვილდება.
- საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, რა ფორმაშიც უნდა იყოს. ქართველების შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?
- განსაკუთრებული არაფერი, გარდა იმისა, რაც მწვრთნელმა სომხეთთან თამაშის წინ გვითხრა: ისინი ქართველებს სათამაშო სტილით რაღაცით გვანანო. სულ ეს არის, რაც ვიცი. უახლოეს დღეებში თეორიულ მეცადინეობაზე ყველაფერს გვეტყვიან და გვაჩვენებენ.
ხაჩატურიანი მინსკშია დაბადებული და სოლიგორსკის “შახტიორში” თამაშობს. მას სომხეთის ნაკრებში იწვევდნენ, მაგრამ არჩევანი ბელარუსების სასარგებლოდ გააკეთა. სხვათა შორის, გეორგი კონდრატიევის გუნდში ხაჩატურიანის დებიუტი სწორედ სომხების წინააღმდეგ, 15 აგვისტოს ერევანში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში შედგა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს. მაშინ, მოედანზე გასულ ხაჩატურიანს ადგილობრივი გულშემატკივრები გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ.
ლაშა თაბაგარი